ნაწილი I - 1 სინამდვილეში მწერლობა მინდოდა, მაგრამ იმ მოვლენათა შედეგად, რომელთა შესახებაც მოგითხრობთ, გეოინჟინერი და დეველოპერი გავხდი. მკითხველს არ ეგონოს, რომ, რადგან ჩემი თავგადასავლის მოყოლა გადავწყვიტე, ყველაფერი დამთავრდა და უკან მოვიტოვე. რაც უფრო მეტს ვიხსენებ, მით უფრო ღრმად ვტოპავ და ვგრძნობ, რომ მამაშვილობის საიდუმლოებებში თქვენც თან გაგიყოლებთ.
1985-ში ბეშიქთაშის(ბეშიქთაში – სტამბოლის ევროპული ნაწილის ერთ-ერთი ცნობილი უბანი) განაპირას, იჰლამურის სასახლის(იჰლამურის სასახლე – ოსმალო სულთნების ყოფილი საზაფხულო რეზიდენცია სტამბოლში, რომელიც ბეშიქთაშსა და ნიშანთაშის შორის ვაკეზე მდებარეობს. ) მახლობლად ვცხოვრობდით. მამაჩემს პატარა აფთიაქი ჰქონდა, „ჰაიათი“, რომელიც კვირაში ერთხელ დილამდე მუშაობდა და იმ დღეს მამაც იქ რჩებოდა ხოლმე. მორიგეობის დღეებში მისთვის ვახშამი მე დამქონდა. მამაჩემი მაღალი, თხელი, სიმპათიური კაცი იყო; საჭმელს სალაროსთან შეექცეოდა. წამლების სუნს ღრმად ვისუნთქავდი. ასეთ დროს აფთიაქში ყოფნა მიყვარდა. ხისკარადებიანი ძველი აფთიაქების სუნზე დღესაც ვგიჟდები, ოცდაათი წლის შემდეგ, 45 წლისა.
აფთიაქი „ჰაიათი“ მუშტრებით განებივრებული არ გახლდათ. მორიგეობისას მამაჩემს იმხანად მოდაში შემოსული პატარა პორტატიული ტელევიზორის ყურებაში გაჰყავდა დრო. ზოგჯერ მეგობრები ესტუმრებოდნენ ხოლმე, რომელთაც ხმადაბლა ესაუბრებოდა და რომლებიც ჩემს დანახვაზე ჩუმდებოდნენ; მერე – მამასავით სიმპათიური და საყვარელი ხარო, მეუბნებოდნენ და შეკითხვებს მაყრიდნენ: რომელ კლასში ხარ, გიყვარს თუ არა სკოლა, რომ გაიზრდები, რა გამოხვალო.
ვამჩნევდი, რომ თავისი პოლიტიკური თანამოაზრეების თანდასწრებით მამა მოსვენებას კარგავდა და ამიტომ აფთიაქში დიდხანს არ ვრჩებოდი; დაცლილ ჭურჭელს მოვაგროვებდი და ლამპიონების მკრთალი შუქით განათებული ჭადრებიანი ქუჩებით სახლში ვბრუნდებოდი. დედას არასოდეს ვეუბნებოდი, რომ აფთიაქში პოლიტიკით დაინტერესებული მამაჩემის რომელიმე მეგობარი ვნახე, რადგან დედა მამაჩემსა და მის ამხანაგებზე ბრაზობდა. ეშინოდა, რომ მამა ისევ რამე შარში გაეხვეოდა, ან ისევ უმიზეზოდ მიგვატოვებდა; ამის გამო საშინლად შფოთავდა.
თუმცა იმასაც ვამჩნევდი, რომ ჩემი მშობლების უსიტყვო დაპირისპირების ერთადერთი მიზეზი პოლიტიკა არ გახლდათ. ზოგჯერ დიდი ხნით იბუტებოდნენ და თითქმის არ ელაპარაკებოდნენ ერთიმეორეს. იქნებ არც უყვარდათ ერთმანეთი? ვგრძნობდი, რომ მამას სხვა ქალები ჰყავდა; რომ მამაჩემი სხვა ქალებს მოსწონდათ. ზოგჯერ დედა სხვა ქალის შესახებ ისე იტყოდა რამეს, რომ მეც ვხვდებოდი. მშობლების ჩხუბს ძალიან განვიცდიდი, ამიტომ საკუთარ თავს ამაზე ფიქრი ავუკრძალე.
მამა ბოლოს ისევ აფთიაქში ვნახე, მორიგეობისას ვახშამი რომ მივუტანე.
ლიცეუმის პირველ კურსზე ვსწავლობდი. შემოდგომის ჩვეულებრივი საღამო იდგა. მამაჩემი ტელევიზორში უკანასკნელ ცნობებს უყურებდა. სანამ დახლთან ვახშმობდა, ორი მუშტარი გავისტუმრე: ერთს ასპირინი უნდოდა, მეორეს კი – ვიტამინი ჩ და ანტიბიოტიკი. ფული ძველი სალაროს უჯრაში ჩავდე, რომელიც გაღებისას ზარს რეკავდა. წამოსვლისას მამას ერთხელაც გავხედე – კარში იდგა და გაღიმებული ხელს მიქნევდა.
დილით მამა სახლში არ მოსულა. ეს ნაშუადღევს სკოლიდან დაბრუნებულს დედამ მითხრა. ტირილისაგან თვალები დასივებოდა. ვიფიქრე, ისევე, როგორც ამას წინათ, მამას ალბათ აფთიაქში მიაკითხეს და პოლიტიკის დეპარტამენტში წაიყვანეს-მეთქი. იქ აწამებდნენ, გაროზგავდნენ, დენს გაუტარებდნენ.
შვიდი-რვა წლის წინ მამა ერთ მშვენიერ დღეს ასევე გაუჩინარდა და მხოლოდ ორი წლის შემდეგ დაბრუნდა. მაგრამ ამჯერად დედა ისე არ იქცეოდა, თითქოს მამას პოლიციაში აწამებდნენ – მასზე ბრაზობდა. ასე თქვა, თავისი საქმისა თვითონ იცისო.
მაშინ, სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ჯარისკაცებმა ერთ ღამეს მამა აფთიაქიდან რომ წაიყვანეს, დედა ძალიან დარდობდა. მამაშენი გმირია, უნდა იამაყოო, ხშირად მეუბნებოდა. აფთიაქშიც თვითონ მორიგეობდა შეგირდ მაჯითთან ერთად. მაჯითის თეთრ წინსაფარს ზოგჯერ მე ვიკეთებდი. რა თქმა უნდა, მომავალში აფთიაქარის შეგირდი კი არა, მეცნიერი გავხდებოდი, როგორც მამაჩემს უნდოდა.
ამჯერად დედა აფთიაქით არ დაინტერესებულა. არც მაჯითზე დასცდენია სიტყვა, არც სხვა შეგირდზე და არც საერთოდ, აფთიაქის ბედ-იღბალზე, რაც მაფიქრებინებდა, რომ მამა სხვა მიზეზით გაუჩინარდა. თუმცა რა არის ის, რასაც ფიქრს ვუწოდებთ?
ჯერ კიდევ იმ დროს მივხვდი, რომ ფიქრები გონებაში ხან სიტყვებად მიყალიბდებოდა, ხან კი კადრებად. ზოგი აზრის სიტყვებით გამოხატვა ვერც კი წარმომედგინა... მაგრამ ამ აზრის გამოსახულება, – მაგალითად, როგორ გავრბოდი თავსხმის დროს და რას განვიცდიდი, – უმალ მიდგებოდა თვალწინ. ზოგჯერ კი რაღაცებზე სიტყვებით ვფიქრობდი, მაგრამ მისი წარმოდგენა არაფრით შემეძლო, როგორც შავი სხივისა, ან დედაჩემის სიკვდილისა, ან უსასრულობისა.
იქნებ ჯერაც ბავშვი ვიყავი და ამიტომ ვახერხებდი, რომ არასასურველ თემებზე არ მეფიქრა? ასეთ დროს ისეთი განცდა მეუფლებოდა, თითქოს წამით დენი გამოირთო და თვალწინ ყველაფერი გამიქრა.
ერთ საღამოს იჰლამურის სასახლისკენ მარტო მივსეირნობდი. „ჰაიათის“ კარს იმოდენა შავი კლიტე ედო, თითქოს აღარასდროს გაიღებოდა. იჰლამურის სასახლის ბაღიდან ნისლი მოცოცავდა.
დიდი ხანი არ