ოკეანეში დაკარგულები თავი I
ალბატროსი
ფრთაგაშლილი ალბატროსი – "ზღვის ძერა" ლაღად დაჰფარფატებდა უკიდეგანო ატლანტის ოკეანეს. უცებ წამით შეყოვნდა, ქვემოთ რაღაც საგანმა მიიპყრო მისი ყურადღება.
ეს იყო ჩვეულებრივ მაგიდაზე ოდნავ მოზრდილი, დელფინის ბარჯისა და განივი აფრის ძელებისაგან შეკრული ტივი, რომელიც ორიოდე სხვადასხვა ზომის, ჯვარედინად გადაჭდობილი ფიცრით გაემაგრებინათ. იქვე უწესრიგოდ ეყარა აფრის რამდენიმე ნაჭერი.
ამ უბადრუკ ტივზე ორ არსებას შეეფარებინა თავი: ერთი კაცია, მეორე - ბიჭი. აფრაზე მიწოლილ ბიჭს, როგორც ჩანს, სძინავს; კაცი კი დგას, ხელით მზეს იჩრდილავს და გულდასმით გასცქერის სივრცეს.
მის ფერხთით, აფრის ტილოზე, რკინის ბერკეტი, ორი ნიჩაბი და ნაჯახი ყრია. სხვას ალბატროსის მახვილი თვალიც კი ვერ ამჩნევს ვერაფერს.
ალბატროსი კვლავ დასავლეთისაკენ მიიწევს, ათიოდე მილის შემდეგ ისევ ანელებს ფრენას, ფართოდ გაშლილი ფრთებით ლივლივებს და ქვემოთ იცქირება.
ოკეანის ზედაპირზე კიდევ ერთი უძრავი ტივი ჩანს. კაცმა რომ თქვას, ორივეს ტივი ჰქვია, თორემ მეტი არაფერი აქვთ საერთო. ეს უკანასკნელი პირველ ტივს ათჯერ მაინც აღემატება. იგი ანძის ძელებით, გემბანისა და ქიმის ფიცრებითა და დირეებით შეუკრავთ, გვერდებზე კი ცარიელი კასრები მიუმაგრებიათ წონასწორობისათვის. სახელდახელოდ აღმართულ ორ ანძაზე ოთხკუთხედი ტილოა გადაჭიმული, თვით ტივზე კი უთავბოლოდ მიყრილ-მოყრილია კასრები, ორცხობილას ცარიელი ყუთები, ნიჩბები, ბარჯები და სხვა ათასგვარი ნივთი, რომელთა შორის ოცდაათზე მეტი კაცი მოკალათებულა: ზოგი ზის, ზოგი დგას, ზოგიც არხეინად წამოწოლილა... მოკლედ, ვისაც როგორ სურს.
ბევრი მათგანი გარინდულა, თითქოს თვლემსო, მაგრამ ისე გაშხლართულან და სახეზეც ისეთი გამოთაყვანებული გამომეტყველება აქვთ, რომ აშკარაა, მთვრალები არიან. ზოგი ხელების უთავბოლო ქნევითა და ყაყანით ამჟღავნებს თავის სიმთვრალეს, ამასობაში კი რომით სავსე ტოლჩა ისევ ხელიდან ხელში გადადის. ტივზე მხოლოდ რამდენიმე კაცია ფხიზელი. მათ საოცრად დამშეული სახეები აქვთ, არაქათგამოლეულნი დგანან თუ სხედან და დროგამოშვებით გახედავენ ხოლმე უკიდეგანო სივრცეს, მაგრამ სულერთია, იმედის ნაპერწკალი უმალ ქრება და სასოწარკვეთილება ეუფლება ყველას.
ალბატროსი ამაოდ როდი დაჰყურებს ასე მოუთმენლად ტივზე მსხდომთა ყოველ მოძრაობას, იგი ინსტინქტით გრძნობს, რა დიდებული ნადიმი მოელის.
ისევ დასავლეთისაკენ მიფრინავს ალბატროსი. თითქმის ათი მილი კიდევ გაიარა და, მართალია, ტივზე მსხდომნი ვერაფერს ხედავენ, მაგრამ მის მახვილ თვალს აბა რა გამოეპარება: წყლის ზედაპირზე რაღაც უჩვეულო საგანი ლივლივებს, ზემოდან ბუზისოდენა ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ეს ნავია, გემებზე რომ მიაქვთ ხოლმე. ნავში ექვსი კაცია. არავითარი აფრა ნავს არ აქვს, ეტყობა, არც კი უცდიათ აფრის აღმართვა. ნიჩბებიც იქვეა, მაგრამ ხელს არავინ ხელს ჰკიდებს. როგორც ჩანს, ნავში მყოფთ გადარჩენის ყოველგვარი იმედი გადაეწურათ და ნავი ტალღების ანაბარა მიუშვეს, სწორედ ისე, როგორც ტივები მიჰყვებიან ზღვის დინებას.
ალბატროსი რომ გონიერი არსება ყოფილიყო, რა თქმა უნდა მიხვდებოდა, რომ ყოველივე ეს, ნავიც და ტივებიც, გემის დაღუპვაზე მეტყველებდა; რომ სადღაც შორიახლოს ან ჩაიძირა რომელიღაც გემი, ან ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
პატარა ტივისაგან აღმოსავლეთით, ათიოდე მილის მანძილზე, ჯერ კიდევ ჩანდა დაღუპული გემის ნაშთები. ეს ნახევრად დამწვარი ძელები თუ ფიცრები ნათლად მოწმობდა, რომ გემი ქარიშხალმა კი არა, სწორედ ხანძარმა იმსხვერპლა, ხოლო მთელი ერთი მილის მანძილზე მიმოფანტული ნამსხვრევები იმის ნიშანი იყო, რომ გემზე ხანძარი უეცარმა და საშინელმა აფეთქებამ გამოიწვია.
გადარჩენილი ნავის კიჩოზე ჩანდა წარწერა – "პანდორა". იგივე სიტყვები იყო დიდი ტივის კიდეებთან დამაგრებულ კასრებზე, რომლებითაც წყალი მოემარაგებინათ. პატარა ტივის ჯვარედინად გაკრულ ფიცრებზე კი უფრო მსხვილი ასოებით ეწერა სიტყვა "პანდორა". ეს ფიცრები ოდესღაც აქეთ-იქიდან ჰქონდა მიკრული გემის ქიმზე აღმართულ ანძას, ახლა კი ტივის გასამაგრებლად გამოეყენებინათ.
ამდენად, ცხადი იყო, რომ დაღუპულ გემს "პანდორა" ერქვა.
თავი ІІ
ხანძარი გემზე
ახლა კი დაწვრილებით გიამბობთ "პანდორას" დაღუპვის ამბავს.
"პანდორა" ინგლისის ნავსადგურიდან გამოსული, ზანგებით მოვაჭრე ერთადერთი გემი როდი იყო. რას იზამ, ჩვენს დროშიც ხდება საუბედუროდ ასეთი რამ. გემის ეკიპაჟი თავზე ხელაღებული არამზადებისაგან შედგებოდა, თანაც სულ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები იყვნენ. ასეთი გახლდათ სამანძიანი გემი "პანდორა".
თავისი უკანასკნელი და საბედისწერო რეისით "პანდორა" გვინეის ყურის ნაპირებისაკენ გაეშურა. იქ იგი სასწრაფოდ დაიტვირთა (გემზე აიყვანეს ხუთასი უბედური ზანგი ანუ "საქონელი", როგორც მათ დაცინვით უწოდებდნენ მონებით მოვაჭრენი) და ბრაზილიისაკენ გაუყვა, სადაც ჯერ კიდევ მისდევდნენ მონებით ვაჭრობას.
შუა გზაც არ გაევლოთ, რომ გემზე მოულოდნელად საშინელი ხანძარი გაჩნდა და ვერაფრით ჩააქრეს. მერე ის იყო, ამ ალიაქოთსა და არეულობაში მაშეველი ნავები ჩაუშვეს, მაგრამ ამაოდ: