თავი I
ჭაბუკ მონადირეთა ბანაკი სამხრეთ აფრიკის ორი დიდი მდინარის - ორანჟისა და ვაალის - შესართავთან ჭაბუკი მონადირეების ბანაკი მოჩანს. ბანაკი მდინარე ორანჟის სამხრეთ ნაპირზეა გაშლილი, ბაბილონური ტირიფის ჭალაში. ამ ხეთა ვერცხლისფერი ფოთლები კეკლუცად დახრილან წყლისკენ და დიდებული მდინარის ორივე ნაპირს გასდევენ თვალსაწიერამდე. ბაბილონური ტირიფი იშვიათი სილამაზის ხეა. თვით პალმაც კი, ტყის დედოფალი, ბევრად ვერ აღემატება მას მშვენებით.
ჩვენში ამ ტირიფის დანახვა სევდას იწვევს, რადგან მას გლოვის სიმბოლოდ მივიჩნევთ, მტირალ ტირიფს ვუწოდებთ და მისი ვერცხლისფერი სუდარით საფლავებს ვრთავთ. მაგრამ, სულ სხვა გრძნობებს უღვიძებს ეს ლამაზი ხე სამხრეთ აფრიკის უწყლო ზეგანზე მოხვედრილ მგზავრს.
ამ ქვეყანაში მდინარესა და ნაკადულს ძალზე იშვიათად შეხვდებით და მტირალა ტირიფი, როგორც წყლის სიახლოვის უტყუარი ნიშანი, აქ სიხარულის სიმბოლოა და არა სევდის.
ახლაც, მის ჩრდილქვეშ შეფარებულ ბანაკში, დიდებული მდინარე ორანჟის ნაპირას, მხიარულება სუფევს, ერთთავად ხმამაღალი წკრიალა კისკისი მოისმის და ამ ხმას მეორე ნაპირიდან ეხმაურება ექო.
მერედა, ვის ეკუთვნით ეს ხმამაღალი სიცილ-ხარხარი? ჭაბუკ მონადირეებს.
ვინ არიან ეს ჭაბუკები?
მოდით, ბანაკთან მივიდეთ და ახლოდან შევხედოთ მათ. ახლა ღამეა, მაგრამ კოცონის ელვარე შუქი საშუალებას იძლევა დავინახოთ ყველა, ვისაც მის გარშემო მოუყრია თავი. ამავე შუქზე მოვხაზავთ მათ პორტრეტებსაც.
ყველანი აქ არიან - ექვსივე, და არც ერთი მათგანი არ არის ოც წელზე მეტის. ბიჭები არიან, ათიდან ოც წლამდე, თუმცა, ორი-სამი, და შეიძლება დანარჩენებიც, თავს უკვე სრულყოფილ მამაკაცებად მიიჩნევენ.
სამ მათგანს შეხედვისთანავე იცნობთ. ისინი ხომ ჩვენი ძველი მეგობრები არიან - ჰანსი, ჰენდრიკი და იანი, ყოფილი „ტყის ბიჭები“.
მას შემდეგ, რაც ბიჭები უკანასკნელად ვნახეთ, რამდენიმე წელი გავიდა. ყმაწვილები გაიზარდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ არ ეთქმით კაცები. მართალია, „ტყის ბიჭები“ აღარ არიან, თუმცა ჯერ ისევ ბავშვებად ითვლებიან. იანს, რომელსაც ყოველთვის „პატარა იანს“ ეძახდნენ, ახლაც ამ სახელით მიმართავენ, და არცთუ ტყუილად. ძალიან რომ გაიჭიმოს და ფეხის წვერებზეც შედგეს, მაშინაც კი მისი ქოჩორი ძლივს გაუსწორდება ოთხი ფუტის სიმაღლის სარს.
ჰანსმა ტანი აიყარა, მაგრამ ადრინდელზე უფრო გამხდარი და ფერმკრთალია. ორი წელი სასწავლებელში გაატარა, ბეჯითად ჩაჰკირკიტებდა წიგნებს და თავიც გამოიჩინა, ყველა საგანში პირველი ჯილდო მიიღო.
ჰენდრიკი შესამჩნევად გამოიცვალა. უფროს ძმას სიმაღლითაც აჯობა, მხრების სიგანითაც და თითქმის დაკაცდა კიდეც. უკვე თვრამეტი წლისაა. ლერწამივით ტანწერწეტი, გაბედული შესახედაობა და ჯარისკაცის მძიმე ნაბიჯი აქვს. არც არის გასაკვირი, იგი ხომ წელიწადზე მეტხანს კორნეტად მსახურობდა კაპის ცხენოსან მსროლელთა პოლკში. ახლაც აქვს ეს წოდება, ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუ მის ოქრომკედით ნაკერ ქუდს შეხედავთ.
აი, ყოველივე ის, რაც გვინდოდა გვეთქვა ჩვენს ძველ ნაცნობებზე - „ტყის ბიჭებზე“.
მაგრამ, ვინ არიან სხვები, მათთან ერთად რომ მიფიცხებიან ცეცხლს?
როგორც ეტყობათ, მათი მეგობრები უნდა იყვნენ.
ვინ არიან?.. ვან უეიკები გახლავთ, დიდრიკ ვან უეიკის ვაჟიშვილები.
დიდრიკ ვან უეიკი ვინღაა? ესეც უნდა მოგახსენოთ. დიდრიკი ძალზე მდიდარი მესაქონლე ბურია. მისი მოჯამაგირეები ყოველ საღამოს კრაალებში სამი ათას სულზე მეტ ცხენსა და მსხვილრქიან საქონელს ამწყვდევენ, ცხვარსა და თხას ხომ თვლა აღარა აქვს. დიდრიკ ვან უეიკს სამართლიანად მიიჩნევენ გრააფ-რეინეტის უმდიდრეს მესაქონლე-ფერმერად.
დიდრიკ ვან უეიკის ვრცელი მამული ჩვენი ძველი ნაცნობის ჰენდრიკ ვან ბლოომის ფერმის მეზობლადაა. ჰენდრიკი და დიდრიკი განუყრელი მეგობრები არიან. დღეში ერთხელ მაინც ხვდებიან ერთმანეთს: ყოველ საღამოს ჰენდრიკი ცხენით მიემგზავრება დიდრიკის კრაალში, ან დიდრიკი მიდის მასთან, რომ ერთად მოსწიონ გრძელი ჩიბუხები ან თითო ჭიქა ბრანდვეინი გადაკრან, რომელსაც საკუთარ მამულში მოწეული ატმისგან ხდიან.
ბევრი რამ გადახდენიათ თავს ახალგაზრდობაში. ორივემ გამოსცადა სამხედრო სამსახური და, ჯარისკაცური ჩვეულების თანახმად, უყვარდათ ძველი ამბების მოგონება, გადახდილი ბრძოლების ხელახლა გახსენება.
რაღა გასაკვირია, რომ მათი შვილებიც მეგობრობდნენ. მაგრამ, გარდა ამისა, ეს ორი ოჯახი ენათესავება კიდეც ერთმანეთს. მათი დედები ბიძაშვილები იყვნენ. ეს ძალზე მრავლისმეტყველი ფაქტია, და არავის გაუკვირდება, თუ ერთ მშვენიერ დღეს ვან ბლოომისა და ვან უეიკის ოჯახები კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდებიან ერთმანეთს. საქმე ის არის, რომ ვან ბლოომს (როგორც მთელმა ქვეყანამ იცის), ჰყავს ქალიშვილი - ოქროსთმიანი, ლოყაწითელი ტრეიი. ვან უეიკი კი მამაა მშვენიერი შავგვრემანი ვილჰელმინასი. მოხდა ისე, რომ ორივე ოჯახში სამ-სამი ვაჟიშვილი აღმოჩნდა, და თუმცა ბიჭებიც და გოგონებიც ჯერ ძალზე ახალგაზრდები არიან საიმისოდ, რომ ქორწინებაზე იფიქრონ, მაგრამ ხალხი მაინც ლაპარაკობს იმაზე, რომ სულ მალე ვან ბლოომები და ვან უეიკები ორმაგი ქორწინებით