პირველი ნაწილი - 1მორელები ქორწინების პირველ წლებში ბოთომსმა(ფსკერი) ჰელ-როუს(ჯოჯოხეთის რიგი) ადგილი დაიკავა. ჰელ-როუ ერთ პატარა უბანს ერქვა, სადაც ნაკადულის პირას, გრინჰილ-ლეინის გასწვრივ, ჩალით დახურული, დაღრეცილი სახლები იდგა. ამ უბანში ის მაღაროელები ცხოვრობდნენ, რომლებიც ველების იქით ამწეებდადგმულ ღრუდოებში მუშაობდნენ. ნაკადული თხმელების ძირში გადიოდა და მაღაროებისგან თითქმის არ იყო დაბინძურებული. მოპოვებულ ქვანახშირს კი ღრუდოებთან დაბმული სახედრებით ზედაპირზე ეზიდებოდნენ. მთელ მხარეში უამრავი ამგვარი ღრუდო იყო, რომელსაც დღეს შურფსაც უწოდებენ, და ზოგიერთი ჯერ კიდევ ჩარლზ II-ის დროს გათხარეს. მაღაროელი თუ სახედარი მიწის ქვეშ ისე ფუსფუსებდა, როგორც ჭიანჭველა, და მიწაზე უცნაური ფორმის ყრილს, ხოლო სიმინდის ყანებსა და ველობებში პატარ-პატარა შავ კვალს ტოვებდა. აქა-იქ მიმოფანტული ქოხმახები, ზოგს პატარა ბოსტანიც რომ ჰქონდა და ზოგში მეწინდეებიც რომ ცხოვრობდნენ, ერთ სამრევლო სოფელ ბესტვუდს(ლოურენსმა ნოტინგემშირის ბევრი ადგილის სახელი სპეციალურად ამ ნაწარმოებისთვის გამოიგონა. ბესტვუდი მომდინარეობს ისტვუდის (მდებარეობს ჩრდილოეთ ინგლისში) სახელწოდებიდან, სადაც მწერალი დაიბადა.) ქმნიდა.
მერე, სამოცი წლის წინ, უეცარი ცვლილება მოხდა. ეს ჩვენი ღრუდო-შურფები ბობოლა ფინანსისტებმა ერთი ხელის მოსმით გააძევეს. ნოტინგემშირსა და დერბიშირში ნახშირისა და რკინის საბადო აღმოაჩინეს. სააქციო საზოგადოებამაც არ დაახანა – „ ქარსთონი, უეითი, ენდ კო “ გაფორმდა. საშინელი მღელვარების ფონზე, ლორდმა პალმერსტონმა კომპანიის პირველი მაღარო სპინი-პარკში, შერვუდის ტყის პირას გახსნა.
ამასობაში ცნობილი ჰელ-როუც, რომელსაც წლებთან ერთად სახელი მთლად წაუხდა, დაიწვა და ზედმეტი ჭუჭყიც თან გაიყოლა.
„ ქარსთონი, უეითი ენდ კო “ მიხვდა, რომ ქერის ორმოში იყო ჩავარდნილი და ნაკადულების – სელბისა და ნათოლის – ველებს ქვემოთ ახალი საბადოები გათხარეს. მანამ არ გაჩერდნენ, სანამ ექვსი მაღარო არ აამუშავეს. ნათოლიდან ტყის ქვიშაქვიან მაღლობზე რკინიგზა გადის, რომელიც კართუზიანთა მონასტერსა და რობინ ჰუდის ჭას მიუყვება და სპინი-პარკისკენ ჩადის, საიდანაც მინტონისკენ იღებს მიმართულებას, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა სიმინდის ყანებში ჩაკარგული დიდი მაღარო; მინტონიდან ფერმერთა მამულების გავლით ბანკერ-ჰილის მიმართულებით მიემართება, მერე იტოტება და ჩრდილოეთით ბეგარლისა და სელბისკენ უხვევს, რომელიც ქრიჩსა და დერბიშირის მაღლობებს გადაჰყურებს. ექვსი მაღარო ისე ჩანს, თითქოს შავთავა ლურსმნები აქა-იქ ჩაუჭედებიათო, ამ არეულ წერტილებს კი ერთ მარყუჟად რკინიგზა აერთიანებს.
კომპანიამ „ ქ. უ. ენდ კომ “ მაღაროელთა დასაბინავებლად ბესტვუდის ბორცვსა და ნაკადულის ველზე „ კვადრატები “ , ოთხკუთხა საცხოვრისები, ააშენა; ამდენად, ჰელ-როუს ადგილას ბოთომსი გაჩნდა.
ბოთომსი მაღაროელთა სახლების ექვსი უბნისგან შედგებოდა – ორი რიგი, თითოში სამი უბნით, როგორც დომინო, რომელზეც ექვსი წერტილია – და ყოველ უბანში თორმეტი სახლი იდგა. ეს ორი რიგი ბესტვუდის საკმაოდ ციცაბო ბორცვის ძირას იყო გაშენებული და ფანჯრებიდან, ყოველ შემთხვევაში, სხვენის სარკმლებიდან, სულ იოლად დაინახავდით, რომ აღმართი სელბისკენ შეპარვით მიუყვებოდა.
ფასადურად სახლები მყარი და ჩინებული გახლდათ. მაგრამ, როგორც იტყვიან, გარედან მტერს უბრმავებდა თვალს, შიგნიდან – მოყვარეს. თუკი ვინმე რომელიმეს გარშემო შემოუვლიდა, აუცილებლად დაინახავდა ლამაზ ბაღს, სადაც ჩრდილის მხარეს ფურისულებისა და ფხიკების ყვავილნარი იყო გაშენებული, მზის მხარეს კი – ჩვეულებრივი და ბაღის მიხაკები იწონებდნენ თავს. სახლებს დახვეწილი წინა ფანჯრები და კოპწია პარმაღები ჰქონდა, ეზოებს დაბალი ცოცხალი ღობე ჰყოფდა, სხვენებს კი სარკმელი ამშვენებდა. მაგრამ ეს ყველაფერი გარედან და თანაც წინა მხრიდან, სადაც მხოლოდ იმ ოთახების ფანჯრები გამოდიოდა, რომლებშიც ფეხს არასდროს დგამდნენ. ასეთ სახლებში ნამდვილი საცხოვრებლები, ანუ ყოველდღიური ოთახები, სამზარეულოები გახლდათ, რომელთა ფანჯრები უკანა მხარეს გადიოდა. იქ სანაცრე ორმოები იყო ამოთხრილი. და ამ სანაცრე ორმოების გრძელ რიგებს შორის ვიწრო ხეივანივით მიიზლაზნებოდა ქუჩა, სადაც ბავშვებიც თამაშობდნენ, ქალებიც ჭორაობდნენ გულის გადასაყოლებლად და მამაკაცებიც გადიოდნენ გასაბოლებლად. ამდენად, ბოთომსში – წინა ფასადებით ასე რომ იქცევდა ყურადღებას – საცხოვრებელი პირობები საკმაოდ უამური გახლდათ. ჯერ სამზარეულოში მთელი დღე ყურყუტი თქვი და მერე კიდევ – სანაცრე ორმოების საშინელი ხედი ფანჯრებიდან.
მისის მორელს ბესტვუდიდან ბოთომსში გადასვლა ჭკუაში არ დასჯდომია, მით უმეტეს, იქაურობა უკვე მეთორმეტე წელს ითვლიდა და დაჭკნობის ჟამი დასდგომოდა. მაგრამ თავზევით ძალა არ იყო. ამას გარდა, მისი სახლი უბნის ბოლოში, შემაღლებულზე იდგა და ერთადერთი მეზობელი ებადა წამლად. ისე, ეს მთლად ურიგოც არ იყო, რადგან მეორე მხარეს ეზოს მოცილე არავინ ჰყავდა და შეეძლო, ბოსტანი გაეშენებინა. თანაც, განაპირა სახლში ცხოვრება არისტოკრატიულობის განცდას უჩენდა, რაც არასოდეს დაეუფლებოდა, შუა ქუჩაზე რომ მდგარიყო მისი სახლი; ქირაზეც როგორ აისახებოდა – თუკი მეზობლები კვირაში ხუთ შილინგს იხდიდნენ, მას ხუთი