1 იმდენად ტრაგიკულ დროში მოგვიწია დაბადება, რომ აღარც კი მივიჩნევთ ტრაგიკულად. უბედურება დატრიალდა და ნანგრევებში მოვყევით. ასე რომ, ცხოვრებას ხელახლა ვიწყებთ ახალ-ახალი, თუმცა მკრთალი იმედებით. მძიმე ჯაფა გვადგას, მომავლისკენ მიმავალი გზაც არ ჩანს, მუდმივად წინააღმდეგობების გადალახვა გვიწევს. მაგრამ თუნდაც ყველა ცა ჩამოიქცეს, სადაც კი რამეა, ჩვენ სიცოცხლეზე ხელს მაინც არ ავიღებთ.
დაახლოებით ასეთი გახლდათ კონსტანს ჩეთერლის პოზიცია. ომმა მას ოცნებები დაუმსხვრია, მაგრამ, მისი აზრით, ცხოვრების გაგრძელება აუცილებელი იყო.
1917 წელს ქლიფორდ ჩეთერლის გაჰყვა ცოლად, როდესაც ის არმიიდან ერთთვიანი შვებულებით შინ იმყოფებოდა. თაფლობის თვეც ერთთვიანი გამოუვიდათ. ქლიფორდს ისევ ფლანდრიაში მოუხდა გამგზავრება, თუმცა ექვს თვეში სიკვდილის პირას მისული დააბრუნეს ინგლისში. კონსტანსი იმხანად ოცდასამი წლის იყო, ქლიფორდი კი ოცდაცხრის.
სიკვდილს უჩვეულო ჟინიანობით ებრძოდა: მოკლე ხანში ჭრილობებიც შეუხორცდა და სიცოცხლისკენ იბრუნა პირი. ორი წელი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყო. მხოლოდ ამის შემდეგ ცნეს განკურნებულად, ოღონდ სანახევროდ, რადგან ორივე ქვედა კიდური სამუდამოდ წაერთვა.
1920 წელი იდგა. ცოლ-ქმარი ჩეთერლების საგვარეულო ბუდეში, „რაგბის მამულში“ დაბრუნდა. ქლიფორდს მამა გარდაეცვალა, ამიტომ მემკვიდრეობით ბარონეტის ტიტული მიიღო და სერ ქლიფორდით მიმართავდნენ, ხოლო კონსტანსს - ლედი ჩეთერლით. ასე დაიწყო მათი ოჯახური ცხოვრება მიტოვებულ სასახლეში, თან არც ფინანსურად იყვნენ მყარად. ერთი დის გარდა, ქლიფორდს სხვა ნათესავები არ ჰყავდა და ისიც საკმაოდ შორს ცხოვრობდა. უფროსი ძმა ადრევე გარდაეცვალა. ინვალიდის სავარძელს სამუდამოდ მიჯაჭვულმა ქლიფორდმა იცოდა, რომ მემკვიდრე არასოდეს ეყოლებოდა, მაგრამ მამულში მაინც დაბრუნდა. ხშირად იტყოდა ხოლმე: „მანამდე მაინც შევინარჩუნებ ქლიფორდების კერას, სანამ პირში სული მიდგასო“.
ხელჩაქნეული სულაც არ ეთქმოდა. თავისი თავი თავადვე დაჰყავდა ბორბლებიანი ეტლით. ძრავიანი აბაზანის სავარძელიც ჰქონდა, ასე რომ, ბაღშიც შეეძლო სეირნობა და დამთრგუნველი პარკის ბილიკებზეც. ამით ისე ამაყობდა, „სულ გამოვჩერჩეტდიო“, ხუმრობდა ხოლმე.
იმდენი ტანჯვა ჰქონდა გამოვლილი, რომ ტანჯვის შეგრძნება დაეკარგა. პირიქით, საკმაოდ მხიარული და ხალისიანი იყო, კაცი იფიქრებდა, ანცი და მოუსვენარიაო; სახეზე ჯანმრთელი ფერი ედო, ღაჟღაჟა. ღია ცისფერი, თვალებიც მუდამ უციმციმებდა. საკმაოდ ძლიერი, ფართო მხარბეჭი და მკლავები ჰქონდა. უკანასკნელ მოდაზე შეკერილ ძვირად ღირებულ ტანსაცმელს იცვამდა. პერიოდულად კი მის სახეზე გონებამახვილობა და ხეიბარი კაცის სევდა იკითხებოდა.
ხომ კინაღამ დაკარგა სიცოცხლე, მაგრამ რაც შერჩა, მეტისმეტად ძვირფასი ეჩვენებოდა. ეამაყებოდა, რომ იმქვეყნად წერილი არ წაიღო და, მართალია, დაინვალიდდა, მაგრან მაინც დაუსხლტა მიქელ-გაბრიელს. ეს შუქმფენ თვალებზეც ეტყობოდა. მაგრამ ისეთი შოკი გადაიტანა, რომ მასში რაღაც უკვე ჩამკვდარიყო, რაღაცას თითქოს საერთოდ ვეღარ გრძნობდა. მის სულში უსიცოცხლობის საგრძნობი კვალი იკვეთებოდა.
მისი ცოლი, ლოყაწითელი, წაბლისფერთმიანი და მკვრივი აღნაგობის კონსტანსი სოფლის გოგოს მოგაგონებდათ. მართალია, ენერგიით სავსე ქალი იყო, მაგრამ დინჯი მოძრაობები მის აღნაგობას ერთგვარ სიზანტეს სძენდა. ისეთი ბრიალა თვალები, გაოცებული მზერა და რბილი ხმა ჰქონდა, იფიქრებდით, ეს-ესაა სოფლიდან ჩამოვიდაო. გარეგნობა მაცდურიაო, სწორედ ამაზეა ნათქვამი: სულაც არ იყო სოფლელი. მამამისი საკმაოდ ცნობილი ხელოვანი, სამეფო აკადემიის წევრი სერ მალქოლმ რეიდი გახლდათ. „პრერაფაელიტურ“ ტრადიციებზე აღზრდილი დედამისი კი ფრიად განათლებული ფაბიანელი ბრძანდებოდა. ხელოვნებისა და განათლებული სოციალისტების წრეში აღზრდილ კონსტანსსა და მის დას, ჰილდას, ესთეტიკური გემოვნებაც ჩამოუყალიბდათ და მეშჩანურობისა არაფერი ეცხოთ. ხელოვნებას რომ ზიარებოდნენ, დები ბავშვობაში ხშირად დაჰყავდათ ლონდონში, პარიზში, ფლორენციასა და რომში, თუმცა არც სხვა დიდებულ ქალაქებს აკლებდნენ, მაგალითად, ჰააგასა და ბერლინს; მოკლედ, მათ სოციალისტთა სხდომებზეც კი შეხვდებოდით, სადაც მომხსენებლები რა ენაზე აღარ ლაპარაკობდნენ, მაგრამ დებს ეს სულაც არ ეუხერხულებოდათ.
ერთი სიტყვით, დებს ვერაფრით დააფრთხობდა კაცი, გინდ სახვით ხელოვნებაზე ესაუბრა მათთან და გინდ იდეალურ პოლიტიკაზე. მათთვის ეს ბუნებრივი მდგომარეობა იყო. ისინი ერთდროულად კოსმოპოლიტებიც იყვნენ და პროვინციელებიც. სწორედ კოსმოპოლიტური პროვინციალიზმით უხამებდნენ თავიანთ შეხედულებებს წმინდა სოციალისტურ იდეალებს.
თხუთმეტიოდე წლისანი, უამრავ სხვა რამესთან ერთად, მსოფლიო მუსიკის სამყაროს გასაცნობად დრეზდენს გაგზავნეს. სტუდენტებს შორის თავს ისე გრძნობდნენ, როგორც თევზი წყალში; მამაკაცებს ფილოსოფიურ, სოციოლოგიურ და ხელოვნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცხარედ ეკამათებოდნენ, რაც მათ მამრობით სქესთან ხაზგასმით ათანაბრებდა, ხოლო ქალებთან უპირატესობას ანიჭებდა. ძმაბიჭებთან ერთად არც გიტარების ჟღარუნითა და სიმღერით იკლებდნენ ტყე-ტყე სიარულს. იოტისოდენა შეზღუდვასაც კი არავისგან გრძნობდნენ. თავისუფლება დიადზე დიადი რამ იყო! მათ წინაშე მთელი სამყარო წიგნივით გადაშლილიყო და საღერღელაშლილი ჭაბუკებიც იქვე იყვნენ, ტყის პირას; მათგან კი არა მხოლოდ ხორციელი, არამედ ვერბალური (რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია) სიამოვნების მიღებაც შეეძლოთ შეუზღუდავად. მგზნებარე საუბარი, აზრების გაცვლა - ეს