მაკულატურა
– წარმოუდგენელია, მე ოდესმე რომანები წავიკითხო! როგორ გეკადრებათ!
ის ბნელ, პირქუშ ბინაში ათასობით წიგნის გარემოცვაში ცხოვრობდა. ვეღარსად ატევდა მათ: იატაკიდან ჭერამდე სიმძიმისგან უკვე ჩაზნექილ სტელაჟებზე ერთსაც კი ვერ ჩატენიდით. აღშფოთებას ვერ მალავდა, თუ ვინმეს აზრად მოუვიდოდა, რომ მას ბელეტრისტიკის კითხვაში დროის უაზროდ გაფლანგვა შეეძლო.
– ფაქტები, მხოლოდ ფაქტები. ფაქტები და აზროვნება, ფაქტების გააზრება. სანამ რეალობას ბოლომდე არ ამოვწურავ, წარმოსახულ სამყაროს ერთ წამსაც კი არ შევწირავ.
მორის პლისონი იშვიათად თუ მასპინძლობდა ვინმეს. მისი სახლის კარი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველასთვის ჩარაზული იყო. მოკლედ, ვერ იტანდა ვიზიტებს. მიუხედავად ამ ახირებისა, დროდადრო, როცა რომელიმე სტუდენტი მისი საგნის მიმართ ჭეშმარიტ ინტერესს გამოავლენდა, პლისონი მოლბებოდა ხოლმე და სასწავლო წლის მიწურულს ინტერესიანი და მიზანდასახული ყმაწვილკაცისთვის ჯილდოდ მოწყალებას გაიღებდა: შეწყალებულს შეეძლო პედაგოგთან ერთად მის სასტუმრო ოთახში ერთი საათი მასლაათში გაეტარებინა, დაბალ მაგიდაზე მორთმეული კათხა ლუდი ნება-ნება ეწრუპა და ზედ რამდენიმე მარცვალი მიწის თხილი მიეყოლებინა. და ყოველ ჯერზე ბინაში გამეფებული ატმოსფეროთი გაოცებული, მხრებაწურული, მოღუშული და მუხლებშეტყუპებული ახალგაზრდა თაროების ხარბად დათვალიერებას იწყებდა და მალევე რწმუნდებოდა, რომ აქ ესეების, სამედიცინო ლიტერატურის, ბიოგრაფიებისა და ენციკლოპედიების გარდა სხვა ჟანრის ლიტერატურისთვის ერთი მტკაველიც კი არ დარჩენილიყო.
– ბატონო პლისონ, ვატყობ, მხატვრულ ლიტერატურას დიდად არ სწყალობთ. არ გიყვართ რომანები?
– ეს იგივეა, რომ გეკითხათ, მიყვარს თუ არა ტყუილები.
– ნუთუ ასე ძლიერ გძულთ ბელეტრისტიკა?
– ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, მას შემდეგ, რაც ისტორიამ, გეოგრაფიამ და სამართალმა გამიტაცა, აი, უკვე თითქმის ორმოცდახუთი წელია, რაც კვირაში რამდენიმე წიგნის წაკითხვას მაინც ვახერხებ და მერწმუნეთ, ყოველ ჯერზე ჩემთვის ახალსა და უცნობს აღმოვაჩენ ხოლმე. აბა, მითხარით, რა უნდა შემეტყო ბელეტრისტებისგან, რომლებიც უპირატესობას მხოლოდ ფანტაზიას ანიჭებენ. არა, სერიოზულად გეკითხებით: რა უნდა მაუწყონ მათ? თუ მოხდა სასწაული და სინამდვილეში მომხდარ ამბებს შეეხნენ, გამორიცხულია, ეს მე არ ვიცოდე; რაც შეეხება გამონაგონს, ირეალურს, სიმართლე გითხრათ, მიმიფურთხებია.
– მაგრამ ლიტერატურა...
– სულაც არ მინდა ჩემი კოლეგების გონების ნაჟური ვლანძღო და ვთათხო. არც თქვენი ენთუზიაზმისა და გატაცების განელება მსურს. ვიცი, რომ გულმოდგინედ სწავლობთ და „ეკოლ-ნორმალში“ თქვენს სწავლას ვერაფერი შეუშლის ხელს. თუ ჩემი მოსაზრების გულწრფელად გამოხატვის უფლება მაქვს, მე ამას ვიტყოდი: კმარა, ნუ გაგვიწყალეთ გული ამ თქვენი ლიტერატურით! ნუ გამოგვიტენეთ თავი ამ მონაჩმახით. გეყოფათ სიტყვების რახარუხი... რომანების კითხვა მხოლოდ ქალების საქმეა; თუმცა ამაზე დროის დაკარგვას არც მათ ვურჩევდი; ქარგვა და ქსოვა, საერთოდ, ხელსაქმე, უფრო სასარგებლოა. რომანების წერა ნიშნავს, მცონარა სუსტ სქესს მიმართო და მისი კეთილგანწყობისა და თანამოაზრეობისთვის იბრძოლო. ეს არის და ეს. სხვა მიზანს ვერ ვხედავ. მოდი, გავიხსენოთ ისეთი დასაფასებელი და პატივცემული ინტელექტუალი, როგორიც პოლ ვალერი გახლდათ. ის საერთოდ უარს ამბობდა დაეწერა ისეთი ტექსტი, რომლის შესავალი ამ სიტყვებით დაიწყებოდა: „მარკიზა სახლიდან ხუთ საათზე გავიდა“. ცამდე მართალი იყო. თუ ის უარს ამბობდა ასეთი რამეების წერაზე, მე უარს ვაცხადებ მათ წაკითხვაზე; „მარკიზა ხუთ საათზე გავიდა“. ჯერ ერთი, გაუგებარია, რომელ მარკიზაზეა საუბარი, სად ცხოვრობს ის? რომელ ეპოქას აღგვიწერენ? ვინ დამიმტკიცებს, რომ მისი სახლიდან გასვლისას ხუთი საათი იყო და არა ექვსის ათი წუთი. ან კიდევ ექვსის ნახევარი? ამას გარდა, რა იცვლება იმის მითითებით, სახლიდან საღამოს ხუთზე გავიდა თუ დილის ათ საათზე? ეს ყველაფერი თითიდან არის გამოწოვილი და რეალობასთან კავშირი არა აქვს. ხედავთ? რომანში მხოლოდ განუკითხაობა ან რაღაც ამდაგვარი მეფობს; მე სერიოზული ადამიანი ვარ. აქ, ჩემთან, რომანებს არაფერი ესაქმება. ეგეც არ იყოს, არც ვიცი, სად შევტენო. მათ წასაკითხად არც დრო მაქვს და არც სურვილი, არაფერს ვამბობ ძალაზე, ეს მონაჩმახი რომ ნთქავს.
მასპინძელს ეტყობოდა, რომ მტკიცებულებებს უტყუარად მიიჩნევდა. მისმა სტრატეგიამ, ისევე როგორც შარშან, წელსაც გაამართლა: სტუდენტი კონტრარგუმენტების უქონლობის გამო სრულიად განიარაღებული აღმოჩნდა. მორის პლისონმა გაიმარჯვა.
სტუდენტის აზრები რომ წაეკითხა, საეჭვოა, პლისონი კმაყოფილი დარჩენილიყო; უთუოდ მიხვდებოდა, რომ სტუდენტის დუმილი გამარჯვებას სულაც არ ნიშნავდა. ლექტორის უაპელაციო, მენტორული ტონით შეცბუნებულს მისი თეორია ზედმეტად რადიკალური და არათანამიმდევრული ეჩვენა; მით უმეტეს, ისეთი გონიერი და მოაზროვნე ადამიანისგან, როგორიც პლისონი იყო. გაკვირვებულს უამრავი კითხვა უტრიალებდა თავში: რატომ განუდგა წარმოსახვით სამყაროს? რატომ არ ეკარება ბელეტრისტიკას სათოფეზე? რატომ შეიძულა ხელოვნება და საერთოდ, გრძნობების გამოხატვა? ჭაბუკს ისიც გაუკვირდა, რომ „მარტოხელა ქალების“ სიძულვილი