„დუბლინელებიდან“ „ულისემდე“
ჯეიმზ ჯოისის პირველი რომანი „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ 1916 წელს გამოქვეყნდა. მის გამოჩენას ლიტერატურულ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
„რა ხდება? მე დიდი ხანია დავწერე იგივე, თუმცა გაცილებით უკეთესად“. - წერდა „პორტრეტის“ გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით გაღიზიანებული ხანშიშესული ირლანდიელი მწერალი ჯორჯ მური. იგი XIX საუკუნის 80-იან წლებში დაწერილ თავის რომანს „ახალგაზრდა კაცის აღსარებას“ გულისხმობდა. მური ცდებოდა. მან ვერ დაინახა ის პრინციპული სიახლე, რაც „პორტრეტს“ მისი რომანისაგან და საერთოდ მთელი მაშინდელი პროზისგან განასხვავებდა. მაგრამ ჯოისის ამ ნაწარმოებს დამფასებლებიც მალე გამოუჩნდნენ. „ეს დიდი ლიტერატურაა“ - ასეთი იყო ჰერბერტ უელსის აზრი მაშინ ჯერ კიდევ ფართო საზოგადოებისათვის უცნობი მწერლის რომანზე, ხოლო ამერიკელმა პოეტმა, მოდერნიზმის მეტრად მიჩნეულმა ეზრა პაუნდმა, ფრანგ მთარგმნელს - ლუდმილა ბლოშ სავიცკაიას, რომელიც რომელიღაც ინგლისური რომანად მაჯორემ დეი გლორიამის თარგმნას აპირებდა, ის წიგნი ხელიდან გამოსტაცა, ხელში „პორტრეტი“ შეაჩეჩა და უთხრა: „თქვენ უნდა თარგმნოთ ჯოისის წიგნი და თანაც ახლავე. ამის ბადალი არაფერია დღევანდელ მსოფლიო ლიტერატურაში და ცოტა რამ მეგულება წარსულში“.
მაგრამ სანამ უშუალოდ ამ რომანს შევეხებოდეთ, ურიგო არ იქნება, გავიხსენოთ ჯეიმზ ჯოისის ბიოგრაფიის უმთავრესი მომენტები.
ჯოისი 1882 წლის 2 თებერვალს დუბლინში, ირლანდიის დედაქალაქში დაიბადა მორწმუნე კათოლიკეს ოჯახში. მის მშობლებს თხუთმეტი შვილიდან ათი შერჩათ. ჯეიმზი დედმამიშვილებს შორის ყველაზე უფროსი იყო. მამამისმა - ჯონ ჯოისმა თავის მშობლიურ ქალაქ კორკში მემკვიდრეობა მიიღო. პირველი შვილის დაბადებისას მაღალანაზღაურებად სამსახურშიც - გადასახადების ამკრეფად - მუშაობდა, მაგრამ სმის მოყვარულმა და მფლანგველმა ანდერძით მიღებული ქონება თანდათან გაანიავა და ოჯახს ხშირად უხდებოდა ერთი სახლიდან მეორეში გადასვლა ბინის ქირასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ყოველი გადასვლა კი საყოფაცხოვრებო პირობების გაუარესებას ნიშნავდა. სანამ ასე თუ ისე ეკონომიურად უკეთ იყვნენ, ოჯახმა შეძლო პატარა ჯეიმზი დუბლინის კლონგოუზ-ვუდის იეზუიტურ სკოლაში შეეყვანა, რომელიც ელიტარულ სასწავლებლად ითვლებოდა. მაგრამ სამი წლის შემდეგ ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო იძულებული გახდნენ, მომავალი მწერალი სკოლიდან გამოეყვანათ. შემდეგ ის ცოტა ხნით „ქრისტიანი ძმების“ სკოლაში სწავლობდა, ვიდრე კლონგოუზ-ვუდის ყოფილი რექტორი მამა კონმი, რომელიც ჯოისს ძალიან ნიჭიერ და იმედისმომცემ მოსწავლედ თვლიდა, მას უფრო პრესტიჟულ - ბელვედერის იეზუიტურ კოლეჯში მოწყობაში არ დაეხმარა.
თავიდან ჯოისმა ბელვედერის კოლეჯში თავი გამოიჩინა კარგი სწავლით და ღვთისმოსაობით, რის გამოც იგი წმინდა ქალწულ მერის საძმოს ხელმძღვანელად აირჩიეს, მაგრამ სქესობრივი მომწიფების ასაკში - 14 წლისას - მას მეძავ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, რის გამოც დანაშაულის გრძნობამ შეიპყრო და ეს გრძნობა უფრო გაუძლიერდა, როცა მამა ჯეიმზ ა. გალენმა ბელვედერის კოლეჯში სამარხულო ქადაგება ჩაატარა. ჯოისი მღვდელთან წავიდა მოსანანიებლად და აღსარების სათქმელად. ამის შემდეგ იგი კარგა ხანს გულმოდგინედ ცდილობდა ეკლესიურად ეცხოვრა, რათა დანაშაული გამოესყიდა. მაგრამ დროთა განმავლობაში მისი ღვთისმოსაური გზნება შესუსტდა. მან უარყო სასულიერო კარიერა და სწავლასაც მოუკლო.
1898 წელს დუბლინის საუკეთესო უნივერსიტეტში - ტრინიტი კოლეჯის უნივერსიტეტში შევიდა, რომელიც 1902 წელს ხელოვნების ბაკალავრის დიპლომით დაამთავრა.
მომავალი მწერლის ლიტერატურული მიდრეკილებები ძალიან ადრე გამოვლინდა. დღემდე შემორჩენილია მისი სასკოლო თხზულებები, რომლებშიც დამოუკიდებელი აზროვნებისკენ სწრაფვა იგრძნობა. თვრამეტი წლის ასაკში იგი „ორკვირეულ მიმოხილვაში“ აქვეყნებს სტატიას სათაურით „იბსენის ახალი დრამა“ იმ დროისთვის უკვე სახელგანთქმულ ნორვეგიელ მწერალ ჰენრიკ იბსენზე, რომელიც ჯოისს იმდენად უყვარდა, რომ ნორვეგიული ენაც კი შეისწავლა, რათა მისი ნაწარმოებები ორიგინალში წაეკითხა. სტატია იბსენს ძალიან მოეწონა და მას მადლობის წერილით გამოეხმაურა.
ამ პერიოდში ჯოისი ასევე წერდა პიესებს, ლექსებს და ცდილობდა, კონტაქტი დაემყარებინა ისეთ გავლენიან ირლანდიელ მწერლებთან, როგორიც იყვნენ ჯორჯ რასელი, უილიამ ბატლერ იეიტსი, ლედი გრეგორი და სხვები. ამავე დროს ახალგაზრდა შემოქმედი სამედიცინო კარიერაზეც ფიქრობდა და რადგან უსახსრობის გამო დუბლინში მედიცინის შესწავლის საშუალება არ ჰქონდა, გადაწყვიტა პარიზში წასულიყო სასწავლებლად, სადაც იმედი ჰქონდა, რომ ფულს ინგლისურის მასწავლებლობით იშოვიდა. 1903 წლის აპრილში მას პარიზიდან დუბლინში დაბრუნება მოუხდა, რადგან შეატყობინეს, რომ დედამისი, რომელსაც კიბო ჰქონდა, სიკვდილის პირას იყო. აღდგომის კვირაში დედამ სთხოვა მას, ეკლესიაში აღსარების სათქმელად წასულიყო და ზიარებაც მიეღო. ჯოისმა ეს თხოვნა არ შეასრულა. ამ დროისთვის მისი რელიგიური რწმენა ძლიერ იყო შერყეული. უნდა ითქვას, რომ მას მთელი ცხოვრება აწუხებდა თავისი ეს საქციელი და სინდისის ქენჯნას განიცდიდა. იმავე წლის აგვისტოში დედამისი გარდაიცვალა.
შემდეგი ერთი წელი ჯოისი მუშაობდა ავტობიოგრაფიულ რომანზე „სტივენ გმირი“. ფიქრობდა მომღერლის კარიერაზეც. ცოტა ხნით ისტორიას ასწავლიდა დოლკის