ნაწილი პირველი - პროლოგი
ტრამალის შამბნარში შეფარებულ ტეხასურ ხარირემს შუაღამის ძილი ცხენის ფლოქვების თქარათქურმა დაუფრთხო.
მას მწვანე საწოლი არ მიუტოვებია, ადგომაც კი არ უცდია, ეს თვალუწვდენელი ტრამალი მარტო მისი სამფლობელო როდი იყო. ღამღამობით ამ ადგილებში ველური ცხენებიც დახეტიალობდნენ. ხარირემმა ოდნავ ასწია თავი. მისი ქორბუდა რქები შამბნარს გადაეფარა. მერე ყური მიუგდო: განმეორდება თუ არა ხმაურიო.
კვლავ მოესმა თქარუნი, მაგრამ ახლა სულ სხვაგვარად გაიწკრიალეს ფლოქვებმა.
ეტყობა, ქვაზე ლითონმა გაკვესა. ამ უჩვეულო ხმამ შეაშფოთა ხარირემი. უეცრად წამოხტა, ორი ათეული იარდი გაირბინა; მაგრამ უმალვე შეჩერდა და უკან დაიწყო ცქერა: უნდოდა, დაენახა, ვინ დაუფრთხო ძილი.
სამხრეთის მოწმენდილ მთვარიან ღამეში ხარირემმა თავისი უბოროტესი მტერი – ადამიანი შეიცნო. იგი ცხენზე ამხედრებული უახლოვდებოდა მას. ინსტინქტური შიშით შეპყრობილი ცხოველი მზად იყო გასაფრენად, მაგრამ მხედრის უჩვეულო გარეგნობამ, რაღაც არაბუნებრივმა სანახაობამ ადგილზე გააქვავა. ჩაიმუხლა, აკანკალებული უკანა ფეხებით მწვანე მოლს შეეხო, თავი მოაბრუნა და დაჟინებით მიაცქერდა დაუპატიჟებელ სტუმარს დიდრონი, მუქი წაბლისფერი თვალებით, რომლებიდანაც ერთდროულად შიში და დაბნეულობა გამოკრთოდა.
რას უნდა გამოეწვია ცხოველის ასეთი დაჟინებული და გამომცდელი მზერა? ცხენს ყველაფერი თავის რიგზე ჰქონდა. უნაკლოდ შეკაზმული, ლაგამამოდებული ბედაური იყო და ისეთი არაფერი გააჩნდა, რომ გაკვირვება ან შეშფოთება გამოეწვია.
მაგრამ ადამიანი? თვითონ მხედარი? დიახ, სწორედ მხედრის გარეგნობაში იმალებოდა საშინელი საიდუმლოება.
მხედარს რაღაც აკლდა: მას თავი არ ჰქონდა. და ეს უგუნურმა პირუტყვმაც კი შეამჩნია. ხარირემი ცოტა ხანს კიდევ შეჰყურებდა უთავო მხედარს შეშინებული თვალებით, მერე კი შეძრწუნებულმა კვლავ შეკრა კამარა; და აღარც შეჩერებულა, სანამ მდინარე ლეონას ტალღები არ გადალახა და საშინელი მხედრისაგან თავი კარგა მოშორებით არ დაიგულა.
მხედარი კი გზას ისე განაგრძობდა, თითქოს შეშინებული ხარირმის გაქცევა კი არა, მისი არსებობაც არ შეემჩნიოს.
ისიც მდინარისაკენ გაემართა, მაგრამ ხარირემივით როდი ჩქარობდა: წინ მიდიოდა ნელა, მშვიდად, ისე უხმაუროდ, გეგონებოდათ, მანეჟზე მიათამაშებს ბედაურსო. თითქოს ღრმა ფიქრებში გართულს სადავე მიეშვა, რის გამოც მისი ცხენი დროდადრო გზის პირას ამოსულ ბალახს წიწკნიდა. როცა ტრამალის მგლების ყმუილზე ცხენი თავს მაღლა ასწევდა, დაიფრუტუნებდა და ჩერდებოდა, მხედარი არც შეძახილით და არც რაიმე მოძრაობით მას არ აჩქარებდა. ჩანდა, რაიმე უბრალო შემთხვევა ვერ გამოაფხიზლებდა.
არავითარი ხმა, არავითარი ჩურჩული არ ამჟღავნებდა მის შინაგან სულიერ განწყობილებას.
დამფრთხალი ხარირემი, საკუთარი ცხენი, მგელი და შუაღამის მთვარე იყვნენ მისი უტყვი ფიქრების მოწმენი.
მხედარს მხრებზე წამოგდებული ჰქონდა ფართო მექსიკური წამოსასხამი, რომლის კალთებს ნიავი არხევდა და მის სხეულს აჩენდა. ფეხზე წყალგაუმტარი ვეფხვის ტყავის ჩექმები ეცვა.
ღამის ნესტისა და ტროპიკული ცის ღვართქაფისაგან თავდაცული მხედარი წინ მიიწევდა მდუმარედ, როგორც მოციმციმე ვარსკვლავები, უზრუნველი, როგორც ბალახებში მომღერალი ჭრიჭინობელა, იდუმალებით მოცული, როგორც ტრამალის ნიავი, რომელიც მის ტანსაცმელს ელამუნებოდა.
ბოლოს, თითქოს ფიქრებიდან გამოერკვაო, მხედარი რაღაცამ ააჩქარა. ცხენმა თავი ასწია, მხიარულად დაიჭიხვინა. კისერმოღერებულმა და ნესტოებდაბერილმა, ჯერ ჩორთით გასწია წინ და მალე ნავარდზე გადავიდა.
იგი მდინარის სიახლოვემ ააჩქარა. ცხენი არ შეჩერებულა, სანამ მხედარს ანკარა წყალი ორივე მხრიდან მუხლებამდე არ შემოადგა. ცხოველი წყალს დაეწაფა, წყურვილი მოიკლა, მდინარე გადალახა და ციცაბო ნაპირს აუყვა. მაღლობზე მხედარი შეჩერდა. თითქოს ელოდა, როდის დაიბერტყავდა ცხენი წყლის წვეთებს.
უნაგირის, უზანგისა და მოსართავების ჟღარუნი ჭექა-ქუხილივით გაისმა ცხენის ტანიდან დაბერტყილ თეთრი ღრუბელივით შხეფებში. ამ თვითშექმნილ ღრუბლებში გამოჩნდა უთავო მხედარი. ის წინანდებურად განაგრძობდა გზას.
სწორ გზაზე დამდგარ ცხენს აღარ გადაუხვევია. თამამად მიქროდა, თითქოს ნაცნობ ბილიკზე მინავარდობსო.
წინ მოტიტვლებული სავანა გადაჭიმულიყო. ლაჟვარდოვან ცაზე, შორეთში, გამოიკვეთა დამახინჯებული კენტავრის სახის მსგავსი გამოსახულება, რომელიც თანდათან მიეფარა თვალს და მთვარის იდუმალი შუქის მიღმა სრულად შთაინთქა წყვდიადში.