ედგარ ალან პო (1809-1849)
ამერიკელი პოეტი, მწერალი და ესეისტი ედგარ ალან პო თანამედროვე დეტექტივის ფორმისა და ფსიქოლოგიური პროზის ჟანრის შემქმნელად მიიჩნევა. განსაკუთრებით ცნობილია „საშინელი“ და მისტიკური მოთხრობებით, თუმცა, არანაკლებ საინტერესო პოეტური ქმნილებების ავტორია.
უცნაურია, რომ სიცოცხლეში უფრო მეტად, როგორც ლიტერატურის კრიტიკოსი, ისე იყო ცნობილი, ხოლო მისი შემოქმედების გავლენამ მსოფლიო ლიტერატურაზე მხოლოდ სიკვდილის შემდეგ იჩინა თავი. ასევე ნიშანდობლივია, რომ სახელი, სამშობლოზე მეტად, ევროპის ქვეყნებში გაითქვა. ედგარ პოს ლიტერატურულ მემკვიდრეობას ძალზე აფასებდნენ: ჟიულ ვერნი, ართურ კონან დოილი, ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი.
ედგარ პო ბოსტონში, მსახიობების ოჯახში დაიბადა. წლისაც არ იყო, როცა მამამისმა ოჯახი მიატოვა, ხოლო ორი წლისას, ჭლექით დედა გარდაეცვალა. პატარა ბიჭი თვალში მოუვიდა რიჩმონდელი შეძლებული ვაჭრის, ჯონ ალანის ცოლს, და ცოტა ხანში უშვილო ოჯახმა იგი აღსაზრდელად აიყვანა. ედგარის და-ძმაც სხვადასხვა ოჯახში აღმოჩნდა...
1815 წლიდან ალანები ინგლისში ცხოვრობდნენ, სადაც ედგარმა დაწყებითი სკოლაც დაასრულა. ამერიკაში დაბრუნების შემდეგ, 1826 წელს მომავალი მწერალი შარლოტსვილში, თომას ჯეფერსონის მიერ ახალდაარსებულ ვირჯინიის უნივერსიტეტში შევიდა. სწავლა არ ეზარებოდა, მაგრამ პრობლემები კარტით გატაცებისა და სმის გამო შეექმნა, რასაც უნივერსიტეტის მიტოვება მოჰყვა; მამობილთან ურთიერთობაც ძალზე დაეძაბა და ბოლოს, ჯონ ალანმა ის სახლიდან გააგდო.
ამ დროისთვის მას უკვე არაერთი ლექსი ჰქონდა დაწერილი. იღბალზე, მშობლიურ ქალაქში, გამომცემელი კელვინ თომასი გაიცნო, რომელმაც მისი ლექსების პირველი კრებულის გამოცემა ითავა.
უსახსრობის გამო ედგარ პო, კონტრაქტით, ჯარისკაცი გახდა, მერე უესტ-პოინტის სამხედრო სასწავლებელში შევიდა, თუმცა ისიც არ დაუსრულებია.
1829 წელს მეორე, ხოლო 1831 წელს - მესამე პოეტური კრებული გამოსცა. მატერიალურმა გაჭირვებამ უბიძგა პოეტს, პროზაიკოსიც გამხდარიყო - საუკეთესო მოთხრობის კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რათა გამარჯვებულისთვის დაწესებული 100 დოლარი მიეღო, მაგრამ - ამაოდ. ხელი კი მოეცარა, მაგრამ პროზისთვის თავი აღარ დაუნებებია და მომდევნო კონკურსში წარმატებასაც მიაღწია: მოთხრობა - „ბოთლში ნაპოვნი ხელნაწერი“ საუკეთესოდ აღიარეს.
ცოტა ხანში ედგარ პომ ჟურნალის რედაქციაში დაიწყო მუშაობა. ალკოჰოლიზმი მოსვენებას არ აძლევდა და გამუდმებით უსიამოვნების მიზეზი ხდებოდა. ერთი ჟურნალიდან დათხოვნილმა ედგარმა ცოტა ხანში სხვაგან დაიწყო მუშაობა. საფუძვლიანად მოჰკიდა ხელი ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიების წერას და უკომპრომისოდ არჩევდა ცნობილი მწერლების ნაწარმოებებს. ამასთანავე, თავადაც წერდა პროზას.
1839 წელს გამოიცა ორტომეული, რომელიც 25 მოთხრობას აერთიანებდა. მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, პერიოდიკაში ძირითადად დადებითი რეცენზიები გამოქვეყნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, წიგნები ცუდად იყიდებოდა.
მწერლის ცხოვრების ყველაზე წარმატებული პერიოდი 1844-1845 წლები მიიჩნევა. სახელიც მოიხვეჭა და ამ სახელის წყალობით, Broadway Journal-ის მეპატრონის წინადადებით, ამ გამოცემის თანამფლობელიც გახდა.
1846 წელს ედგარ პო კვლავ სასმლის მძევალი აღმოჩნდა. თავადაც მოეძალა ავადმყოფობა და ჭლექით დასნეულებული ცოლის მდგომარეობაც დამძიმდა. ის მომდევნო წელს გარდაიცვალა.
ამ მძიმე დარტყმის მიუხედავად, მწერალს ფარ-ხმალი არ დაუყრია. საკუთარი ჟურნალის გამოცემას აპირებდა, პარტნიორიც ნაპოვნი ჰყავდა; ლექციებს კითხულობდა; ცოლის მოყვანასაც გეგმავდა.
...1849 წლის 3 ოქტომბერს ედგარი ერთ დუქანში, თითქმის უგონო მდგომარეობაში ნახეს და მის მეგობარს, ბალტიმორის გაზეთის მფლობელს შეატყობინეს. 3 დღე სიკვდილს ებრძოდა, უგონოდ იყო და 7 ოქტომბერს გამთენიისას გარდაიცვალა.