თავი 1
უცნაური გუგუნი ყვირილად და წყევლა-კრულვად იქცა. მერე ისიც გამოჩნდა. ბრბო. ქუჩის თავში. მოსახვევიდან. კეტებითა და ქვებით შეიარაღებული.
– იუდა! იუდა! ჩაქოლეთ! – წივილში გადასული ყვირილით გამოსცდა ბრბო მოსახვევს და ჩემკენ მოგორავს. ადიდებულ, მღვრიე, შავ-ყვითლად აზვირთებულ მდინარესავით. უკვე ძალიან ახლოს არის. საცაა გადამივლის, გადამქელავს.
ვერ ვხვდები, ვის სახელს გაჰყვირიან. მგონი ჩემია. თან არც არის ჩემი. მაგრამ ფიქრის დროც აღარ მაქვს. უნდა გავიქცე. გავრბივარ. ქვევით, ვიწრო ქუჩით. იმ ადგილისკენ, სადაც ქუჩა რამდენიმე, კიდევ უფრო ვიწრო ქუჩად იყოფა. მანამდე ორი მოსახვევიღაა. თუ მივასწარი... თითქოს ვიცი, რატომაც მომდევენ. თან არც ვიცი. თითქოს რაღაც მაწუხებს, მამძიმებს, გასრესას მიპირებს.
გავრბივარ. აი, ისიც. ვიწრო, დაბალსახლიანი ქუჩები. ერთს ვირჩევ და ისევ გავრბივარ. ბრბოს გუგუნი ისევ მომდევს, მაგრამ ახლა ისე გარკვევით აღარ ისმის – ჩაქოლეთ! ჩაქოლეთ!
სულის მოსათქმელად ვჩერდები. ეს ხომ ჩემი სახლია. ქვის თორმეტი საფეხური – თორმეტი ნაბიჯი მიწაში. ჩემი? არა, ჩემი... სადღაც შორს უნდა იყოს. სახლი და კიდევ რაღაც. სახლზე მნიშვნელოვანი.
აქედან ექოდღა ისმის ყრუ გუგუნი. მგონი გადავრჩი. გადავრჩი? ალბათ გადავრჩი, მაგრამ ის რაღაც, ლოდივით რომ მაწევს გულზე, კიდევ უფრო მძიმდება. გასრესას მიპირებს. „ცოდვა... ცოდვა... ცოდვა...“ ადუღებული ზეთის შხეფივით მთუთქავს თითოეული ბგერა. ცოდვა? ჰო, ჰო, შეიძლება, მაგრამ ასეთი მძიმე? ის კი უფრო მძიმდება და მძიმდება. ცოტაც და... „მხოლოდ ასე თუ მოიშორებ“, რბილი, შემპარავი ხმით მარწმუნებს ვიღაც თუ რაღაც. თითქოს ვიცი კიდეც, რას ნიშნავს „მხოლოდ ასე“. მგონი მართლა ვიცი. თანდათან ვიჯერებ, თანდათან ვხვდები, რომ სხვა გამოსავალი არც არის. ჰო, არ არის. ამ გაუსაძლისი ტვირთის მოცილება თუ არა, შემსუბუქება მაინც თუ მინდა...
ძლივს გამოვეგე. კოშმარს კი დავაღწიე თავი, მაგრამ რეალობა არანაკლებ სასიამოვნო გამოდგა. პირი ისე მაქვს გამშრალი, ენის მოტრიალება მიჭირს. პოლიპები ბავშვობაშივე ამომაჭრეს, მაინც პირღია მძინავს. წყალში გავლებულივით ვარ, თოკზე გადასაკიდებელი თეთრეულივით. შუბლზე ოფლის გრილ წვეთებს ვგრძნობ, კისერთან – სისველეს. სველი და წებოვანია ბალიშიც.
წამოვიწიე, ბალიში ამოვაბრუნე და ისევ დავდე თავი, საბნის პირით შევიმშრალე შუბლი. ოდნავ მომეშვა. დანარჩენი თავისით გაშრება, გავიფიქრე და სიბნელეში ხელი ტუმბოზე დადგმული მაღვიძარასკენ გავიწვდინე.
ზრიალი შეწყდა. ზრიალი კი შეწყდა, მაგრამ ახლა შემაწუხებელი სიჩუმე დაგუბდა. ბლანტი და შავი, საავდრო ღრუბელივით მძიმე. ოფლი ნელ-ნელა მაშრება, ნელ-ნელა შრება დანესტიანებული ტვინიც, ზანტად, უხალისოდ იშორებს სიზმრის ნაფლეთებს.
ის იყო, სინათლის ასანთებად წავიღე ხელი, რომ:
– არ აანთო!
დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ სამი წელიწადი გავიდა. მამამ უფრო ადრე მიგვატოვა. ძმა გერმანიაშია და, როგორც ჩანს, მობრუნებას აღარ აპირებს. ეს სამი წელიწადი მარტო ვცხოვრობ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ღამის გასათევად შემთხვევით გაცნობილ ქალს კი არა, ლიკასაც არ ვტოვებ. შეიძლება ვაჭარბებ, მაგრამ რაღაცნაირად სამუდამოდ ერთად ცხოვრებაზე ავანსის გაცემას ჰგავს. არა, სულაც არა ვარ ისეთი, რუსები ჩისტიულიას რომ ეძახიან, ბიჭებს არასოდეს ვეუბნები უარს, შესაბმელებიცა და შებმულებიც აქ მოჰყავთ. უარი მარტო ჩემებზე ვრცელდება.
ჩამრთველთან მიტანილი ხელი ლამის უკან წამოვიღე – ჩემს საკუთარ სახლში, ჩემს საკუთარ ოთახში ვიღაც სინათლის ანთებას მიშლის. მაგრამ ეს შეუძლებელია. ისევ ის კოშმარი კი დამესიზმრა, მაგრამ... მაგრამ არც იმდენსა და არც ისე ხშირად ვსვამ, რომ თეთრი ცხელება მჭირდეს.
მამაკაცის ხმაა. უფრო სწორად, მამაკაცის ხმას ჰგავს. საწერ მაგიდასთან სავარძელი რომ დგას, იქიდან მოდის.
– ჯერ არ აანთო. შევეცდები ყველაფერი აგიხსნა.
გვარში, როგორც ვიცი, შიზოფრენიკი არავინ გვყავს, რაღა მე უნდა დამმართნოდა?
თავი ბალიშიდან არ ამიღია, ისე მივატრიალე საწერი მაგიდისკენ. მაგიდა ფანჯარასთან დგას და რუხ ფონზე ზედ დაწყობილი წიგნებისა და ღამის ლამპის მუქი სილუეტის მეტი არაფერი ჩანს. არც სავარძელი, არც იქვე, ფანჯარასთან, კედელზე დაკიდებული გიტარა... ან როგორ დავინახავ, მაღვიძარა ოთხზე მაქვს დაყენებული.
ყოველი შემთხვევისთვის, მაინც დავხუჭე თვალები, გავახილე და ისევ დავხუჭე. გახელა ვეღარ მოვასწარი:
– დიდი ხანია, არა, რაც მაგ სიზმრებს ხედავ? – სიტყვა „სიზმრები“ ისე თქვა, თითქოს დამცინისო.
ლაპარაკში რომ ავყვე, კარგი ნიშანი არ იქნება, ამას ვხვდები, მაგრამ ჩემი სიზმრისა საიდან უნდა იცოდეს? ვითომ საკუთარ თავს ველაპარაკები? ალბათ...
– არა, ეგრე არ არის, – თქვა ხმამ და კიდევ უფრო შევფიქრიანდი. ნამდვილად საკუთარ თავს ველაპარაკები. – აი, ახლა მხედავ?
თვალი გავახილე, მაგრამ იმ რამდენიმე მუქი სილუეტის გარდა, ისევ ვერაფერი დავინახე.
– არა, ეგრე არა. ეგრე ვერ