ოსტენდელი მეოცნებე ვფიქრობ, არასოდეს შემხვედრია ადამიანი ისეთი მატყუარა იერით, როგორიც ემა ვან ა.-ს ჰქონდა. პირველივე ნახვისას სუსტი, გალეული, მე ვიტყოდი, ავადმყოფური, მოკრძალებული, ყოველგვარ სიღრმესა და მიმზიდველობას მოკლებული, არაფრით გამორჩეული ქალის შთაბეჭდილება დატოვა. ვერც სიტყვა-პასუხით მოგხიბლავდათ. აი, ისეთი, ზურგს რომ შეაქცევთ და უმალვე დაგავიწყდებათ.
მაგრამ... მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ჩავწვდი მისი პიროვნების ნამდვილ არსს და მას მერე ემა მოსვენებას არ მაძლევს, ნამდვილ აკვიატებად მექცა. ახლა კი მბრძანებლური ბუნების მქონე, ბობოქარ, გამუდმებით ინტერესის აღმძვრელ, ბრწყინვალე, მეტიც, პარადოქსებით აღსავსე, ამოუწურავ ქალად აღვიქვამ. ვაღიარებ, ემამ სამუდამოდ გამომამწყვდია თავისი მომხიბლაობის ბადეში.
ზოგიერთი ქალი, არც მეტი, არც ნაკლები, ხაფანგია, სადაც შეუძლებელია, არ გაება. ხდება ისეც, რომ მავანსა და მავანს ამ ხაფანგიდან თავის დაძვრენის სურვილი საერთოდ არ უჩნდება; მეც ერთ-ერთი იმათგანი გახლავართ და ვარ ასე, ემას მარადი ტუსაღი.
ყველაფერი ოსტენდეში დაიწყო, მარტის ერთ ჩვეულებრივ და საკმაოდ გრილ დღეს.
ისე, სიმართლე გითხრათ, მე ყოველთვის ვოცნებობდი ოსტენდეზე.
მოგზაურობისას ჯერ სახელი იქცევს ჩემს ყურადღებას, თავად ადგილი კი - უფრო მოგვიანებით; ეს სახელები ქალაქებისა და სოფლების თავზე დაფარფატებენ და ზარებივით წკარუნებენ. ეს მუსიკა ათასობით კილომეტრზე გაისმის. სახელთა ამ სიმფონიას თუ მიაყურადებ, ყველაფერს ნათლად გაარჩევ; ნოტები შენს წარმოსახვაში წარმოუდგენელ ხატებს ქმნიან.
ოსტენდე...
თანხმოვნები და ხმოვნები ერთმანეთს ერწყმიან და სახავენ სქემას, აღმართავენ კედლებს, ქმნიან განწყობასა და ატმოსფეროს. თუ დასახლება რომელიმე წმინდანის სახელს ატარებს, ჩემი წარმოსახვა ეკლესიის გარშემო დაუყოვნებლივ იწყებს ერთიმეორის მიყოლებით სახლების აგებას; თუ ასო-ბგერათა ერთობლიობამ ტყე მომაგონა, მაგალითად, ბუაფორი (Boifort) ან კიდევ მინდვრები - Shampigny, მაშინ დაბის პატარ-პატარა კოპწია ქუჩები სიმწვანეში ჩაიძირება; თუ სიტყვის ჟღერადობამ საშენ მასალაზე მიმანიშნა, ვთქვათ, Pierrefonds, გონებაში ციხე-კოშკის კედლებიდან ბათქაშის ჩამოფხეკას ვიწყებ, რათა რიყის ან თლილი ქვები ავამეტყველო. თუ სახელი რომელიმე სასწაულს მახსენებს, თვალწინ პიტალო კლდეზე შემოსკუპებული სოფელი წარმომიდგება, ამაყად და თავმომწონედ რომ გადაჰყურებს ხეობას.
როცა ქალაქს ვუახლოვდები, პირველი შეხვედრა მხოლოდ და მხოლოდ სახელთან თუ წარმომიდგენია.
მე ყოველთვის ვოცნებობდი ოსტენდეში მოგზაურობაზე.
საყვარელ ქალთან განშორება რომ არა, ალბათ, ოსტენდეზე მხოლოდ ფიქრით დავკმაყოფილდებოდი და იქ წასასვლელად თითსაც არ გავანძრევდი. გამოსავალი მხოლოდ გამგზავრებაში დავინახე. სასწრაფოდ უნდა გავცლოდი პარიზს, ასე გაჟღენთილს უკვე არარსებულ სიყვარულზე მოგონებებით. დაუყოვნებლივ კლიმატი უნდა შემეცვალა, განსხვავებული ჰაერით მესუნთქა.
ხსნა ოსტენდეში დავინახე, მით უმეტეს, რომ იქ ერთად არასდროს ვყოფილვართ. გავშალე რუკა. ლურჯ ფონზე გამოყვანილი წარწერის - „ჩრდილოეთის ზღვა“, გვერდით შვიდმა ასომ მაგნიტივით მიმიზიდა - „ოსტენდე“. არ იფიქროთ, რომ მარტო ჟღერადობამ მომაჯადოვა აგრერიგად: არა, ასე ნამდვილად არ ყოფილა. გამახსენდა, რომ ჩემს ნაცნობს იქ ერთი რიგიანი ადგილის მისამართი ჰქონდა, სადაც თავისუფლად შეიძლებოდა ერთხანს გაჩერება. რამდენიმე სატელეფონო ზარი სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გამგზავრება მომეკვარახჭინებინა. საცხოვრებელი დავჯავშნე, ბარგი-ბარხანა საბარგულში ჩავჩურთე და კურსი ოსტენდესკენ ავიღე. ისე ვჩქარობდი, ისე ვჩქარობდი, გეგონებოდა, იმ ქალაქში ბედ-იღბალთან პაემანი მქონდა დანიშნული. რადგან სიტყვა (Ostende) ფრანგულად ო-ზე იწყებოდა (წარმოიდგინეთ გაოცებისაგან მომრგვალებული ტუჩები) და შემდეგ შემარბილებელი ს-ით გრძელდებოდა, სისინა და სრიალა ქვიშას რომ მაგონებდა, მე ჩემს წარმოსახვაში უკვე ვხედავდი საკუთარ თავს აღფრთოვანებულს, სრულიად მონუსხულს სწორი, თვალუწვდენელი ქვიშის პლაჟების ცქერით... ოსტენდე: tende-ს ნაცვლად მე რატომღაც ტენდრე... მესმოდა, რაც რბილს, ფაფუკს, ნაზს, სატრფიალოსა და სასიყვარულოს ნიშნავს, ამიტომაც მელანდებოდა უდარდელად მთვლემარე ქუჩები პასტელის ფერებში მშვიდობიანი, უწყინარი და ლურჯი ცის კაბადონის ქვეშ და ბოლოს, როგორც ამას სიტყვის ლინგვისტური ფესვები მკარნახობდა, ვვარაუდობდი, რომ საქმე ეხებოდა პირით დასავლეთისკენ მიქცეულ ქალაქს. ასე რომ, მოვემზადე ჩამავალი მზის სხივებისგან გამთბარი და ზღვისკენ გამავალი ფანჯრებიანი სახლების საცქერად.
ოსტენდეში ღამე ჩავაღწიე და სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს, დავიბენი. აღარ ვიცოდი, რა მეფიქრა. ის, რაც დამხვდა, ბევრ რამეში დაემთხვა ჩემს ნაფიქრალსა და წარმოსახულს, მაგრამ ზოგიერთი დეტალი ასცდა და საშინელი იმედგაცრუების განცდა დამეუფლა. რაც მართალია, მართალია, ეს ადგილი სადღაც მოუსავლეთში, ლამის ქვეყნის დასალიერზე იყო. უფრო ზუსტად, შორს, ფლანდრიაში, ღვთისგან მივიწყებულ ადგილას: ორ უკიდეგანო სივრცეს - ზღვასა და სევდის მომგვრელ დაბლობს შორის მოქცეული. იყო პლაჟიც და ძველი დამბაც, მაგრამ ისიც აშკარად ჩანდა, რომ დამსვენებელთა მიზიდვით შეპყრობილ მფლობელებს იქაურობა გულდასაწყვეტად დაემახინჯებინათ. მრავალსართულიანი, შორეული ნაოსნობის გიგანტური ლაინერების მსგავსი უგემოვნო და უსახური საცხოვრებელი სახლებისგან შემდგარი კვარტალი მხოლოდ ქალაქთმშენებლობისთვის აუცილებელი რენტაბელურობის პრინციპებს პასუხობდა. ჩემთვის კი აღმოვაჩინე ურბანისტული