I ვალდებული ვარ, ავლაპარაკდე, რამეთუ მეცნიერები უარს არიან შეისმინონ ჩემი რჩევა, თანაც ისე, რომ თავადაც არ უწყიან – რატომ. ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვლაპარაკობ იმ მიზეზებზეც, რომელთა გამოც ასე ვეწინააღმდეგები ანტარქტიდის თვალუწვდენელ სივრცეებში დაგეგმილ შეჭრას, წიაღისეულის ძიებასა და, ამ მიზნით, ყინულის ძველისძველი საბურვლის ბურღვასა და გადნობას. ფეხს უფრო მეტად იმიტომ ვითრევ, რომ ვიცი, ჩემი გაფრთხილება უყურადღებოდ დარჩება. ჩემ მიერ გადმოცემული ფაქტების მიმართ აუცილებლად გაჩნდება ეჭვები. მაგრამ თუკი შევეცდები, დავმალო ყოველივე უცნაური და წარმოუდგენელი, ამბისაგან აღარა დარჩება რა. ამიტომაც წარმოვადგენ ფოტოსურათებს, როგორც ჩვეულებრივს, ისე სიმაღლიდან გადაღებულს, რომლებიც ჩემ სასარგებლოდ ღაღადებენ, რამეთუ მათზე, ეშმაკმა წაიღოს, მეტად მგზნებარე და ხატოვანი გამოსახულებებია ასახული. თუმცა ფოტოსურათებშიც ეჭვს შეიტანენ, რადგან გაქნილმა თაღლითობამაც შეიძლება მიაღწიოს ასეთივე შთამბეჭდავ შედეგს. მელნით შესრულებულ ჩანახატებს სიცილ-ხარხარით მიიჩნევენ თვალსაჩინო ყალთაბანდობად, მიუხედავად შესრულების უცნაური ტექნიკისა, რომელზეც ხელოვნების ექსპერტები კიდევ დიდი ხანი წაიტეხენ კისერს.
საბოლოოდ მომიწევს, დაველოდო განაჩენს იმ რამდენიმე მეცნიერისა, რომელთაც, ჩემი აზრით, საკმარისი დამოუკიდებლობა აქვთ. ისინი, ერთი მხრივ, შეძლებენ, ჩემ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია უკიდურესად დამაჯერებელი მტკიცებულებების გამოყენებით შეაფასონ ან განჭვრიტონ ის პრიმორდიალური(პრიმორდიალური – თავდაპირველი, ოდინდელი, უძველესი, დასაბამიერი.) და გაუგებარი მითიური ციკლების სინათლეზე, ხოლო, მეორე მხრივ, გამოიყენებენ საკუთარ გავლენას, რათა კაცობრიობას გადააფიქრებინონ ნაჩქარევი და ამბიციური პროექტების განხორციელება სიგიჟის მთათა რეგიონში. სამწუხაროა, რომ ერთ პატარა უნივერსიტეტთან დაკავშირებულ ისეთ უსახელო პიროვნებებს, როგორებიც მე და ჩემი კოლეგები ვართ, არ შეგვიძლია რაიმე გავლენა მოვახდინოთ ასეთი ქაოსური უცნაურობისა და უაღრესად წინააღმდეგობრივი ბუნების მქონე საკითხზე.
ჩვენ წინააღმდეგ ისიც მეტყველებს, რომ ამ ტერმინის მკაცრი გაგებით, „სპეციალისტებს“ არ წარმოვადგენთ სფეროებში, რომლებთანაც შეხება მოგვიხდა. მისკატონიკის უნივერსიტეტის ექსპედიციის ხელმძღვანელობისას ჩემი, როგორც გეოლოგის, ფუნქცია ანტარქტიკის სხვადასხვა რეგიონში ღრმად ნამარხი ქვებისა და ქანების ეგზემპლარების შეგროვება იყო, რაშიც ჩვენივე უნივერსიტეტის ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორ ფრენკ ჰ. პაბოდის შესანიშნავ ბურღს გამოვიყენებდი. არ მქონია არავითარი სურვილი, რაიმე სხვა სფეროში გამეკვალა გზა, თუმცა კი ვიმედოვნებდი, რომ თუნდაც უკვე გამოკვლეულ ადგილებზე ახალი მექანიკური მოწყობილობის გამოყენება საშუალებას მომცემდა, აქამდე მიუწვდომელ ეგზემპლარებამდე მიმეღწია. პაბოდის საბურღი აპარატი, რომელსაც საზოგადოება უკვე იცნობს ჩვენი ანგარიშებიდან, უნიკალური იყო სიმსუბუქით, პორტატიულობითა და აერთიანებდა ჩვეულებრივი არტეზიული ბურღისა და ქვის პატარა, ცირკულარული ბურღის სამუშაო პრინციპებს, თანაც ისე, რომ მარტივად მოვარგებდით ნებისმიერი სიმკვრივის ქანს. ფოლადის წვერი, შეერთებული ღეროები, ბენზინის ძრავა, ხის დასაკეცი ამწეები, ასაფეთქებელი სამუშაოებისთვის საჭირო ხელსაწყოები, ბაგირები, ღორღის ამოსაღები ხრახნი, ხუთი ინჩის(ინჩი – სიგრძის საზომი ერთეული. უდრის 2,54 სანტიმეტრს.) სიგანისა და ათასი ფუტის(ფუტი – სიგრძის საზომი ერთეული. უდრის 30,48 სანტიმეტრს.) სიღრმის საბურღი მილები – სრული აღჭურვილობის გადატანა შვიდძაღლიან მარხილსაც არ გაუჭირდებოდა. ასეთი შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა ალუმინის ჭკვიანური შენადნობით, რომლითაც მეტალის ნივთების უმრავლესობა იყო ჩამოსხმული. თან გვახლდა „დორნირის“ მარკის ხუთი მოზრდილი თვითმფრინავი, რომლებიც ანტარქტიკაზე მოგზაურობისთვის აუცილებელ, დიდ სიმაღლეზე საფრენად, სპეციალურად იყო შემუშავებული და აღეჭურვათ პაბოდის მიერ შექმნილი საწვავის გაცხელებისა და ძრავის სწრაფი ამუშავების მექანიზმებით. ამ თვითმფრინავებს მთლიანი ექსპედიციის ყინულის დიდი ბარიერის კიდესთან დაარსებული ბაზიდან დანიშნულების სხვადასხვა, ხელსაყრელ ადგილებამდე ტრანსპორტირება შეეძლოთ, ხოლო იქიდან საკმარისი რაოდენობის ძაღლები გაგვიწევდნენ სამსახურს.
თავდაპირველი გეგმის თანახმად, უნდა აგვეთვისებინა, რაც შეიძლება, დიდი არეალი იმ პერიოდში, რის საშუალებასაც ამინდი ერთი ანტარქტიკული სეზონის განმავლობაში მოგვცემდა – ან უფრო ხანგრძლივადაც, თუ ეს აუცილებელი გახდებოდა. უნდა გვემუშავა, უმეტესად, მთიან რეგიონებსა და როსის ზღვის სამხრეთით მდებარე პლატოზე, ტერიტორიებზე, რომლებიც სხვადასხვა ხარისხით გამოეკვლიათ შეკლტონს, ამუნდსენს, სკოტსა და ბირდს. ბანაკის შეცვლას ხშირად ვაპირებდით, რადგან თვითმფრინავით ისეთი მანძილები უნდა გადაგველახა, რომ, გეოლოგიური თვალსაზრისით, ადგილის შეცვლას აზრი ჰქონოდა, ამიტომაც ვიმედოვნებდით, რომ უპრეცედენტო რაოდენობის მასალას მოვიპოვებდით, განსაკუთრებით, პრეკამბრიული(პრეკამბრიული – უძველესი პერიოდი დედამიწის ისტორიაში. მისი ხანგრძლივობა მოიცავს დედამიწის გეოლოგიური დროის 88%-ს. იწყება 4600 მილიონი წლის წინ და სრულდება 541 მილიონი წლის წინ, კამბრიული პერიოდის დაწყებით.) შრეებიდან, რადგან ასეთი მასალა ძალიან მცირე რაოდენობით იყო ხელმისაწვდომი. ამასთან, გვსურდა ხელში ჩაგვეგდო ნამარხი ობიექტების, რაც შეიძლება, მრავალფეროვანი ეგზემპლარები, ვინაიდან ყინულისა და სიკვდილის ამ უფერულ სამეფოში არსებული სიცოცხლის ისტორიას დედამიწის წარსულის შესწავლაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ანტარქტიდა ოდესღაც ზომიერი, თითქმის ტროპიკული ჰავის მქონე კონტინენტი ყოფილა, უხვი მცენარეულობითა და სიცოცხლის ცხოველური ფორმებით, რომელთაგან გადარჩენილები არიან მხოლოდ სირსველის ვირუსი, წყალმცენარეები, არაქნიდები და ჩრდილოეთის კიდის