თავი I
ადგილი, სადაც ეს ამბავი მოხდა, ამერიკის კონტინენტის სიღრმეშია და ორივე ოკეანის სანაპიროდან ათას მილზე მეტი მანძილით არის დაშორებული.
თუ ჩემთან ერთად ამოხვალთ იმ ზეცამდე აღმართულ მთაზე, დაბლა გადაშლილ სანახებს მთის თოვლიანი მწვერვალიდან გადახედავთ.
აი, ჩვენ უკვე უმაღლეს თხემზე ვართ. აბა, რა მოჩანს თვალსაწიერზე? ჩრდილოეთით, მთელი ოცდაათი პარალელის გადაკვეთაზე, ზედ ჩრდილოყინულოვანი ოკეანის ნაპირებამდე, მთებს იქით ისევ მთებია, იმ მთებს იქითაც მთები და ეს მთათა ქაოსი ერთმანეთში ირევა. უწესრიგოდ აღმართულან მთები სამხრეთშიც. მთათა ეს უწყვეტი ჯაჭვის რგოლები ხან შორდება ერთმანეთს, ხანაც კვანძად იკვრება. დასავლეთის მხარესაც ცამდე აწვდილი მთებია. მათი უთანაბრო მოხაზულობა მკაფიოდ ჩანს ცის დასალიერზე. მთების ძირას კი ვრცელი ზეგნები გადაშლილა.
ახლა აღმოსავლეთისკენ ვიბრუნოთ პირი. არც ერთი მთა არ მოჩანს, სადამდეც კი თვალი მისწვდება. იმის იქითაც, კიდევ ათასობით მილზე შიშველი ტრამალია. აგერ, ის მუქი ხაზი, ჰორიზონტზე რომ შეინიშნება, მხოლოდ კლდოვანი კიდეა მეორე ზეგნის, ასეთივე პრერიის, ოღონდ ზღვის დონიდან ცოტათი უფრო მაღლა აწეულა.
ჩვენ სადღა ვიმყოფებით? რომელ მწვერვალზე? სიერა-ბლანკაზე, რომელსაც მონადირეები „ესპანეთის პიკს“ ეძახიან. ჩვენ დიდი პრერიების დასავლეთ კიდეზე ვართ.
აღმოსავლეთის მხარეს თვალი ცივილიზაციის ვერავითარ ნიშანწყალს ვერ შენიშნავს. ამ მხარეში შეიძლება მთელი თვე იმოგზაუროთ, მაგრამ ცივილიზაციის კვალს ვერსად წააწყდებით. ჩრდილოეთშიც, სამხრეთშიც - ყველგან მხოლოდ მთებია.
სულ სხვა სანახაობაა დასავლეთში. დურბინდით რომ გადაიხედოთ, მზეზე მოლაპლაპე მდინარის სანაპიროს გაყოლებით დამუშავებულ ყანებს მოჰკრავთ თვალს. ეს ახალი მექსიკის სამოსახლო ადგილებია, რიო დელ ნორტეს წყლით დაპურებული ოაზისი. მაგრამ ამბები, რომელთაც ახლა შევეხებით, აქ არ მომხდარა.
ერთხელ კიდევ შეავლეთ თვალი აღმოსავლეთს და თვალწინ მოქმედების ადგილი გადაგეშლებათ. იმ მთის ძირიდან, რომლის თავზეც ჩვენ ვიმყოფებით, შორს, აღმოსავლეთისკენ ფართო ზეგანი გადაჭიმულა. ზეგანი პირდაპირ ებჯინება მთას და აქედან ერთი ნაბიჯიც საკმარისია, რომ კლდოვან, ფიჭვნარით დაფარულ ფერდობზე მოექცეთ.
ამ ზეგანს ერთფეროვანს ვერ უწოდებ. ის ადგილები, სადაც მიწას ბალახი მოსდებია, მწვანე ფერისაა, მაგრამ მეტი ნაწილი უნაყოფოა და საჰარის უდაბნოსავით შიშველი. აგერ რუხი, მზით გარუჯული მიწა, რომელზეც ბალახის ნატამალსაც ვერ ნახავთ, იქით კი მოყვითალო ქვიშრობია, ხოლო უფრო მოშორებით ყველაფერი თოვლივით თეთრია. იმ მწვერვალის ზედაპირზე კი, ჩვენ რომ ვდგავართ, მარილს ამოუღწევია.
აქაურ ღარიბ მცენარეულობას მიწისთვის მწვანე ქათიბი ვერ ჩაუცმევია. აგავის ფოთლები ალისფრად დაწინწკლულა, კაქტუსების უფერული სიმწვანე კიდევ უფრო უსიცოცხლოდ გვეჩვენება, რადგან ერთიანად ბასრი ეკლებით დაფარულა. იუკას წვეტიან ფოთლებს მტვრისგან რუხი ფერი დასდებია და ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს, თითქოს ჟანგმოდებული ხიშტების კონა შეუკრავთო. ჯუჯა, ჩამომხმარ აკაციას ჩრდილი თითქმის არა აქვს და მის ქვეშ დიდი შავი ხვლიკები და ჩხრიალა გველები გაჭირვებით აფარებენ თავს. აქა-იქ განმარტოებით დგანან შიშველტანა და თავქოჩორა ჯუჯა პალმები. ეს პალმები აქაურობას აფრიკულ იერს აძლევენ. ჩვეულებრივ, სადაც საგნები კუთხოვანი და ეკლიანი გვეჩვენება, თვალი იოლად იღლება. იქ კი არა მარტო ხეები, არამედ ყველა მცენარე ასეთი მოჩანს და თითქმის ყოველ ბალახს საკუთარი ეკლები აქვს.
სამაგიეროდ, რა სიამოვნებით აღვსილი მიაპყრობ მზერას მომხიბლავ ხეობას, მთის ძირიდან რომ მიიმართება აღმოსავლეთისკენ! მმერედა, როგორი კონტრასტია იმ უწყლობით გამომშრალ, გამოფიტულ ზეგანთან! ხეობის შიგნით ველი ფიანდაზად გადაშლილა, მწვანედ ხასხასებს და ნაირფერი ყვავილებით ისეა მოფენილი, რომ ძვირფასი თვლებით დამშვენებული გეგონებათ. დაჩრდილული ჭალები თითქოს თავისთან გიწვევენ. აქ ერთმანეთში გადაუხლართავთ ტოტები ბამბის მაგვარი ნაყოფის მქონე ჭადარს, ჩინურ ველურ ხეს, მუხას, ტირიფს. მოდით, ჩავიდეთ და უფრო ახლოდან ვიხილოთ ყოველივე.
აგერ, უკვე ზეგნის კიდესთან ვართ, მწვანედ მოხასხასე ველი კი ჯერაც შორსაა. იქამდე სულ მცირე, ათასი ფუტი მაინც იქნება, მაგრამ მთის თავზე აღმართული ციცაბო კლდის კონცხიდან მთელი ხეობა ჩანს რამდენიმე მილის მანძილზე. მწვანე ველი ისეთივე ვაკეა, როგორიც მის ზემოთ გაშლილი ზეგანი და ზემოდან რომ დასცქერი ამ ნაყოფიერ ხეობას, ისეთი აზრი გებადება, თითქოს აქ დედამიწის ქერქი გაგანიერებულა, ზეგნის ეს ნაწილი დაბლა ჩაწეულა და დედამიწის იმ ფენას შეხებია, საიდანაც მცენარე თავის სასიცოცხლო ძალას იღებს, რასაც ზეგნის ზედა ნაწილი მოკლებულია. ხეობის ორივე მხარეს, სადამდეც თვალი სწვდება, ფრიალო კლდეები აღმართულან. მათი თითქმის ათასფუტიანი სიმაღლის ციცაბო კედლები მიუვალია, მხოლოდ რამდენიმე ადგილას შეიძლება აცოცდეს კაცი. კლდეებს შორის მანძილი ათი მილი იქნება. ისინი ერთი სიმაღლისაა და ისე ჰგვანან ერთმანეთს, რომ ვერ გაარჩევ. პირქუში და ტლანქი ქარაფები გარს შემოსჯარვიან სტუმართმოყვარე, წითლად მოზიმზიმე ხეობას და ეს უკანასკნელი ხელით ნაჩორკნ, მუხის