მკვლელობა მორგის ქუჩაზე აზროვნების ეგრეთ წოდებული ანალიტიკური უნარი, თავისთავად, ნაკლებად ექვემდებარება ანალიზს. ჩვენ მას მხოლოდ შედეგების მიხედვით აღვიქვამთ. მის შესახებ, სხვათა შორის, ისიც ვიცით, რომ ვინც ანალიზის განსაკუთრებული უნარითაა დაჯილდოებული, ეს მას ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. როგორც მძლავრი ვაჟკაცი ხარობს თავისი ფიზიკური ძალით და სიამოვნებით ეტანება ისეთ ვარჯიშს, რაც მის კუნთებს ამოქმედებს, ასევე ანალიტიკოსიც თავმომწონეობს და ახსნა-განმარტების გონებრივი უნარით ამაყობს. მას უბრალო, მცირე საქმეც კი სიამოვნებას ანიჭებს, თუ იგი მისი ნიჭის გამოყენებას მოითხოვს. უყვარს გამოცანები, თავსატეხები, რებუსები, რომელთა ამოხსნაში ისეთ გონებამახვილობას იჩენს, რაც ჩვეულებრივი შეგნების კაცს ზებუნებრივად მოეჩვენება. მის დასკვნებს, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ ჭეშმარიტი, მეთოდური კვლევის შედეგადაა მიღებული, მთლიანად ინტუიციის იერი ადევს.
ახსნა-განმარტების ნიჭი შესაძლოა ფრიად გაძლიერდეს მათემატიკის შესწავლით; განსაკუთრებით იმ მაღალი საფეხურის შესწავლით, რომელსაც უმართებულოდ და მხოლოდ მისი უკუსვლითი თუ უკუქცევითი მოქმედებების წყალობით, უმეტესად ანალიზურს უწოდებენ. მაგრამ გაანგარიშება, თავისთავად, ანალიზი არ გახლავთ. მაგალითად, მოჭადრაკე ანგარიშობს, ანალიზისთვის კი თავს არ იწუხებს. მაშასადამე, ჭადრაკის თამაში, გონებრივი ვარჯიშის თვალსაზრისით, ძალზე უკუღმართად არის გაგებული. მე ახლა ტრაქტატს არ ვწერ, მხოლოდ წინასიტყვაობას ვუმძღვარებ, ცოტა არ იყოს, თავისებურ მოთხრობას და მხოლოდ გაკვრით მოგახსენებთ ჩემს დაკვირვებებს. ვსარგებლობ შემთხვევით და ვამტკიცებ, რომ გონებრივი აზროვნების უმაღლეს უნარს გაცილებით კეთილად და სასარგებლოდ ავარჯიშებს შაშის სადა, მარტივი თამაში, ვიდრე ჭადრაკის მთელი დახვეწილი ზერელობა.
ჭადრაკის ფიგურებს ნაირ-ნაირი არატოლფასოვანი, განსხვავებული და უცნაური სვლები ახასიათებს. ეს სვლები რთულია. უმთავრესია ყურადღება, გულისყური. წამითაც რომ მოადუნოთ ყურადღება, მყისვე შეცდომას დაუშვებთ, რაც ფიგურის დაკარგვას ან დამარცხებას გამოიწვევს. ვინაიდან შესაძლო სვლები არა მარტო მრავალია, არამედ დახლართულიც, ამიტომ ამგვარ შეცდომათა დაშვების შესაძლებლობა კიდევ უფრო მრავლდება. ასე რომ, ათიდან ცხრა შემთხვევაში უფრო გონებამახვილი მოთამაშე კი არ იმარჯვებს, არამედ უფრო გულისყურიანი. შაშში კი პირიქით - რაკი სვლები ერთნაირი გახლავთ და მხოლოდ მცირე ვარიანტები ახასიათებს, უგულისყურობა გამორიცხულია, ორივე მხარე წარმატებას მხოლოდ და მხოლოდ აღმატებული გონებამახვილობითა და გამჭრიახობით თუ მიაღწევს. განყენებულ მსჯელობას რომ თავი დავანებოთ, წარმოვიდგინოთ შაშის თამაში, როცა დაფაზე ოთხი ქვაღაა დარჩენილი და როცა, რასაკვირველია, შეცდომა ან უგულისყურობა არ არის მოსალოდნელი. აშკარაა, აქ გაიმარჯვებს მხოლოდ ის, ვინც ძლიერი გონებრივი დაძაბულობით რაიმე რჩეულ სვლას გამოძებნის. ჩვეულებრივ საშუალებებსა და შესაძლებლობებს მოკლებული ანალიტიკოსი თავისი მოწინააღმდეგის სულში ჩაწვდომას ცდილობს. თავს მასთან აიგივებს, მისი თვალსაზრისით განსჯის საქმეს და ხშირად ამგვარად თვალის დახამხამებაში განჭვრეტს ერთადერთ სვლას, ხანდახან მარტივსა და ადვილს, რომელიც აცდუნებს მეტოქეს, ან ხელს შეუწყობს მის დაბნევას.
დიდი ხანია დაასკვნეს, რომ ვისტი ძალიან უწყობს ხელს ეგრეთ წოდებულ გამოთვლითი უნარის განვითარებას, თანაც ცნობილია, რომ მრავალი მახვილგონიერი ადამიანი თითქოსდა უცნაურ სიამეს პოვებდა მასში, ჭადრაკს კი, ვითარცა ზერელე და ქარაფშუტულ თამაშს, თავს არიდებდა. უეჭველია, ანალიზის ნიჭის გამომჟღავნებისთვის მართლაც არ არსებობს სხვა მსგავსი თამაში. საუკეთესო მოჭადრაკე საუკეთესო მოჭადრაკეა და სხვა არავინ; ვისტის კარგ მოთამაშეს კი შეუძლია წარმატების იმედი იქონიოს უფრო მნიშვნელოვან საქმეში, სადაც ერთი გონება მეორეს ემეტოქება და ებრძვის. როცა ვისტის კარგ ცოდნაზე ვლაპარაკობ, თამაშის სრულყოფილებას ვგულისხმობ, როცა მოთამაშე ყველა საშუალებას ითვალისწინებს კანონიერი გზით წარმატების მოსაპოვებლად. ეს საშუალებები არა მარტო მრავალრიცხოვანია, არამედ მრავალნაირიც და ხშირად აზროვნების ისეთ კუნჭულებშია მიმალული, რომელსაც ჩვეულებრივი გონების კაცი ვერ მისწვდება. ყურადღებით დაკვირვება მკაფიოდ დახსომებას ნიშნავს. ამიტომ გულისყურიანი მოჭადრაკე ჩინებულად ივარგებს ვისტის თამაშში, რამდენადაც ჰოილის(ედმონდ ჰოილი (1672-1762) - ვისტის თამაშის სახელმძღვანელოს ავტორი.) წესები, რომლებიც თამაშის უბრალო ტექნიკაზეა დაფუძნებული, საკმარისად გასაგები გახლავთ. ამრიგად, კარგი მახსოვრობა და "წიგნის" ბეჯითად მოყოლა, ჩვეულებრივ, კარგი თამაშის საწინდრად ითვლება. მაგრამ სწორედ ამ უბრალო წესების შემდეგ ვლინდება ანალიტიკოსის სიმარჯვე. იგი თავისთვის, ჩუმად უამრავ ვარაუდსა და აწონ-დაწონას ახდენს. ალბათ, ასევე იქცევიან მისი ამხანაგებიც. ოღონდ, მიღებულ შედეგში განსხვავება დამოკიდებულია არა იმდენად სწორ ვარაუდზე, რამდენადაც დაკვირვების ხარისხზე. აუცილებელია ვიცოდეთ, რას უნდა დავუკვირდეთ. ჩვენი მოთამაშე სრულიადაც არ იზღუდავს თავს; და თუმცა მისი მთავარი საგანი თამაში გახლავთ, არც დაკვირვებებსა და დასკვნებს უგულებელყოფს. იგი უკვირდება ამხანაგის გამომეტყველებას და მას თავის ყველა მოწინააღმდეგეს ადარებს. ითვალისწინებს, ბანქოს ქაღალდი ვის როგორ უჭირავს ხელში და ხშირად პატრონს, გამომეტყველების მიხედვით, თულფს თულფზე უთვლის ხელში.
იგი თამაშის დროს ყოველნაირ ცვლილებას ამჩნევს მეტოქის სახეზე და უამრავი ფიქრი უტრიალებს თავდაჯერებულობის, განცვიფრების, ზეიმის ანდა სევდიანი შესახედაობის კვალად. იმის მიხედვით, ვინ