თეთრი თათმანი -
თავი I -
მარიონ უედი
უსიერ ტყეში შემოყრილი ქალი, ბოშაც რომ იყოს, ან ფიჩხის მოსაგროვებლად გამოსული გლეხის გოგონა, მაინც ცნობისმოყვარეობას აღძრავს. ოქროსთმიანი მზეთუნახავის შეხვედრა კი ცნობისწადილის გარდა ძალაუნებურად დაატყვევებს კაცის თვალს, განაცვიფრებს და გულს მოკრძალებული აღფრთოვანებით აღუვსებს. მარიონ უედის მშვენიერება სწორედ ასეთ გრძნობებს აუშლიდა მნახველს. კეთილშობილი, მწყაზარი ქერათმიანი ქალიშვილი მარტოდმარტო გამოსულიყო ტყეში. თეთრ ცხენზე იჯდა, ცერზე მიმინო დაესვა, უკან მწევარი მისდევდა და ეს კიდევ უფრო მეტ ინტერესს აღძრავდა, რადგან ირგვლივ ძეხორციელის ჭაჭანება არ იყო.
ცხენს, მიმინოსა და ძაღლს თუ არ ჩავთვლით, ქალი მარტოდმარტო იყო.
ეტყობა, თვითონ მოინდომა განმარტოება, თორემ სერ მარმადიუკის ასულს მარტოკას ვინ გამოუშვებდა ტყეში! მამამისის ამალიდან ბარე ოცი მამაცი რაინდი მაინც მიიჩნევდა ბედნიერად თავს მარიონის თანხლებით.
შემოდგომის მზე შუბისტარზე იდგა. ოქროსფერი სხივები მწვანე ფოთლებში მიიკვლევდა გზას და მოელვარე სილურჯეში ირეკლებოდა, რაც ცის თაღის ფერს თუ შეედრებოდა. ეს არც ლუში სუმბულისა იყო, ახოებში რომ შეხვდება კაცს, არც გზის პირებზე გაბნეული მორცხვი იისა. ოქტომბერში არც ერთი ყვავის და არც მეორე. ეს გახლდათ მარიონ უედის უძირო თვალების მომნუსხველი სილურჯე.
ქალის ქერა ნაწნავებში მოთამაშე მზის სხივი უცებ აენთებოდა, თმის ოქროსფერში გაიბნეოდა და ცეცხლოვან კოცნას მიუძღვნიდა მარიონის კულულებსა და ლოყებს, რომლებიც დაბურულ ტყეშიც კი ვარდისფრად ღუოდნენ.
ნეტავ რამ წამოიყვანა მარიონი ტყეში, სულ მარტოდმარტო? ვითომ სანადიროდ გამოვიდა?
ერთი შეხედვით სწორედ ამას იფიქრებდა კაცი - თათმანიან ხელზე მიმინო ეჯდა, მაგრამ უკვე რამდენჯერმე მაცდუნებლად ჩაუქროლა ჩიტმა, თავზე ჩაჩჩამოცმული მიმინო კი გაუნძრევლად იჯდა და არც თასმით შებორკილი ფეხები შეუხსნია მისთვის პატრონს.
იქნებ გზა აებნა?
არა! ქალი ბილიკს ადგა, ცოტა მოშორებით დიდებული, მესერშემოვლებული პარკი გადაჭიმულა. პარკს გასწვრივ შარაგზა ჩაუდის. ბაღის სიღრმეში, დაბურულ ხეებს შორის, მედიდური შენობა წამომართულა, ეს ბელსტროდია, ალფრედ დიდის დროინდელი პარკი, ქალი იმ სახლის პატრონია, ასე რომ, გზა არ აერეოდა, არ დაიკარგებოდა.
მაშ რაღას ატრიალებს ერთ ადგილზე ცხენს? ცოტას გაივლის, ლაგამს მოსწევს, ისევ მიუშვებს. თუ გზა არ არევია, ფიქრები მაინც არეული აქვს.
ეტყობა, მოსწონს გამეფებული სიჩუმე: წამდაუწუმ შეაჩერებს ცხენს, წინ გადაიხრება და დააყურადებს.
თითქოს ვიღაცას ელოდებაო.
აი, შორიდან ფლოქვების თქარათქური მოისმა. ტყეში ვიღაც მხედარი მოდის. ჯერ ვერავის ხედავს მარიონი, მაგრამ ხვდება, რომ ცხენოსანი მას უახლოვდება.
იქვე ახო მოჩანს. ახოს ბილიკი კვეთს, რომელიც ბელსტროდის პარკის ერთ-ერთ ჭიშკართან შარაგზას გამოეყოფა, გორებს გადაივლის და ჩრდილო-დასავლეთისკენ მიემართება.
სწორედ ამ ბილიკს ტკეპნის მარიონ უედი. ხან გადაუხვევს გზიდან, ხან შეაჩერებს ცხენს, მაგრამ იქაურობას კი არ შორდება. ბოლოს ახოში შევიდა.
ნაკაფის შუაგულში უშველებელი წიფლის ხე დგას. ტოტები ისე ფართოდ გადაუშლია, თითქოს იქაურობას მწვანე გავალაკად უნდა გადაეფაროსო. ბილიკი სწორედ ამ წიფლის ტოტებქვეშ მიემართება.
მშვენიერმა მხედარმა წიფლის ძირში შეაჩერა ცხენი. ალბათ შუადღის მზის მწეველ სხივებს მოარიდა ბედაური, მიმინო და ძაღლი.
მაგრამ არა! ქალს სულ სხვა მიზანი აქვს, ამ ხის ქვეშ იმიტომ შეჩერდა, რომ მოახლოებულ ცხენოსანს ელოდება. ამ წუთში არც ცხენი ახსოვს, არც ძაღლი და არც მიმინო.
სიხარულით ანთებული მომლოდინე თვალებით დაჟინებით იყურება იქითკენ, საიდანაც ცხენის ფლოქვების ხმა ისმის. და აი, მოსახვევში მხედარი გამოჩნდა, ჩვეულებრივ სამგზავრო ცხენზე გადამჯდარი, უხეშ ტანსაცმელში გამოწყობილი გლეხი!
ნუთუ ამას ელოდა მარიონ უედი?
ამ კითხვას ზიზღნარევი შეძახილი უპასუხებს, ქალის ტუჩებს რომ მოსწყდა:
- ო, ამ ჯლაყუნზე უნდა მივმხვდარიყავი, რომ ის ბედაური არ იყო. გლეხი არ ყოფილა?!
გლეხი მარიონს დაუპირდაპირდა და ისე უხერხულად დაუკანტურა თავი, რომ ქოჩორი სახეზე ჩამოეშალა. სალამზე ძლივს აღირსეს პასუხი - უფრო სწორად, თავის ოდნავ მედიდურად დაქნევა აკმარეს. გლეხი საშინლად გააკვირვა ასეთმა მისალმებამ. კარგად იცნობდა ახალგაზრდა ლედის - სერ მარმადიუკის ქალი ყველას თავაზიანად ექცეოდა და სოფელსაც ძალიან უყვარდა. საიდან უნდა მიმხვდარიყო, რომ მას იმედი გაუცრუა! მალე გლეხი თვალს მიეფარა და ქალმაც მაშინვე მიივიწყა, აღარც ცხენის მინელებულ ჯლაყუნს უგდებს ყურს. მისი ყურადღება სხვა ხმებმა მიიპყრო, ერთბაშად შემოესმა ცხენის თქარუნი, რომელიც მთელ ტყეში ხმიანობდა.
თქარუნი თანდათან ახლოვდებოდა და ბოლოს ბილიკის მოსახვევში მეორე ცხენოსანი გამოჩნდა.
რა დიდი განსხვავებაა ამასა და იმ გლეხს შორის!
ეს მოხდენილი ვაჟკაცია, დეზებასხმული, ქუდში ფრთაგარჭობილი. მხედარი შავ მერანს მოაგელვებს. ჩიჩვირიდან გადმონადენი ქაფი ცხენს თოვლის ფანტელებივით ეცემა მკერდზე.
თვალის შევლებაც კი საკმარისი იყო, რომ მიმხვდარიყავით, ვის ეკუთვნოდა ქალის სიტყვები - „ბედაურიო“. რაც შეეხება მხედარს,