ავტორისგან ძვირფასო მკითხველო,
აშკარად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი.
ჩემი ძვირფასი მეგობრები, რომლებიც გამომცემლობა „ ტემპლარში “ მუშაობენ, ძალზე გაიტაცა იდეამ, ახალგაზრდა მკითხველისთვის განკუთვნილი, ანტიკური ამბების ადაპტირებული ვარიანტები შეგვექმნა და გამოთქვეს სურვილი, კვლავაც გვეთანამშრომლა, კონკრეტულად კი - მოგვემზადებინა გრაფი დრაკულას შესახებ ბატონი აბრამ სტოკერის მიერ დაწერილი ვრცელი მოთხრობის შემოკლებული ვერსია, რომელიც ორიგინალის ერთი მეათედის ტოლი იქნებოდა. კითხვაზე - თუ როგორ შეიძლებოდა ამის განხორცილება? - მიპასუხეს, რომ თანამშრომლობა მომიწევდა საუცხოო ნიჭით დაჯილდოებულ ქალბატონ გილბერტთან, რომელიც ცოცხალი, მკითხველის წარმოსახვის გაღვივებისთვის შესაფერისი ილუსტრაციებით შეავსებდა ჩემს მონათხრობს.
მაცდუნებელი და იმავდროულად ძალზე საპასუხიმგებლოა ლიტერატურული კლასიკის ნიმუშის შენებური ვერსიის შექმნა! როგორ უნდა მოახერხო ესოდენ ტევადი ნაწარმოების ოპტიმალურად შემცირება?! სტოკერი თხრობისას უხვად იყენებს დღიურისა და წერილის ფორმის ჩანაწერს, რომელიც ავტორის მრავალგვარი შეხედულების გამოთქმის საშუალებას იძლევა. ამ ფორმისთვის მოვლენების გამეორების ხერხიც არ არის უცხო. გარდა ამისა, მის ლიტერატურულ გმირებს გარკვეულად თანამიმდევრულობა აკლია; მთავარი პერსონაჟი - ავგული ბოროტმოქმედი გრაფი საფრთხის განსახიერების ნამდვილ შედევრს წარმოადგენს, აი, „ კეთილი “ გმირების უმრავლესობა კი - განსაკუთრებით, ჰოლმვუდი და ლიუსი ერთობ სქემატურადაა წარმოდგენილი. ამის გამო, იძულებული ვიყავი, ისინი ერთმანეთთან"დამექორწინებინა", მათთვის ცოტაოდენი ბედნიერებისა და ვნების გამოვლენის საშუალება მიმეცა. აი, ჰარკერებს კი, სტოკერისგან განსხვავებით, უფრო გვიან "შევაუღლებ", რათა ხაზი გავუსვა მათ ერთგულებასა და თავშეკავების უნარს.
ბევრ მწერალს შეუქმნია ბოროტმოქმედთა სახეები, რომლებიც მათზე ღირსეულ პერსონაჟებზე უფრო მეტი მომხიბვლელობითა და მიზიდულობის ძალით გამოირჩევიან. შუა საუკუნეებში რეალურად არსებობდა გრაფი, რომელიც თავად წარმოადგენდა საშინელებათა ჟანრის "მოთხრობას". იგი ვალაჩიის (ვლახიის) პრინცი გახლდათ (რომელიც ტრანსილვანიის მეზობლად - თანამედროვე რუმინეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა). ის თავის მსხვერპლს ორმოში ჩამაგრებულ სარზე სვამდა ისე, რომ სხეულის წონა საცოდავს დაბლა ექაჩებოდა, ხოლო სარი შიგნეულს უბურღავდა, - წარმოიდგინეთ, რა საძაგლობაა! მას "დაუნდობელ ვლადს" ეძახდნენ, რომელსაც ეპოქის დარი რაინდობის რომანტიზმის ნასახიც კი არ ეცხო; ნამდვილი ყასაბი გახლდათ.
ამგვარ ურჩხულზე გამარჯვება მხოლოდ გონიერ და გულად ადამიანებს ძალუძთ. ამიტომ, ვან ჰელსინგს ღირსებები შევმატე და ნაკლი შევუმცირე: ჩემთვის მიუღებელია ვან ჰელსინგის "მოჟამული" ვერსიები, რომლებსაც ამ მოთხრობის ეკრანიზაციებში გვთავაზობენ. იგივე ითქმის ბოშებზეც: ისინი ჩაგრულები იყვნენ, ამიტომ წარმოუდგენელია, დრაკულასნაირს შეჰკავშირებოდნენ. ჩემთან, ბოშები მტკიცე ხასიათის ადამიანები არიან, რომლებიც შეურიგებლად ებრძვიან "წყვდიადის პრინცს".
ახლა კი დროა, დავასრულო, რადგან ჩემი გონება ვეღარ ითმენს.
— უნდა ვჯღაბნო; შევქმნა ჩემი ჯონათანი და ქუინსი, ჩემი ფერმკრთალი ლიუსი და ჩემი მამაცი მაინა. ვფიქრობ, ამ ნაწარმოებს ჩემს ძვირფას დედას და მის ბოშა წინაპრებს მივუძღვნი.
თქვენი მონა-მორჩილი,
ნიკი რეივენი