ჰიპნოზი
ეჰ, ნეტავ დედამიწაზე ღმერთებს ეცხოვრათ, სიბრალულით სავსეთ. ამ სიბრალულით სავსე მზერით მრავალი საათის განმავლობაში დამაკვირდებოდნენ და ჩემი ცოდვით დაიწვებოდნენ, როცა ვერც ჩემი ნება და ვეღარც ნარკოტიკი ვერ ახერხებენ ჩემს შეკავებას სიზმრის უფსკრულის პირას!
ალბათ შეშლილი ვარ, რაკი გადავწყვიტე სასოწარკვეთილი ჩავეფლა იმ საიდუმლოებებში, რომელთა არსი კაცობრიობის წინაშე დღემდე ამოუხსნელია. გიჟია ჩემი მეგობარიც - გიჟი თუ ნეტარი? - ჩემი ერთადერთი მეგობარი, რომელმაც ჩამითრია სწორედ ამ ძიებაში და ბევრსაც მიაღწია, რათა ბოლოს და ბოლოს დაემარცხებინა შიში, რომელიც ერთხელაც ჩემიც შეიძლებოდა გამხდარიყო.
მახსოვს, რომ ერთმანეთი რკინიგზის სადგურზე გავიცანით. უსაქმურებით გარშემორტყმული უგონოდ იწვა მიწაზე, კრუნჩხვებში ჩავარდნილი. მისი ნაზი, შავ კოსტიუმში გამოწყობილი სხეული უცნაურად გახევებულიყო. ერთი შეხედვით ორმოციოდე წელს მისცემდით. ღრმა ნაოჭებს გამოეკვეთათ მისი ჩაცვენილი ლოყები. მაგრამ ეს ნაოჭები საოცრად ლამაზი, ოვალური ფორმისა გახლდათ. რამდენიმე ვერცხლის ძაფი ელავდა მის გრუზა ქოჩორში, ხშირი მოკლე წვერი კი ახალგაზრდობის წლებში ალბათ ყორნის ფრთაზე უფრო შავი იქნებოდა. ქათქათა თეთრი შუბლი ისეთი დიდებული ჰქონდა, თითქოს ღმერთს ეკუთვნოდა.
ჩემს მოქანდაკის გონებაში მაშინვე გაჩნდა აზრი, რომ ეს კაცი ანტიკურ ფავნს ჰგავდა, მოულოდნელად წარმოშობილს დანგრეული ტაძრის გათხრებიდან და არც კი ვიცი, ვის მიერ გადმოგდებულს ჩვენს ნაღვლიან სამყაროში. როცა უშველებელი შავი თვალები გაახილა, უცნობი კაცის გამჭოლ მზერაში ამოვიკითხე, რომ ამიერიდან ის ჩემი ერთადერთი მეგობარი გახდა - აქამდე მეგობარი არ მყოლია - რადგან მივხვდი, რომ მისი თვალები იმ სამეფოს სიდიადესა და სიმძაფრეს ჭვრეტდა, რომელიც სინამდვილის მეორე მხარეს არის. იმ სამეფოსი, ჩემს წარმოსახვაში ნალოლიავების, რომელსაც ბეჯითად ვეძებდი. ხელის ერთი აქნევით გავფანტე უსაქმურები და მას განვუცხადე, რომ ჩემთან უნდა წამოსულიყო და ჩემს მოძღვრად და გიდად ქცეულიყო იდუმალის უსასრულო ძიებაში. თავის უბრალო დაქნევით დამეთანხმა. მოგვიანებით მის ხმაში ბროლის ბურთების წკრიალისა და ვიოლების ჯადოსნური მუსიკა გადამეშალა. დღე და ღამე ვსაუბრობდით და მე მის ბიუსტს ვძერწავდი ან სპილოს ძვლისგან მინიატიურებს ვთლიდი მისი პორტრეტით, რათა მათზე ამომეკვეთა და ამით უკვდავმეყო მისი გამონათქვამები.
შეუძლებელია ჩვენი გატაცებების შესახებ მოყოლა, რადგან მათ არაფერი ჰქონდათ საერთო იმ სამყაროსთან, რომელიც ადამიანის გონებამ მოიგონა.
უსასრულო სამყაროში დავქროდით, რომლის იდუმალი და დამზაფრავი არსი მატერიის, დროისა და სივრცის სხვა მხარეს მდებარეობდა და რომლის არსებობისა შეიძლება გეშინოდეს მხოლოდ ძილის გარკვეულ მდგომარეობაში. ეს სიზმრები ძილის ზღვარს მიღმა, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო სიკვდილთან, მგზნებარე წარმოსახვის ადამიანებს ცხოვრებაში ერთხელ ან ორჯერ თუ ეწვევათ. გამოღვიძებისთანავე ყველაფერი, რამაც ჩვენში შემოაღწია ამ ამოუცნობი კოსმოსიდან, იმის მსგავსად ქრება, როგორც ჰაერში იფანტება საპნის ბუშტები: სივრცეში გამოშვებული ის კარგავს კავშირს თავისი წარმოშობის წყაროსთან.
მეცნიერები დღემდე ეჭვებით სავსენი არიან, მათმა უმრავლესობამ არ იცის, რა არის სინამდვილეში სიზმარი. რამდენიმე მეცნიერი ცდილობდა ამის ახსნას. ღმერთებს გაეცინათ. აღმოსავლურთვალებიანმა კაცმა თქვა, რომ დრო და სივრცე შეფარდებითია. თავის მხრივ გაიცინეს ადამიანებმა. მაგრამ იმ კაცმა ეჭვი მაინც წარმოშვა. მე გადავწყვიტე უფრო შორს წავსულიყავი. ჩემმა მეგობარმაც. ნაწილობრივ მან წარმატებას მიაღწია. მერე ჩვენ ორივენი ეგზოტიკური ნარკოტიკის მეშვეობით ჩავიძირეთ საშინელ აკრძალულ სიზმარში, ჩემს სტუდიაში, კენტის საგრაფოს კოშკის წვერზე მყოფნი.
იმ სატანჯველებს შორის, რომლებიც ახლა ტრიალებს ჩემს თავს, ყველაზე აუტანელი არის ჩემი უძლურება გამოთქმისა. შეუძლებელია იმის მოყოლა, რა დავინახე და გავაცნობიერე ჩემი აკრძალული კვლევების დროს, იმიტომ, რომ არც ერთ ენაში არ არის სიმბოლოები, რათა მათი მნიშვნელობა გამოხატოს. და მართლაც, ჩვენი აღმოჩენები თავიდან ბოლომდე მხოლოდ შეგრძნებების დონეზე ხდებოდა. შეგრძნებების, რომლებსაც არ ჰქონდათ ცნობიერი კავშირი იმასთან, რისი რეგისტრირებაც შეუძლია ადამიანის ნერვულ სისტემას. უეჭველად ეს იყო გრძნობები, განმაცვიფრებელი კოსმოსური ელემენტების ამსახველი, რომელთა არსი არამკაფიო და გაურკვეველია.
საუკეთესო შემთხვევაში ადამიანის ენას შეეძლო გადმოეცა ჩვენი კვლევების ზოგადი ხასიათი, ის, რასაც ჩვენ ვუწოდებდით ჩაყვინთვას ან დაგეგმილ გაფრენას. ჩვენი კვლევის თითოეულ პერიოდში ხომ გონების რაღაც ნაწილი მოულოდნელად ტოვებდა სინამდვილეს, რათა მსწრაფლ შეფრენილიყო ბნელ, დამზაფრავ უფსკრულში, თან გზად ფანტავდა უფორმო ღრუბლებსა და წებოვან ორთქლს.
ამ შეუცნობელი პირქუში ფრენების დროს ხან ერთად ვიყავით, ხან ცალ-ცალკე. როცა ერთდროულად მივემართებოდით, ჩემი მეგობარი ყოველთვის წინ მისწრებდა. მის გამო მეშინოდა, მიუხედავად იმ ამორფული სუბსტანციისა, რომელშიც ვიმყოფებოდით. ერთი და იგივე სურათი მედგა თვალწინ: მოოქრულ შუქში მცურავი მისი სახე, ჭაბუკურად სავსე ლოყებით, მოელვარე მზერით, მაღალი შუბლით, შავი თმით და