რენდოლფ კარტერის ჩვენება
გიმეორებთ, ბატონებო, ჩემი დაკითხვით ვეღარაფერს მიიღებთ. თუ გნებავთ, აქ სიცოცხლის ბოლომდე დამტოვეთ, საკანში გამომკეტეთ ან სიკვდილით დამსაჯეთ – თუკი სამართლიანობის ილუზიის დასაკმაყოფილებლად აუცილებლად მსხვერპლი გჭირდებათ. რაც უკვე გითხარით იმაზე მეტს მაინც ვერაფერს გეტყვით. რაც მახსოვს, ყველაფერი სრული სიზუსტით გადმოვეცი. არაფერი დამიმახინჯებია და არ დამიმალავს და თუკი ზოგიერთი დეტალი ბუნდოვანია, ამაში დამნაშავე მხოლოდ ჩემს გონს მოფენილი წყვდიადია და იმ საშინელებათა ამოუცნობი ბუნება, რომელმაც იგი მომივლინა.
კიდევ გიმეორებთ, არ ვიცი, რა ბედი ეწია ჰარლი უორენს. ვფიქრობ და იმედიც მაქვს, რომ მშვიდ მივიწყებასაა მიცემული, ასეთი რამ საერთოდ თუ არსებობს. მართალია, რომ ხუთი წლის განმავლობაში მისი ახლო მეგობარი და საზარელი კვლევების მონაწილე ვიყავი. არ უარვყოფ, თუმცა ამასთან დაკავშირებით მეხსიერება მღალატობს, რომ თქვენს მოწმეს, იმ წყეული ღამის თორმეტის ნახევარზე, შეიძლება მართლაც ვენახეთ ერთად გეინსვილის პიკზე, დიდი კვიპაროსის ჭაობისკენ მიმავალნი. ვადასტურებ, რომ თან ფანრები, ნიჩბები და მავთულზე ასხმული ინსტრუმენტები მიგვქონდა, რამეთუ ყოველი ეს დეტალი თავის როლს თამაშობს იმ საზარელ სცენაში, რომელიც ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდაა აღბეჭდილი. თუმცა, შემდგომი მოვლენებისა და იმის შესახებ, თუ მომდევნო დილას, ჭაობის პირას რატომ მიპოვეს მარტო და უგონოდ მყოფი, დაჟინებით გავიმეორებ, რომ არაფერი ვიცი იმის გარდა, რაც უკვე ათასჯერ გაგიმეორეთ. თქვენ ამბობთ, რომ ჭაობში ან მის მახლობლად ისეთი არაფერია, რაც იმ ღამეს დატრიალებულ მოვლენებს შესაძლებელს გახდიდა. მე გიპასუხებთ, რომ უბრალოდ არაფერი ვიცი იმის გარდა, რაც ვნახე. შეიძლება ილუზია ან ღამის კოშმარი იყო, დიდი იმედი მაქვს, რომ ასეცაა, თუმცა იმ ჯოჯოხეთური საათების შესახებ, როდესაც ხალხს ჩამოვშორდით, ამ მონათხრობის გარდა არაფერი მახსოვს. თუ რატომ არ დაბრუნდა ჰარლი უორენი, მხოლოდ თავად ჰარლი, მისი მოჩვენება, ან ის ენით აღუწერელი არსება თუ გეტყვით.
როგორც აქამდე გითხარით, ჰარლი უორენის უცნაური ინტერესები ჩემთვის ცნობილი იყო და, გარკვეულწილად, ვიზიარებდი კიდეც. აკრძალულ თემებზე დაწერილი წიგნების მისი უზარმაზარი კოლექციიდან ჩემთვის ცნობილ ენაზე არსებული ყველა წიგნი წავიკითხე, თუმცა ეს ბიბლიოთეკის მხოლოდ მცირე ნაწილი გახლდათ. წიგნების უმეტესობა, თუ არ ვცდები, არაბულად იყო, ხოლო ის ჯოჯოხეთით შთაგონებული წიგნი, რომელმაც ეს ამბავი გამოიწვია და რომელსაც მუდამ ჯიბით ატარებდა, ჩემთვის სრულიად უცნობი იეროგლიფებით იყო სავსე. უორენი ცოცხალი თავით არ მეუბნებოდა, თუ რის შესახებ ეწერა იმ წიგნში. კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენი კვლევის საგანი მხოლოდ ნაწილობრივ მახსოვს. მადლიერიც ვარ, რომ ასეა, ვინაიდან იმ საშინელ საკითხებს უფრო გაუცნობიერებელი ხიბლით შეპყრობილი ვსწავლობდი, ვიდრე გულწრფელი ინტერესით. უორენს ჩემზე ყოველთვის ძლიერი გავლენა ჰქონდა, ზოგჯერ მისი მეშინოდა კიდეც. მახსოვს, იმ ავბედით ღამეს მისი სახის დანახვისას როგორ გამაჟრიალა. ამ დროს დაუღალავად ლაპარაკობდა თავისი თეორიის შესახებ, თუ რატომ ინახება ზოგიერთი ცხედარი აკლდამაში ათასწლეულების განმავლობაში ყოველგვარი ხრწნის გარეშე. თუმცა, ახლა მისი აღარ მეშინია, რამეთუ მგონია, რომ ჩემთვის წარმოუდგენელ უფრო დიდ შიშს ეზიარა. ახლა უკვე მის გამო მეშინია.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ წარმოდგენა არ მაქვს, თუ რას ვეძებდით იმ ღამეს. ეჭვგარეშეა, რომ უორენის წიგნში მოცემულ ინფორმაციასთან ექნებოდა კავშირი. იმ უძველეს, ამოუცნობი სიმბოლოებით სავსე წიგნს ვგულისხმობ, რომელიც ერთი თვით ადრე ინდოეთიდან ჩამოუვიდა. ვფიცავ, არ ვიცი, თუ რისი პოვნის იმედი გვქონდა. თქვენი მოწმე ამბობს, რომ თორმეტის ნახევარზე გეინსვილის პიკთან დაგვინახა, დიდი კვიპაროსის ჭაობისკენ მიმავალნი. ეს ალბათ სიმართლეა, თუმცა ზუსტად არ მახსოვს. მხოლოდ ერთი სცენაა ჩემს სულში სამუდამოდ ჩარჩენილი და იმ დროისთვის უკვე გვიანი ღამეც უნდა ყოფილიყო, რამეთუ მქრქალი მთვარე უკვე მაღლა, ღრუბლიან ცაში იყო აზიდული.
უძველეს სასაფლაოზე ვიყავით. იმდენად ძველი იყო, რომ ჟამთასვლის შედეგად იქაურობისთვის დატოვებული ნაიარევების დანახვისგან მაკანკალებდა კიდეც. ღრმა, ნესტიან, ჩაღრმავებულ ადგილას ყველაფერი ხშირი ბალახით, ხავსითა და სარეველით იყო დაფარული. სიმყრალეს, რომელიც იქაურობას ავსებდა, ჩემი გონება რატომღაც ქვის დალპობის შესაძლებლობის აბსურდულ იდეას უკავშირებდა. ყველგან მიტოვებულობისა და მიხრწნილობის ნიშნები მოჩანდა და არ მტოვებდა შეგრძნება, თითქოს მე და უორენი პირველი ადამიანები ვიყავით, ვინც აქ საუკუნეების განმავლობაში გაბატონებული სიჩუმე დაარღვიეს. ჰორიზონტზე გადმოკიდებული ნამგალა მთვარის შუქი თითქოსდა მიწისქვეშა კატაკომბებიდან ამოსულ ნისლს ფანტავდა და ანტიკურ ქვის ფილებს, ურნებს, კენოტაფებსა (კენოტაფი – მონუმენტური ნაგებობა, რომელსაც მხოლოდ გარდაცვლილის გასახსენებლადაა აგებული) და მავზოლეუმების ფასადებს მკრთალად აელვარებდა.
ჩემი პირველი მოგონება, რომელიც ჩვენ იქ ყოფნას ეხება, ის გახლავთ, თუ როგორ გავჩერდით ერთ ნახევრად განადგურებულ აკლდამასთან და ტვირთი მიწაზე