-1- -
ყვავილების ქვეყანა
ლინდა ფლორიდა! – ყვავილების მშვენიერო ქვეყანავ!
ასე მოგესალმა თავის კარაველიდან ფათერაკების მოყვარული მამაცი ესპანელი‚ როცა პირველად გიხილა.
ბზობა იყო – ყვავილების დღესასწაული – და ღვთისმო-სავმა კასტილიელმა ეს კარგის მომასწავებელ ნიშნად მიიღო‚ ყვავილების ქვეყანა გიწოდა და შენც ნამდვილად იმსახურებ ამ საამაყო სახელს. ეს სამასი წლის წინათ იყო. მთელი სამი საუკუნე გავიდა მას შემდეგ‚ მაგრამ ეს სახელი შენ დღესაც გიხდება. დღესაც ბარაქიანად ყვავის შენი წარაფები და სავანეები‚ როგორც ამ სამასი წლის წინათ ყვაოდა‚ როცა მამაცმა ესპანელმა ფეხი დაადგა შენს მიწას.
შენი ტყეები ისევ უღრანია და ხელშეუხებელი. მწვანედ ბიბინებს შენი სავანები. ისევ საამო სურნელება ტრიალებს შენს ანისის‚ ფორთოხლის‚ ნუშისა და მაგნოლიის სურნელოვან წარაფებში. შენს ჭაობებში ცამდე აზიდულა უზარმაზარი კვიპაროსი‚ გოლიათი კედარი‚ ევკალიპტი და დაფნა. ვერცხლისფრად მბზინავ ქვიშიან ფერდობზე ისევ ირხევა ფიჭვი და წიწვიანი ტოტები ჩასწვნია პალმის ფოთლებს. რა არა ხარობს შენს კურთხეულ მიწაზე! ჩრდილოეთისა და სამხრეთის – ცივი და ცხელი ქვეყნის ხეები ტოტებგადახლართულები ერთმანეთის გვერდიგვერდ რომ დგანან.
მშვენიერო ფლორიდა! შენი ნახვა ვის არ აუჩქროლებს გულს?! შენი მნახველი ვინ არ დაიჯერებს‚ რომ კურთხეული ქვეყანა ხარ! არც ის გაუკვირდებათ‚ ასე ბრმად რად სჯეროდათ ადრეულ მოგზაურებს‚ რომ შენს წიაღიდან ამოჩუხჩუხებს უკვდავების წყაროები და შენი ნაკადულები სიჭაბუკეს უბრუნებს ადამიანს.
და მაინც ცვლილებას გატყობ. ისევ ის მიდამოებია‚ ხალხი კი სხვაა! სად არიან შენს მიწაზე ნაშობი და შენი ძუძუთი გამოზრდილი წითელკანიანები! მე მათ ვეღარა ვხედავ. შენს მინდვრებში თეთრკანიანები და ზანგები ტრიალებენ‚ წითელკანიანები აღარ არიან. ვხედავ ევროპელებსა და აფრიკელ ხალხს‚ მაგრამ ინდიელები არა ჩანან. იმ ძველი მოსახლეობიდან‚ ვინც ოდესღაც შენი ღვიძლი შვილი იყო‚ ერთიც აღარ არის‚ სად არიან!?
წავიდნენ‚ ყველანი წავიდნენ! შენს ყვავილოვან ბილიკებს ისინი აღარ თელავენ‚ შენს კამკამა წყალს აღარ მოაპობს მათი ნავები‚ სურნელოვან ნიავს აღარ მოაქვს ტყიდან მათი ხმები‚ აღარ ისმის ხეებშორის მათი მშვილდების ზუზუნი. ისინი შორს წავიდნენ შენგან‚ შორს და სამუდამოდ.
მაგრამ ისინი თავისი ნებით არ წასულან აქედან. შენ ვინ დაგტოვებს თავისი სურვილით?! არა‚ ლამაზო ფლორიდავ; შენი წითელკანიანი შვილები შენი ერთგული იყვნენ. ო‚ რა მძიმე იყო შენთან განშორება. დიდხანს ებღაუჭებოდნენ საყვარელ მიდამოებს‚ სადაც ბავშვობა გაატარეს. დიდხანს იბრძოდნენ თავგანწირულად. დიახ‚ ისინი თავისი ნებით არ წასულან‚ – ისე მოსწყვიტეს მის მკერდს‚ ძუ მგელს რომ ლეკვებს მოსწყვეტენ‚ და გარეკეს შორს‚ დასავლეთისაკენ.