ლეგენდა მძინარე ხეობაზე
ნაპოვნი გარდაცვლილი
დედრიკ ნიკერბოკერის ჩანაწერებში
„იყო ადგილი საამო, მძინარე,
თვალწინ მოფრიალე ზმანებებით სავსე;
ცის სილაჟვარდეში მუდმივად მოძრავი,
ღრუბლებში ჩაფლული სასახლეებით“.
სიზარმაცის სასახლე
ერთ-ერთ იმ განიერ ყურეთაგანის სიღრმეში, რომელითაც ჰუდსონის აღმოსავლეთი სანაპიროა დაკბილული, იქ, სადაც მდინარე ფართოვდება – ადგილი, რომელიც ძველმა ჰოლანდიელმა ზღვით მოგზაურებმა „ტაპან-ზიის“ სახელით მონათლეს, და სადაც ყოველთვის სიფრთხილით უშვებდნენ აფრებს და წმინდა ნიკოლასს მფარველობას შესთხოვდნენ, გადაშლილია პატარა სავაჭრო ქალაქი თუ სასოფლო პორტი, რომელსაც ზოგიერთი გრინსბურგად მოიხსენიებს, მაგრამ ზოგადად და მართებულად ტარი-თაუნის (Tarry – დაყოვნება) სახელით არის ცნობილი. გადმოცემის თანახმად, ეს სახელი, ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში შეარქვეს მეზობელი სოფლის სანდომიანმა დიასახლისებმა, იქ გამართული ბაზრობის დღეებში თავიანთი ქმრების სოფლის ტავერნაში ხანგრძლივი შეყოვნების გამოუსწორებელი მიდრეკილების აღსანიშნავად. როგორც უნდა იყოს, ამ ფაქტის სიმართლეზე თავს არ დავდებ, უბრალოდ აღვნიშნავ, სიზუსტისა და სისწორის დასაცავად. ამ სოფლიდან არც ისე შორს, დაახლოებით ორი მილის მოშორებით, პატარა ხეობაა, უფრო სწორად, მაღალ ბორცვებს შორის მოქცეული მიწის ნაკვეთი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე წყნარი ადგილი გახლავთ. მასზე ძილის მომგვრელი ჩუხჩუხით მიიკლაკნება პატარა ნაკადული, და მწყრის შემთხვევითი სტვენა ან ხეზე კოდალის კაკუნი ალბათ ერთადერთი ხმაა, რომელიც ჩვეულ სიმშვიდეს არღვევს ხოლმე.
მახსოვს, ჭაბუკი ვიყავი, როცა აქ, ხეობის ერთ მხარეს აზიდულ კაკლის მაღალ ხეებში, პირველი ციყვი მოვინადირე. შუადღე იყო, ის დრო, როდესაც ბუნება განსაკუთრებულად წყნარია, ამიტომ შემაკრთო საკუთარი თოფის გრუხუნის ხმამ, რომელმაც არსებული სიმშვიდე გააპო და თან მრისხანე ექო გამოიწვია. თუ ოდესმე განმარტოებას ვისურვებ ისე, რომ მოვწყდე სამყაროს და მის მღელვარებას, რომ მშვიდად გავატარო მშფოთვარე ცხოვრების დარჩენილი დრო, ამ პატარა ხეობაზე უკეთესი ადგილი ნამდვილად არ მეგულება.
ადგილისთვის დამახასიათებელი მოდუნებული სიმყუდროვისა და მისი მცხოვრებლების – ჰოლანდიელი პირველი კოლონისტების შთამომავლების – თავისებური ხასიათის გამო, ეს განცალკევებული დაბლობი დიდი ხანია, რაც მძინარე ხეობის სახელითაა ცნობილი. სოფლის მკვიდრ ბიჭებს კი მეზობელ სოფლებში „მძინარე ხეობის ბიჭებად“ მოიხსენიებენ. მთელი მიწა, თითქოს ძილის მომგვრელი ზმანებებით არის სავსე, გეგონებათ, თავად ჰაერიც იმავე ზმანებებით გაჟღენთილაო. ზოგის თქმით, ეს ადგილი ერთმა განათლებულმა გერმანელმა ექიმმა მოაჯადოვა, ჯერ კიდევ დასახლების პირველ ეტაპზე; სხვები ამბობენ, რომ კაპიტან ჰენდრიკ ჰუდსონის მიერ სოფლის აღმოჩენამდე, ინდიელების მოხუცი ბელადი, თავისი ტომის წინასწარმეტყველი თუ ჯადოქარი, სწორედ იქ ატარებდა თავის შელოცვებს. აშკარაა, რომ ეს ადგილი ისევ რაღაც ჯადოქრული ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, რომელიც ხალხის გონებას განაგებს და მუდმივ ოცნებებში აცხოვრებს მათ. ისინი შეპყრობილნი არიან საოცარი რწმენებით; ვარდებიან ტრანსში და აქვთ ხილვები; ხშირად ხედავენ უცნაურ ზმანებებს, ესმით მუსიკა და რაღაც ხმები. მთელი მიდამო დახუნძლულია ადგილობრივი ზღაპრებით, მოჯადოებული ადგილებითა და ღამისეული ცრურწმენებით: ხეობის თავზე მოწყვეტილი ვარსკვლავებისა და მეტეორების კაშკაში უფრო ხშირად შეიმჩნევა, ვიდრე სხვაგან და, როგორც ჩანს, ამ მიდამოებში ღამის კოშმარიც დაიარება თანმხლებ ბოროტ სულებთან ერთად.
თუმცა მთავარი სული, რომელიც ამ მოჯადოებულ მხარეს სტუმრობს ხოლმე და, როგორც ჩანს, აქ არსებული ყველა ზებუნებრივი ძალის მეთაურია, ცხენზე ამხედრებული უთავო აჩრდილია. გადმოცემის თანახმად, ის ჰესენელი მხედრის სული გახლავთ, რომელსაც თავი ზარბაზნის ყუმბარამ წააცალა რომელიღაცა უსახელო ბრძოლაში რევოლუციური ომის დროს და რომელსაც დროგამოშვებით, ღამის წყვდიადში ხედავს ხოლმე სოფლის მოსახლეობა, თითქოს ქარი მიაქროლებსო. მისი ნახვა ხეობის გარდა, ზოგჯერ მოსაზღვრე გზებზეც შეიძლება, განსაკუთრებით კი არც ისე შორს მდებარე ეკლესიის მხარეს. სინამდვილეში, ამ მხარის ყველაზე სანდო ისტორიკოსები, რომელთაც საგულდაგულოდ შეაგროვეს და ერთად შეკრეს აჩრდილთან დაკავშირებული ფაქტები, ამტკიცებენ, რომ მხედრის სხეული ეკლესიის ეზოშია დამარხული, აჩრდილი კი თავის მოსაძებნად ცხენით დაჭენაობს ღამღამობით; და რომ ის სისწრაფე, რომლითაც შუაღამის ქარივით გადაიქროლებს ხოლმე ხეობას, გამოწვეულია დაგვიანების შიშითა და განთიადამდე ეკლესიის ეზოში დაბრუნების აუცილებლობით.
ასეთი გახლავთ ზოგადი აზრი ამ ლეგენდარული ცრურწმენისა, რომელიც იმ ჩრდილების სამყაროში ბევრი უცნაური ისტორიის საფუძვლად იქცა; თავად აჩრდილი კი ყველასთვის ცნობილია, როგორც „მძინარე ხეობის უთავო მხედარი“.
გასაოცარია, რომ ხილვებისადმი მისწრაფება, რომელიც უკვე ვახსენე, მარტო ხეობის მკვიდრთ არ ახასიათებთ, ის შეუგნებლად გადადის ნებისმიერზე, ვინც რაღაც დროით ჩერდება იქ საცხოვრებლად. რაც უნდა ფხიზელი იყოს ადამიანი იმ მძინარე მხარეში შესვლამდე, ცოტა ხნის შემდეგ, აუცილებლად შეისუნთქავს ჯადოქრობით გაჯერებულ ჰაერს და მეოცნებედ იქცევა – გაუძლიერდება წარმოსახვის უნარი და გაუხშირდება ზმანებები.
ამ მშვიდ ადგილს ქებით მოვიხსენიებ; რადგან ნიუ-იორკის