მარმარილოს გზა
დევიდი გრძელ, ცარიელ დერეფანში მოძრაობდა, სადაც არსებულ სიჩუმეს, მხოლოდ მისი ფეხის ნაბიჯების ხმა არღვევდა. ირგვლივ ბნელოდა, ხოლო შორს პატარა, თეთრი მართკუთხედის ფორმის ფიგურა მოჩანდა, რომელიც თანდათან დიდდებოდა. სულ მალე კი მის წინ შესასვლელი გამოიკვეთა, რომელსაც კარი არ ჰქონდა და მისი საშუალებით დევიდი ერთ, არც თუ ისე დიდ, ცარიელ ოთახში თამამად შევიდა.
ოთახის ჭერი და ცარიელი კედლები თეთრად იყო შეღებილი, ხოლო პარკეტი - ლაქირებული. შესასვლელის პირდაპირ კარი იყო აგრეთვე თეთრი ფერის, რომელიც ჩაკეტილი იყო, ხოლო კარის გვერდით არც თუ ისე დიდი ზომის ფანჯარა. ოთახში შავი ტყავის სავარძელი იდგა ჭერზე დაკიდებული ნათურის ქვეშ, რომელიც სივრცეს ანათებდა, ხოლო ერთ კუთხეში დიდი და ძველებური გაჩერებული საათი იდგა, რომელიც 12-ს აჩვენებდა.
ადამიანური ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე, დევიდი ფანჯრის მიმართულებით დაიძრა, და ის იყო უნდა მიახლოვებოდა, რომ ოთახში ხმა გაისმა:
- როგორც იქნა მოაღწიე.
ამ სიტყვების გაგონებაზე დევიდი შეჩერდა და მიმოიხედა, მაგრამ ვერავინ დაინახა. ცოტა ხნის შემდეგ იგივე ხმამ სიჩუმე კვლავ დაარღვია:
- ისე როგორ ხარ, ალბათ დაღლილი, არა?
- ნორმალურად, - მიუგო დევიდმა. - კი მაგრამ რომელი ხარ? ან სად ხარ, რომ ვერ გხედავ?
- შენ ჯერ ჩემთვის სახელი არ დაგირქმევია, მაგრამ მე დაგელოდები, არსად მეჩქარება. ნახვით კი მოგვიანებით მნახავ არა ერთხელ, თუ რა თქმაუნდა, ამის სურვილი გექნება.
- დავუშვათ, მაქვს ამის სურვილი, - ჩაერია დევიდი.
- აააააააა......... არა ძმაო! დავუშვათ არ შეიძლება. ან კი უნდა თქვა, ან - არა.
დევიდი დაიბნა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ ამჯერადაც გადაწონა ყველაფერი და მცირე პაუზის შემდეგ თამამად წარმოთქვა:
- კი, მინდა რომ დაგინახო.
- აი ეს უკვე სხვა საქმეა. რადგან შენ მართლა გაქვს ამის სურვილი, მოდი პირველ რიგში თანმიმდევრობა დავიცვათ. სანამ მე ვილაპარაკებ, შეგიძლია გააგრძელო შენი გზა ფანჯრისკენ და თან მისმინო.
დევიდი ფანჯარას მიუახლოვდა და მის წინ შემდეგი სურათი გადაიშალა:
ოთახის გარეთ, ღია ცის ქვეშ, მიწაზე, როგორც მარცხნივ, ისე მარჯვნივ, ერთ სწორ და თითქოს უსასრულო რიგად მაღალი კვიპაროსები იყო ჩამწკრივებული იმდენად ახლოს ერთმანეთთან, რომ გეგონებოდა, ამ მშვენიერი ხეებისგან კედლები ამოუშენებიათო. ცა ცისფერი იყო. ერთი, თუნდაც მცირე ზომის, თეთრი ღრუბელიც კი არ შეიმჩნეოდა, ხოლო მიწა, კვიპაროსებს შორის მთლიანად თეთრი მარმარილოს ნატეხებით იყო დაფარული. ეს ყველაფერი ერთად აღებული ქმნიდა დაახლოვებით 5-6 მეტრის სიგანის გზას, რომელსაც სიგრძეში ბოლო არ უჩანდა.
- დევიდ! - გაისმა ოთახში ხმა.
- გისმენ, - უპასუხა დევიდმა, ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია.
- სწორედ მე გახლავარ იმ შენი სიზმრების ავტორი, რომელთაც ბოლო 15 წლის მანძილზე ხედავდი და თავს და ბოლოს ვერ უგებდი, რადგან იმ სიზმრებში შენთვის უცნობ ხალხსა და სიტუაციებში ხვდებოდი. სწორედ ამიტომ ვერავის უმხელდი მათ და საიდუმლოდ ინახავდი. ბოლოს შენი სამაგალითო მოთმინება დაფასდა და გეძლევა იმის საშუალება, რომ დღემდე სიზმრებში ნანახი, რეალურად იხილო იმ ერთადერთ უნიკალურ და უზარმაზარ ცოცხალ თეატრში, რომლის დირექტორიც მე ვარ. სურათი, რომელიც შენ წინ არის გადაშლილი, და რომელსაც შენ ”მარმარილოს გზა” უწოდე, როგორც ხედავ, ბოლო არ უჩანს, მაგრამ ეს გზა შენ მიერ უკვე გავლილია და უნდა ითქვას, რომ მისი გავლა არც ისე იოლი იყო. ფანჯრიდან არ ჩანს, მაგრამ ამ თითქოს ყრუ კედლებს შორის არსებულ გზას რამდენიმე გასასვლელი აქვს მარჯვნივ და მარცხნივ, რომლის საშუალებითაც შეიძლება სხვადასხვა ადგილებსა და სიტუაციებში აღმოჩენილიყავი და შენც სარგებლობდი ამ გასასვლელებით. ყოველი გასასვლელი შენს საოცნებო სამყაროში გეპატიჟებოდა. შენ იქ გარკვეული დროით ჩერდებოდი, შემდეგ კვლავ მარმარილოს გზას უბრუნდებოდი და სვლას აგრძელებდი შემდეგი გასასვლელის მოლოდინში. მოგზაურობა სავსე იყო მრავალი სიძნელეებით და დაბრკოლებებით, მაგრამ რადგან უკვე ყველაფერი ეს უკან დარჩა, საბოლოოდ მან შენთვის ასეთი მშვენიერი სახე მიიღო. მაშ ასე, შენ ახლა დგახარ ზუსტად ორი არჩევანის წინაშე. ეს ოთახი გახლავს საზღვარი სიზმარსა და რეალობას შორის. საზღვარზე, ისევე როგორც სიზმარში, ჩემი დანახვა შეუძლებელია. მოგზაურობის დროს ხშირად მიხილავ და ჩემ მიერ დადგმულ სპექტაკლებსაც ნახავ. მე სხვადასხვა სახით მოგევლინები და ხანდახან ჩემი ამოცნობა გაგიჭირდება კიდეც. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს. შენ დაწერ იმას, რაც სიზმრებში გინახავს და რაც რეალურად თავს გადაგხდება შენს საოცნებო სამყაროში, ხოლო მე სულ შენ გვერდით ვიქნები და ამის გაკეთებაში დაგეხმარები. მე ვიცი, რომ