შესავალი ხელოვანი ლამაზ საგანთა შემოქმედია. ხელოვნების მიზანი ხელოვნების ნაწარმოების წარმოჩენაა და ხელოვანის დაფარვა. კრიტიკოსი ის არის, ვისაც შეუძლია, განსხვავებული სტილით ან ახლებური ხერხებით გადმოსცეს ის შთაბეჭდილება, რომელსაც ლამაზი საგანი ახდენს მასზე.
კრიტიკა, საუკეთესო იქნება თუ უხეირო, მაინც ავტობიოგრაფიის ნაირსახეობაა. ვინც ლამაზ საგანში მახინჯ საზრისს პოულობს, გარყვნილია, ოღონდ, გარყვნილების მიუხედავად, მომხიბლავი ვერ არის. ეს მანკია.
ვინც ლამაზ საგანში ლამაზ საზრისს პოულობს, დახვეწილია. აქ კიდევ არის იმედი. რჩეული კი ის არის, ვისთვისაც ლამაზი საგანი მხოლოდ სილამაზეს ნიშნავს.
არ არსებობს ზნეობრივი ან უზნეო წიგნი. წიგნი ან კარგად არის დაწერილი, ან ცუდად. ეგ არის და ეგ.
მეცხრამეტე საუკუნეს სძულს რეალიზმი და ეს სიძულვილი სარკეში მაცქერალი კალიბანის (კალიბანი – უილიამ შექსპირის (1564–1616) პიესის, „ქარიშხლის“ პერსონაჟი – ბნელი ძალების, სიმახინჯისა და უმეცრების განსახიერება.) მძვინვარებაა.
მეცხრამეტე საუკუნეს რომანტიზმიც სძულს და ეს სიძულვილიც სარკეში მაცქერალი, ოღონდ თავისი თავის ვერდამნახავი კალიბანის მძვინვარებაა. ადამიანის პატიოსანი ცხოვრება ხელოვანისთვის მხოლოდ თემაა, ხელოვნებაში კი პატიოსნება ის არის, ნაკლული ხერხი უნაკლოდ მოიხმარო. არცერთი ხელოვანი არ ისწრაფვის იმისკენ, რომ რამე დაამტკიცოს. დამტკიცება ხომ იმისაც კი შეიძლება, რაც მართალია. არცერთი ხელოვანი არ არის მორალისტი. ხელოვანის მორალისტობა სტილის მიუტევებელ მანერულობას ბადებს. და არც პათოლოგიური ფანტაზია აქვს რომელიმე ხელოვანს. ხელოვანს ნება აქვს, ყველაფერი წარმოსახოს. აზრი და ენა ხელოვანის სამუშაო იარაღებია, უკეთურობა და სიკეთე – სამუშაო მასალა. ფორმის თვალსაზრისით, ხელოვნების ყველა დარგის ეტალონი მუსიკოსის ხელოვნებაა, ხოლო გრძნობის თვალსაზრისით, მსახიობის ოსტატობაა ეტალონი. ხელოვნება ზედაპირია და, იმავდროულად, სიმბოლოც. ვისაც ზედაპირი არ ეყოფა და სიღრმეში ჩავა, რასაც დაინახავს, თავის თავს დააბრალოს. თავის თავს დააბრალოს იმანაც, ვინც სიმბოლოს ამოხსნის, რადგან ხელოვნება, სინამდვილეში, სარკეა და მაცქერალს აირეკლავს და არა ცხოვრებას. თუ ხელოვნების ნაწარმოები აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ახალია, რთული და სიცოცხლით სავსე, და თუ კრიტიკოსები ერთმანეთს ედავებიან, გამოდის, მხატვარი თავისი თავის ერთგული დარჩენილა. კაცს მაშინ შევუნდობთ გამოსადეგი საგნის შექმნას, თუკი ამ საგნის მიმართ თვითონვე არ იპყრობს აღტაცება, გამოუსადეგარი საგნის შექმნას კი მხოლოდ ის ამართლებს, რომ ამ საგანს შემოქმედი შეჰხარის.
ხელოვნება, საზოგადოდ, ყოვლად გამოუსადეგარია.