თავი I
კურდღლის სოროში ელისს მოსწყინდა მდინარის ნაპირზე დის გვერდით უსაქმოდ ჯდომა. ერთიორჯერ ჩაიხედა წიგნში, რომელსაც მისი და კითხულობდა, მაგრამ იქ არც სურათები იყო და არც ლაპარაკი.
„რის მაქნისია წიგნი, – გაიფიქრა ელისმა, – რომელსაც არც სურათები აქვს და არც ლაპარაკი“?
ჰოდა, იჯდა და ცდილობდა აეწონდაეწონა გონებაში (თუმცა, უნდა ითქვას, რომ იმ დღეს საშინლად ცხელოდა, ელისს რული ერეოდა და ფიქრიც ეზარებოდა), ღირდა თუ არა გვირილების გვირგვინის დაწვნით მოგვრილი სიამოვნება იმად, რომ წამომდგარიყო და ყვავილების დაკრეფით შეეწუხებინა თავი.
და სწორედ ამ დროს ვარდისფერთვალება თეთრმა კურდღელმა
* ცხვირწინ ჩაურბინა.
აქ
დიდად გასაოცარი არაფერი იყო; ელისი
მაინცდამაინც არც იმას განუცვიფრებია, კურდღელმა რომ ჩაიბუტბუტა:
– ოჰ, ღმერთო ჩემო, როგორ მაგვიანდება!
მოგვიანებით, როცა ამ დღეს იხსენებდა, ელისს უკვე ის ეუცნაურა, რატომ არაფერმა გამაკვირვაო. იმწუთას კი ყველაფერი სავსებით ბუნებრივად მიიჩნია; ხოლო როცა
კურდღელმა ჟილეტის ჯიბიდან საათი ამოიღო, დახედა და ნაბიჯს აუჩქარა, გოგონა წამოხტა და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი უკან დაედევნა. ახლაღა გაუელვა თავში, რომ ცხოვრებაში არასოდეს ენახა ჟილეტიანი და, მით უმეტეს, საათიანი კურდღელი. ელისი გარბოდა მინდორში და ბოლო წამს თვალი მოჰკრა, როგორ შეძვრა კურდღელი ღობის ძირას დიდ სოროში.
ელისიც ფეხდაფეხ მიჰყვა მას, ისე, რომ არც კი დაფიქრებულა, უკან როგორ დაბრუნდებოდა.
ერთხანს კურდღლის სორო გვირაბივით სწორად მიემართებოდა, მერე კი უცბად დაეშვა ძირს, თანაც ისე მოულოდნელად, რომ ელისმა თავის შემაგრება ვეღარ მოასწრო და იგრძნო, რომ დაბლა ვარდებოდა, რაღაც უძირო ჭაში.
ან ჭა იყო მეტისმეტად ღრმა, ან ელისი ეშვებოდა ძალიან ნელა, ყოველ შემთხვევაში, საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ ირგვლივ მიმოევლო თვალი და გაეფიქრა, ნეტა შემდეგ რა მოხდებაო. თავდაპირველად შეეცადა, ძირს ჩაეხედა და დაენახა, რა ელოდა, მაგრამ იქ ისე ბნელოდა, რომ ვერაფერი გაარჩია. შემდეგ ჭის კედლები მოათვალიერა და შენიშნა, რომ ისინი მთლიანად ჭურჭლის კარადებისა და წიგნის თაროებისაგან შედგებოდა. აქაიქ ლურსმნებზე გეოგრაფიული რუკები და სურათები ეკიდა. ვარდნისას ელისმა ერთერთი თაროდან ქილა გადმოიღო, რომელსაც ეწერა: „
ფორთოხლის მურაბა “, მაგრამ არ გაუმართლა – ქილა ცარიელი აღმოჩნდა. ხელი მაინც არ გაუშვა, ვაითუ ქვემოთ ვინმეს თავზე დაეცეს და მოკლასო; ამიტომაც იყოჩაღა და გზად რომელიღაც კარადაში შედგა.
„აი, ვარდნაც ამას ჰქვია! – გაიფიქრა ელისმა, – ამის შემდეგ კიბიდან გადმოვარდნის სულ აღარ შემეშინდება. ჩვენები კი იტყვიან, ეს რა გაბედული გოგოაო. კრინტსაც არ დავძრავ, გინდაც სახლის სახურავიდან გადმოვეშვა ძირს (საფიქრებელია, რომ მართლა ასე იქნებოდა)“
* .
ამასობაში კი სულ ქვევით და ქვევით მიექანებოდა. ნუთუ ამას
არასოდეს ექნება დასასრული?
– საინტერესოა, ნეტა რამდენი მილი ვიფრინე? – ხმამაღლა იკითხა ელისმა, – ალბათ უკვე სადღაც დედამიწის ცენტრს ვუახლოვდები. ერთი გავიხსენო... იქამდე მანძილი, მგონი დაახლოებით ოთხი ათას მილს შეადგენს... (იცი, ელისს ბევრი ამდაგვარი რამ ჰქონდა ნასწავლი სკოლაში, ოღონდ ახლა ალბათ არ იყო
მთლად შესაფერისი დრო ცოდნის გამოსამჟღავნებლად – მას ხომ მსმენელი არ ჰყავდა. მიუხედავად ამისა, გამეორება მაინც სასარგებლოდ ჩათვალა) დიახ, სწორედ ასეა. მაგრამ ახლა კი მაინტერესებს, რა გრძედსა და რა განედს მივაღწიე (ელისს ოდნავი წარმოდგენაც არ ჰქონდა, ან გრძედი რა იყო, ან განედი, წარმოთქმა კი მაინც მოსწონდა – ეს სიტყვები ხომ ძალიან ჟღერადი და შთამბეჭდავი იყო).
მერე კვლავ განაგრძო საკუთარ თავთან ლაპარაკი:
– ვინ იცის, იქნებ დედამიწის წიაღში
სულ ბოლომდე ვიფრინო და მეორე მხარეს ამოვყო თავი? რა სასაცილო იქნება, თავდაყირა მოსიარულე ხალხში რომ აღმოვჩნდები. რა ჰქვიათ? მგონი, ანტიპათიები
* ...
ამჯერად ესიამოვნა, რომ არავინ უსმენდა: ეს სიტყვა ცოტათი ყურს სჭრიდა.
– იმ ქვეყნის სახელის გაგება კი ნამდვილად მომიწევს. მივადგები ვინმეს და ვკითხავ: „დიდი ბოდიში, ქალბატონო, ხომ ვერ მეტყვით, ეს ახალი ზელანდიაა თუ ავსტრალია?“
ლაპარაკის დროს სცადა რევერანსი გაეკეთებინა. წარმოიდგინე, როგორია
რევერანსი , როცა ჰაერში მიფრინავ. როგორ გგონია, შეძლებდი?
– ის კი, ალბათ, იფიქრებს, რას მეკითხება ეს გოგო, რა უვიცი ვინმე ყოფილაო. ჰოდა, არაფერსაც არ ვიკითხავ. იქნებ, სადმე წარწერას მოვკრა თვალი.
ამასობაში კი სულ დაბლადაბლა ეშვებოდა. სხვა რაღა უნდა ექნა, ისევ საკუთარ თავს გაუბა საუბარი:
– საწყალი დინა, როგორ მოიწყენს ამაღამ უჩემოდ!
(დინა ელისის კატას ერქვა).
– იმედი მაქვს, სამხარზე ლამბაქით რძეს დაუდგამენ. დინა, საყვარელო, ნეტა ახლა ერთად ვიყოთ! აქ, ჰაერში თაგვებს კი ვერ იპოვიდი, მაგრამ იქნებ