ეპოქა, ადამიანი, - წიგნი
ვენეციის სახელმწიფო არქივში ინახება 1302 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც გვაუწყებს, რომ ვენეციის მოქალაქე მარკო პოლოს, მეტსახელად მილიონს, მოეხსნა ქალაქის დიდი საბჭოს მიერ მასზე დაკისრებული ჯარიმა საცხოვრებელ სახლზე არასტანდარტული ტიპის საწვიმარი მილის დაყენებისათვის, რადგან ხსენებული მარკო პოლო მოცემულ საკითხში უმეცარი აღმოჩნდა.
იტალიელი მოგზაურისა და მისი სახლის შესახებ ერთი ლეგენდაცაა შემორჩენილი და ის ძველ გრავიურაზე აისახა: სამშობლოსთან მრავალწლიანი განშორების შემდეგ შინ დაბრუნებულ მარკო პოლოს საკუთარ სახლში არ უშვებენ. ამ ორი ცნობიდან პირველს საკანცელარიო რუტინის გულგრილი სიზუსტე ახასიათებს, მეორეში კი ყურადღებიანი მსმენელი აწ უკვე გარდასულ და ოდესღაც წინააღმდეგობრივ განწყობათა და განზრახვათა ძლივს შესამჩნევ კვალს გაიგონებს. მაგრამ არსებობს ერთი რამ, რაც პედანტურ ჩანაწერსაც და ტლანქი ნატურალიზმით გამორჩეულ ანეგდოტსაც ევროპული კულტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო მონაპოვრის, მარკო პოლოს მოგზაურობათა წიგნის, სახელგანთქმული “მილიონის” გასაღებად აქცევს. ეს გასაღებია სოციალური ვითარება, რომელშიც დაიბადა და აღიზარდა წიგნის ავტორი, რომლის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად დაიწერა თვით წიგნი.
იტალიის სახელმწიფოთა ოფიციალურ დოკუმენტებში და ხალხურ ენაზე დაწერილ ტექსტებში სწორედ იმ დროს, XIV საუკუნეში ჩნდება სიტყვა სოციეტà — საზოგადოება,
რომლის საზრისი განიმარტება შემდეგნაირად: “პიროვნებათა ორგანიზებული ერთობლიობა,რომლის წევრები ექვემდებარებიან საზიარო კანონებსა და დაწესებულებებს, რითაც ახორციელებენ მორალური და იურიდიული ურთიერთობების მოწესრიგებულ სისტემას”. რა საზოგადოება იყო ეს? — რა თქმა უნდა, ორი მოყვანილი მაგალითი დასკვნების გამოსატანად საკმარისი არ არის. ეს მაგალითები მხოლოდ სიმბოლოებია ორი უმნიშვნელოვანესი გარემოებისა, რომლებმაც საგრძნობლად განაპირობა მოგზაურობათა წიგნის როგორც შინაარსი, ასევე შემდგომი პოპულარობა. პირველი გარემოება საზოგადოებაში მიღებულ ნორმათა ფორმალიზაციის, მათი წერილობით აღნუსხვისა და მათ განხორციელებაზე კონტროლისადმი დიდი ყურადღებაა. აქ წვრილმანები არ არსებობს: რელიგიური მოწესე ტიპიკონს ემორჩილება, არისტოკრატი — თავის სოციალურ კლასში მიღებულ ღირსების კოდექსს, ვაჭარი ან ხელოსანი — გილდიისა თუ ამქრის წესდებას. ყველაფერი ზედმიწევნით ფორმალიზებულია: დღის რეჟიმი, საკვები, ტანისამოსი, საცხოვრებლის არქიტექტურული ფორმები, საქონლის წარმოებისა და ბაზარზე გაყიდვის წესები. რა თქმა უნდა, წესებს არღვევენ, ზოგჯერ არაფრად აგდებენ. თუნდაც ვენეციელი კურტიზანების მაგალითი რად ღირს: მიუხედავად დიდი საბჭოს გამოცემული ათობით განკარგულებისა, მათი ტანისამოსი წლების განმავლობაში სულ უფრო მდიდრული და გამომწვევი ხდება. და მაინც, თვით ყველაზე მოშურნე მორალისტებსაც არ მოსდით აზრად, რომ შეიძლება უბრალოდ დააწიოკო არხების ნაპირებთან მოსეირნე რიდემოსხმული ბანოვანები. მთავარია პროცედურის დაცვა, ანუ, როგორც ახლა იტყვიან, ლეგიტიმურობის მაღალი ხარისხი: ამიტომ, მიუხედავად არცთუ ძალიან მაღალი ეფექტურობისა, წლიდან წლამდე იკრიბება ვენეციის დიდი საბჭო და გამოსცემს ახალ განკარგულებას, არ ცხრება სან-მარკოს საკათედრო ტაძრის ამბიონიდან მქუხარე ქადაგება. არავინ სცილდება საკუთარ კომპეტენციას, ყველა ინარჩუნებს მისთვის მოცემულ სახეს და ამასობაში თვით კურტიზანები
— იმ ეპოქის ქალთაგან ერთადერთნი, ვისთვისაც წერა-კითხვის ცოდნა პროფესიული ატრიბუტი იყო — აუჩქარებლად ადგენდნენ თავიათი პროფესიული საქმიანობის კოდექსს და 530 წლისთვის უკვე წერილობით ჩამოაყალიბეს “პატიოსან კურტიზანთა წესდება”.
საზოგადოებრივი ურთიერთობების სისტემა ირეკლება ადამიანის ცნობიერებაში და ქმნის ერთგვარ საკოორდინატო ბადეს, შინაგან ეტალონს, რომელიც არა მარტო მსგავსთა შორის გაბედული ორიენტაციის საშუალებას იძლევა, არამედ უცხო გარემოში ვითარების შეფასებას უწყობს ხელს. შუა საუკუნეების ევროპაში ეს საკოორდინატო ბადე, რა თქმა უნდა, საკმაოდ იყო დავალებული ქრისტიანული თეოლოგიისა და საეკლესიო განაწესისგან, მაგრამ არსებული სოციალური როლების სიმრავლემ და თითოეული მათგანის სტრუქტურულმა სირთულემ განაპირობა ის, რომ რელიგიური იდეოლოგია, რომელიც ყველაფერს გამსჭვალავდა, ძირითადად, ფორმას აძლევდა საზოგადოებრივ ურთიერთობებს, მათ შინაარსს კი არ ეხებოდა. განვითარება ყოველთვის მიიღწეოდა ინტელექტუალურად და იდეოლოგიურად გახსნილი ადამიანების ხარჯზე, თუმცა კი ეს ადამიანები სიახლის გამოსახატად უკვე მზა იდეოლოგიურ შტამპებს იყენებდნენ.
მეორე მნიშვნელოვანი გარემოება, რომელსაც არა მარტო მოგზაურობიდან დაბრუნებული მარკო პოლოს მცირე დაბრკოლება მოწმობს, არამედ ბევრი სხვა რამეც — თუნდაც ის, რომ თვით მარკომ პირველად თხუთმეტი წლის ასაკში იხილა აღმოსავლეთიდან ჩამოსული მამა — ასე შეიძლება აიწეროს: ევროპის სოციალური სირთულე, მისი საზოგადოებრივ-კულტურული განვითარება მიიღწეოდა არა მარტო შრომისმოყვარეობითა და გარემო სინამდვილის წინაშე ინტელექტუალური გახსნილობით, არამედ უდიდესი პირადი რისკის ფასად. სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები განსხვავებული
რისკის წინაშე დგებოდნენ: გლეხისათვის ეს მოუსავლიან წელიწადს შიმშილით სიკვდილი იყო, რაინდისთვის — ტურნირზე ან ბრძოლაში დაღუპვა, ვაჭრისთვის — გაკოტრება ან მეკობრის ხანჯალი. ყველას ერთნაირად ეშინია შავი ჭირის ეპიდემიის ან თუნდაც უბრალო