იერიქონის ვარდი იერიქონის ვარდი. გულის უკვდავების წყალში, სიყვარულის, მწუხარებისა და სინაზის ანკარა სინოტივეში ვძირავ ჩემი წარსულის ფესვებსა და ღეროებს. და უკვე მერამდენად ხდება საოცრება - იფოთლება ჩემი სანატრელი მორჩი. წადი, გამშორდი გარდაუვალო დროო, როცა ბოლო წვეთამდე ამოშრება ეს სინოტივე, განიძარცვება და გამოიფიტება გული და ერთხელ და სამუდამოდ დავიწყებას მიეცემა ჩემი ვარდი იერიქონისა.
ივან ბუნინი, „იერიქონის ვარდი“
ელი ბელამი:
პატარა მოედანი მესიზმრება, ქვის მრგვალი აუზი ერთი ციცქნა შადრევნით. რკინის მასიური შავი კარიბჭე ჩასრესილა დროჟამით ნაიარევ კედელში. კათოლიკური ეკლესიისა უნდა იყოს. თვითონ ტაძარი თვალს მოჰფარებია, მაგრამ მისი უჩინარი სამრეკლოდან ზარების ხმა ჩამესმის. ქალს ვხედავ, აუზის კიდეზე ჩამომჯდარს და ლოდინად ქცეულს. თითქოს ისიც დაჟინებით მიცქერს თაღის ქვეშ მდგომს. მოედნის შუაგულში ერთი უცხო ხე ამოზრდილა და ფართოდ გაუფარჩხავს ვეება ტოტები. მის ჩრდილში თვლემს ეს მოედანიც. ხიდან ფანტელებივით მოფარფატებენ წვრილი, ყვითელი ყვავილები და ქალის ოქროსფერი თმის ტევრში უჩინარდებიან. ფრთხილი ნაბიჯით ვუახლოვდები. მეტის ხილვა მწადია, მეტის შეცნობა. ჩამავალი მზის შუქში თანდათან ფერმკრთალდება გამოსახულება და აუზთან მისულს მქრქალი სილუეტიღა მხვდება. ამაოდ ჩავლილი მცდელობისგან გუნებაწამხდარი ვიღვიძებ.
მირა ემბრიჯი:
თავიდანვე არ მომივიდა თვალში. ერთი გადაპრანჭული და ქედმაღალი ქალბატონი იყო. იმ საშინელ წვიმიან დილას სპილოსძვლისფერი აბრეშუმის კაბაზე იმავე ფერის ქიშმირის ლაბადა შემოეცვა. ხელში მოოქროვილბუნიკიანი ღია ფერის ქოლგა დაეჭირა და ისე ცხვირაწეული იყურებოდა, თითქოს ესესაა ზეციდან ჩამობრძანდაო. მანქანიდანაც როგორ მედიდურად და ამაყად გადმოვიდა! რატომაც არა, ალბათ საათობით ხვეწდა მსგავს მანერებს ძვირადღირებულ სკოლაინტერნატებში. წელში გამართული მოგვიახლოვდა, სარგადაყლაპულივით დადგა და ნასწავლი ქედმაღლობით წარმოგვიდგინა თავიც. ჩვენი კეკლუცი ქალბატონი, ყველა სიკეთესთან ერთად, დიდგვაროვანიც აღმოჩნდა. გაღიმება, რა თქმა უნდა, არ ისურვა. როგორ ეკადრებოდა მის უდიდებულესობას! ასეა, ზოგს მეტად სწყალობს ბედი და დაბადებიდანვე ვერცხლის ლანგრით მიერთმევა ხოლმე ყველაფერი რჩეული და საუკეთესო. ჩემნაირებმა კი საკუთარი წარმატება ფრჩხილებით უნდა მოფხოჭნონ. იქნებ ასეც ჯობდა, მაგრამ ხანდახან მაინც ამეკვიატება ხოლმე ფიქრი, ცოტა მეტად რომ გამმართლებოდა ცხოვრებაში და იღბალს უკეთესი სტარტი ებოძებინა, აი, თუნდაც ამ გრძელგრძელ გვარსახელიან დედოფალას რომ ჰქონდა, იქნებ მეტისთვისაც მიმეღწიამეთქი. მით უმეტეს, რომ ჭკუაგონება სხვაზე ნაკლები ნამდვილად არ მქონია.
მაშინ მის დრამონდ დრაქსზე ბევრი აღარ მიფიქრია. მთავარია, თავისი საქმე დროულად და პირნათლად შეასრულოს და აღარ დავეძებმეთქი. რას წარმოვიდგენდი, იღბალი თუ ასეთ სიურპრიზს მიმზადებდა.
ელი ბელამი:
მარტის რუხი დილა გათენდა. წინა ღამით ამოვარდნილმა ქარმა ალაგალაგ თოვლნარევი წვიმა და უგუნებობა მოიტანა. არაფრის ხალისი არ მქონდა, მაგრამ საუზმის დროს ისე შემომხედა, უარი ვეღარ ვუთხარი. მიდლენდის ერთერთ ფერწერულ სოფელში უქმეების გასატარებლად სახლის ყიდვა მირას იდეა იყო. მე აზრის გამოთქმა არც მაცადა, ისე სასწრაფოდ მოაგვარა ყველაფერი: სახლიც მარტომ მოძებნა, ადვოკატიც და შეხვედრის დროც თავადვე შეათანხმა.
- შესანიშნავ ინვესტიციას ვაბანდებთ, შესანიშნავს! - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და შემომხედა. ალბათ, ჩემგანაც რამე მსგავსის მოსმენა უნდოდა. მე კი მხოლოდ მხრები ავიჩეჩე და კრინტიც არ დამიძრავს. მივხვდი, ჩემმა საქციელმა გვარიანად გააღიზიანა. ერთმანეთთან შეჯახებისა და ორმხრივი უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გამოსავალიღა მრჩებოდა - უნდა ჩამეცვა და გავყოლოდი. რადგან არც ერთი ჩვენგანი მანქანას არ ატარებდა (ჭკუათმყოფელს რად უნდა ლონდონში მანქანა?), ვიღაც მისი ადვოკატის ნაცნობს უნდა გამოევლო და იმას წავეყვანეთ სოფელში სახლის სანახავად.
სადარბაზოსთან ძველი, მწვანე „იაგუარი“ გაჩერდა. მანქანიდან საკმაოდ ახალგაზრდა ქალი გადმოვიდა და ჩვენკენ გამოემართა. არც ფარისევლური ღიმილი შემოუგებებია, არც გადამეტებული თავაზიანობა გამოუჩენია. თითქმის ჩემსავით მოღუშულმოქუფრული არ მალავდა, რომ ასეთ წვიმიან შაბათ დღეს სულაც არ ეხატებოდა გულზე ხანშიშესული წყვილის მიდლენდში წაყვანა. ერთი აგვხედდაგვხედა, გაგვეცნო და გვთხოვა, მანქანაში ჩაბრძანდითო. დანახვისთანავე მომეწონა. ლამაზი არ ეთქმოდა, მაგრამ თავისებური მიმზიდველობა ნამდვილად არ აკლდა. მისი გვარითაც არანაკლებ მოვიხიბლე, ვაგნერივით ისმინებოდა. თან როგორ წარმოთქვა - „დრაამმონდ დრააქს!“ - ამაყად, ძლიერი ინტონაციით. ტანჰოიზერი1 , - გამიელვა თავში, - ტანჰოიზერის უვერტიურა კარაიანის დირიჟორობით. კიდევ ორჯერ გავიმეორე ჩემთვის, მელოდია რომ დამემახსოვრებინა.
მანქანის კარი გამოვაღე, მირას ხელი შევაშველე და მეც გვერდით მივუჯექი. მის დრამონდდრაქსმა მხოლოდ ჩვენი ჩასხდომის შემდეგ დაიკავა საჭესთან ადგილი. მშვიდად ჩართო ძრავა, მშვიდადვე მოავლო ქუჩას თვალი და სიჩქარე გადართო. მანქანამ ერთი ამოიკრუტუნა კატასავით და ელეგანტურად დაუყვა დაღმართს. ნელი, აუღელვებელი, კონცენტრირებული მოძრაობები მის გარეგნობას თითქოს უფრო ხვეწდა და დიდებულების იერს სძენდა.
სალონში ოდნავ საგრძნობი, მაგრამ ჩემთვის კარგად ნაცნობი სურნელი ტრიალებდა.