წინათქმა
ამ წიგნის სათაურმა შესაძლოა მავანი შეცდომაში შეიყვანოს.
პირველ ადგილზე დგას „მწერალი“, „თვითმკვლელობა“ კი მეორეზე, მაგრამ სინამდვილეში ავტორს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ თვითმკვლელობა აინტერესებს – ფენომენი, „ზნეობრივი სფეროს ეს აუხსნელი ფენომენი“ (კარამზინი). ხოლო თუ რატომ განვიხილავთ ამ ფენომენს სწორედ მწერალთა ბედისწერის პრიზმით, ამას ცოტა მოგვიანებით განვმარტავთ. მაშ ასე, ეს არ გახლავთ ლიტერატურათმცოდნეობითი გამოკვლევა.
როგორც ავტორს, ამ წიგნის დაწერის ორი მიზეზი მქონდა: სუბიექტური და ობიექტური, ან, თუ გნებავთ, კერძო და საზოგადოებრივი.
ის შინაგანი მიზეზი, რამაც წიგნზე მუშაობა სასარგებლო გახადა, საკითხში გარკვევის მოთხოვნილება გახლდათ, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო მძლავრად მიპყრობდა.
რამდენს უცდია ამ საკითხის გადაწყვეტა: დასაშვებია თუ არა თვითმკვლელობა, არღვევს თუ არა ის ამქვეყნად მცხოვრები ყველა ადამიანისათვის მიღებული „პატიოსანი თამაშის“ წესებს?
პასუხი ყველას თავ-თავისი აქვს, სხვაგვარად ხომ შეუძლებელიცაა. აქ ხომ ერთურთს ხვდება ორი ურთიერთდაპირისპირებული არგუმენტაცია: ემოციური და რაციონალური. პრობლემას ისიც ართულებს, რომ ავტორის მსოფლმხედველობა, მისი თაობის უმეტესი წარმომადგენლის მსგავსად, აბსოლუტურად წარმართულ ნაზავს შეადგენს: მატერიალისტური აღზრდა, ქრისტიანობისადმი უფრო გონებრივი, ვიდრე სულიერი მისწრაფულობა, ფილოსოფიური თეორიები და პირადი ვარაუდები. მოცემულ თემაზე ძირითადი ინფორმაციისათვის თავის მოყრა, ყველა დადებითი და უარყოფითი არგუმენტის აწონ-დაწონვა – აი, ამ გამოკვლევის სუბიექტური მოტივაცია.
ის გარეგნული მიზეზი კი, რომელიც, ვიმედოვნებ, ამ წიგნს მკითხველისათვის საინტერესოს გახდის, ასეთია: თვითმკვლელობის თემა ადამიანისათვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი (როგორც ცნობილია, ა. კამიუს ის უმნიშვნელოვანესად მიაჩნდა) და დღევანდელი რუსეთისათვის განსაკუთრებულად აქტუალური, მაგრამ რუსულენოვან ლიტერატურაში ის გაშუქებულია საკმარისად მწირად, შეიძლება ითქვას, სრულებით არ არის ასახული. მსოფლიოს სუიციდოლოგიური ლიტერატურის კატალოგი 5000-ზე მეტ დასახელებას შეიცავს, მაგრამ მასში ვერ ნახავთ ვერც ერთ რუსულ წიგნს, სადაც გაერთიანებული და განზოგადებული იქნებოდა იმ მოვლენის სხვადასხვა ასპექტები, რომელიც, როგორც ჩანს, ცხოველისაგან ადამიანის განმასხვავებელ უმთავრეს ნიშნად გვევლინება. ადამიანმა იცის, რომ მოკვდავია და სწორედ ეს ცოდნა ანიჭებს მას to be-სა და not to be-ს შორის არჩევანის შესაძლებლობას.
თვითმკვლელობის თემაზე რუსული ლიტერატურის არარსებობა გასაგებია. სუიციდის პრობლემისადმი ჭეშმარიტი, ანუ საზოგადოების მიერ მოთხოვნადი ინტერესი მხოლოდ გასული საუკუნის ბოლოს გაჩნდა, მას მერე, რაც თვითმკვლელობა ურბანიზებულ ევროპას უაღრესად სერიოზულ პრობლემად ექცა. სწორედ მაშინ გამოიცა ე. დიურკჰაიმის კლასიკური ნარკვევი „თვითმკვლელობა“ (1897), რომელსაც XX საუკუნის პირველ ათწლეულებში შემდგომ სუიციდოლოგიურ კვლევათა შლეიფი მიჰყვა. რევოლუციამდელ რუსეთში თვითმკვლელობის თემა (უფრი სწორად, მისი რელიგიურ-ზნეობრივი ჭრილი) მხატვრული ლიტერატურას ვერ გასცდა. ხოლო 1917 წლიდან მოკიდებული სამოცდაათი წლის განმავლობაში ქვეყანაში ამ პრობლემის არსებობას უარყოფდნენ, დღეს კი, როგორც ჩანს, პოსტტოტალიტარული პერიოდი ჯერ იმდენ ხანს არ გაგრძელებულა, რათა ამ რთულ საკითხზე ფუნდამენტური შრომა შექმნილიყო.
აქედან გამომდინარე, არ მსურს წიგნს სქოლიოების, მითითებებისა და კომენტარების წყალობით სამეცნიერო ნაშრომის სახე მივანიჭო. თქვენ წინაშე გამოკვლევა კი არა, ესეა, ანუ წმინდად პირადული ხასიათის თხზულება, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ აცხადებს პრეტენზიას რუსეთში პირველ სუიციდოლოგიურ გამოკვლევაზე. ბოლოში დართული ბიბლიოგრაფიული ნუსხა მხოლოდ იმ წიგნებს შეიცავს, რომელიც, ჩემი აზრით, შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს მკითხველისათვის, ვისაც თემის უფრო საფუძვლიანად შესწავლა სურს.
ავტორის მიკერძოებები შემდეგ მომენტებში გამოიხატა:
ტირეს, ორწერტილის, ფრჩხილებისა და სხვა საყვარელი სასვენი ნიშნების ხშირი გამოყენება.
ყოველივე იაპონურის სიჭარბე: ჯერ ერთი, ავტორი იაპონისტია, მეორეც ის, რომ იაპონია სუიციდოლოგიის თვალსაზრისით განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს.
ციტატების დიდი რაოდენობა, რაც ამხელს ავტორის ერთგვარ შიშს თემის წინაშე: მისი შესწავლა დანაღმულ მინდორზე გასეირნებას ჰგავს. თემის ამა თუ იმ საკითხზე ბრძენი წინამორბედის გამონათქვამი მიწაში ჩარჭობილ ალამს ჰგავს, რომელიც გვატყობინებს: აქ უკვე იყვნენ გამნაღმველები (თუმცაღა ნაღმების საფრთხე ამით არ მოხსნილა). გამოგიტყდებით, შიში ამ წიგნის დაწერის მთავარი სტიმული გახლდათ. მაგრამ, როგორც მილორად პავიჩმა თქვა, „თუკი იმ მიმართულებით მიიწევ, სადაც შენი შიში ყოველ ნაბიჯზე მატულობს, ესე იგი, სწორ გზაზე დგახარ.“
ახლა კი დროა, განვმარტოთ, რატომ ვუწოდე წიგნს არა უბრალოდ „თვითმკვლელობა“, არამედ „მწერალი და თვითმკვლელობა“. ლიტერატორები homo sapiens-ის ისეთ კერძო შემთხვევად მივიჩნიე, რომელიც საკმარისად კომპაქტურია, რომლის იდენტიფიცირებაც იოლია და შესასწავლადაც ყველაზე უფრო ხელმისაწვდომია. ისე კი, ეს წიგნი თვითმკვლელი მწერლის კი არა, თვითმკვლელი ადამიანის შესახებაა დაწერილი. ჩვეულებრივი ადამიანისაგან მწერალი იმით განსხვავდება, რომ თავისი ექსჰიბიციონისტური პროფესიის გამო საკუთარ სულს ყველას წინაშე ამზეურებს და ამის წყალობით ვიცით, რა უდევს გულში და რით სულდგმულობს. მწერალი საკუთარ სულში ქექვასაა შეჩვეული, მისი განცდები ის