წინასიტყვაობა რამდენიმე თვის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი დაბრუნებისთანავე, მთელი რიგი უჩვეულო თავგადასავლების შემდეგ სამხრეთის ზღვებსა და სხვა ადგილებშიც, რომელთა აღწერასაც მომდევნო გვერდებზე შემოგთავაზებთ, ერთი შემთხვევის გამო ვირჯინიის შტატში, რიჩმონდში ამოვყავი თავი რამდენიმე ჯენტლმენის საზოგადოებაში, მათ დიდი ინტერესი გამოხატეს ჩემ მიერ ნანახი ყველა ადგილის მიმართ და დაჟინებით მთხოვეს, საზოგადოებისთვის მომეთხრო ეს ამბავი. მაგრამ მე რამდენიმე მიზეზი მქონდა უარისთვის. ზოგი მთლიანად პირადული ხასიათისა გახლდათ და მხოლოდ მე მეხებოდა, სხვებს – არა. მოგახსენებთ ერთ მოსაზრებას, რომელიც მაბრკოლებდა: რაკი იმ მოგზაურობის დროს იშვიათად ვაწარმოებდი დღიურს, ვშიშობდი, ვაითუ მხოლოდ მეხსიერების იმედად ვერ მოვახერხო ზედმიწევნით და თანმიმდევრობით მოვლენების ისე აღწერა, რომ ბუნებრივი დამაჯერებლობა და უტყუარობა არ დავუკარგო-მეთქი, იმაზე რომ არაფერი ვთქვა, ყველას რომ წაგვძლევს ხოლმე სული, უნებლიეთ გავაზვიადოთ, როცა ვცდილობთ, ზედმიწევნითი სიზუსტით გადმოვცეთ ის, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენს მდიდარ წარმოსახვაზე. მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ საკვირველი თავგადასავლები, რომლებიც უნდა მომეთხრო, იმდენად დაუჯერებელი ჩანდა, რომ მტკიცებულებების არქონის პირობებში – და სწორედ ასეთი იქნებოდა ჩემი განცხადებები (თუ არ ჩავთვლით ერთადერთი ადამიანის ჩვენებებს, და ისიც ნახევრად ინდიელისას) – ერთადერთი, ვის დარწმუნებასაც შევძლებდი, ჩემი ოჯახი და ის მეგობრები თუ იქნებოდნენ, რომლებსაც ცხოვრებისეული გამოცდილებით სრული საფუძველი ჰქონდათ, ჩემი მონათხრობის უტყუარობა ერწმუნათ. საზოგადოება კი ჩემს გადმოცემულ ამბავს მხოლოდ თავხედურ და ოსტატურ მონაჩმახად აღიქვამდა. მიუხედავად ყოველივე ამისა, ერთი უმთავრესი მიზეზთაგანი, რომელიც ხელს მიშლიდა, დავთანხმებოდი იმ ჯენტლმენების რჩევას, ის იყო, რომ მეეჭვებოდა, მქონდა თუ არა მწერლობის ნიჭი.
იმ ჯენტლმენთა შორის, რომელთაც ყველაზე ცხოველი ინტერესი გამოხატეს ჩემი მონათხრობის მიმართ, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც ანტარქტიკის ოკეანეზე ვყვებოდი, იყო ვინმე მისტერ პო, იმხანად ყოველთვიური ჟურნალის, "საზერნ ლითერარი მესენჯერის" რედაქტორი, რომელსაც მისტერ უ. უაიტი გამოსცემდა ქალაქ რიჩმონდში. სხვებთან ერთად მანაც დაბეჯითებით მირჩია, დაუყოვნებლივ მომემზადებინა სრული ანგარიში იმისა, რაც საკუთარი თვალით ვნახე და გადავიტანე და მივნდობოდი ფართო საზოგადოების კეთილგონიერებასა და გამჭრიახობას, ხოლო რაც შეეხება საავტორო უფლებას, ჩემი წიგნი სათანადოდ უნდა გაეფორმებინათ, და თუკი შიგ აღწერილი იქნებოდა რაიმე უჩვეულო ან საკვირველი, მისი აზრით, წიგნს ეს მხოლოდ უფრო მეტ დამაჯერებლობას შესძენდა მკითხველის თვალში.
მიუხედავად იმისა, რომ ასე დამიხატა საქმის ვითარება, მე მაინც ვერ გავბედე, მიმეღო მისი წინადადება. თუმცა ცოტა ხნის შემდეგ მან ასეთი რამ შემომთავაზა (რაკი შემატყო, რომ არ ვაპირებდი ამ საქმის წამოწყებას): მე მისთვის უნდა მიმენიჭებინა უფლება, საკუთარი სიტყვებით აღეწერა ის, რაც ადრე ვუამბე ჩემი თავგადასავლებიდან, და ჩემ მიერ მიწოდებულ ფაქტებზე დაყრდნობით ყოველივეს ისე შეფუთავდა და გამოაქვეყნებდა "საზერნ მესენჯერში", როგორც შეთხზულ ამბავს. რადგან ამაში საჩოთირო ვერაფერი დავინახე, დავთანხმდი, ოღონდ ერთი პირობით: ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი არ უნდა შეეცვალათ. ასე და ამგვარად, ეს ვითომცდა შეთხზული ამბავი "მესენჯერის" იანვრისა და თებერვლის (1837 წ.) ორ ნომერში გამოქვეყნდა მიყოლებით, და იმისათვის, რომ ის მართლა მხატვრულ ნაწარმოებად აღექვათ, ჟურნალის შესაბამისი ნომრების სარჩევში ავტორად მისტერ პოს სახელი და გვარი მიუთითეს.
საზოგადოების რეაქციამ ჩვენს ამ ფანდზე გარკვეული დროის შემდეგ მიბიძგა, ხსენებული თავგადასავლები სრულად შემეკრიბა, დამელაგებინა და გამოქვეყნება მეკისრა; რადგან "მესენჯერში" დაბეჭდილი ჩემი მონათხრობის კონკრეტული ნაწილი ისე მარჯვედ აღმოჩნდა ზღაპრულ საბურველში გახვეული (თან არც ერთი ფაქტი არ იყო შეცვლილი თუ დამახინჯებული), რომ მკითხველი სრულებითაც არ აპირებდა იმის დაჯერებას, თითქოს ამბავი გამოგონილი იყო, და მისტერ პოს მისამართზე მოვიდა რამდენიმე წერილი, რომელთა ავტორები სწორედ საპირისპიროში იყვნენ დარწმუნებულები. ამიტომ დავასკვენი, რომ ჩემი აღწერილი ფაქტების ბუნება თავისთავად იყო ისე დამაჯერებელი, რომ მათ უტყუარობაში ეჭვი არავის შეჰპარვია და, შესაბამისად, მკითხველის უნდობლობის არანაირი შიში არ უნდა მქონოდა.
მას შემდეგ, რაც ყოველივე ეს გაგიმხილეთ, უმალ დაინახავთ, რამდენადაა მომდევნო მონაკვეთები, როგორც ვაცხადებ, ჩემი დაწერილი; და იმასაც ყველა მიხვდება, რომ მისტერ პოს მიერ დაწერილ პირველ რამდენიმე გვერდზე არც ერთი ფაქტი არ არის დამახინჯებული. და თავად იმ მკითხველებისთვისაც კი, ვისაც თვალით არ უნახავს "მესენჯერი", საჭირო აღარ იქნება იმის მითითება, თუ სად მთავრდება მისი მონათხრობი და სად იწყება ჩემი; რადგან სტილთა შორის განსხვავება ადვილი შესაცნობია.
ნიუ-იორკი, 1838 წლის ივლისი.
ა. გ. პიმი