შესავალი
ლიტერატურის დისკურსიული კვლევა უმთავრესად მიმართულია ლიტერატურული პრაქტიკებისა და რეპრეზენტაციების შედეგების განსაზღვრაზე, რაც მომიჯნავე დისციპლინების ცოდნის გამოყენებასაც გულისხმობს. ლიტერატურის სოციოლოგიაში გამოირიცხება „ლიტერატურის რესპუბლიკის“, როგორც თავისუფალი გონის მიერ მართვადი ავტონომიური და დამოუკიდებელი უნივერსუმის, გაგება. ამის საწინააღმდეგოდ თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობაში მკვიდრდება „ლიტერატურის ველის“ ცნება. ის ძალაუფლების ერთ-ერთი ქვეველია და მასზე პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენა შეუქცევადი მოვლენაა. ძალაუფლების ველში გაბატონებული დისპოზიციები ლიტერატურის ველზე აისახება პოზიტიურად ან ნეგატიურად. ცხადია, ტექსტი ავტორის რეფლექსიის გარეშეც შეიძლება მოექცეს დისპოზიციათა ტყვეობაში, რასაც განაპირობებს ლიტერატურის ველის სწრაფვა ჰომოლოგიურობისკენ.
ლიტერატურის პოლიტიკური ფუნქციების შესახებ მსჯელობისას მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რა ადგილი ეთმობა მას სოციალურ სიბრტყეზე და რამდენად გავლენიანია მექანიზმი. მე-19 საუკუნეში საქართველოში ბურჟუაზიული კლასის გაჩენას მოსდევს საზოგადოებრივი სფეროს სტრუქტურული ტრანსფორმაცია, რის შედეგადაც ხელოვნების სხვადასხვა დარგები (მათ შორის, ლიტერატურა) ტოვებს ლიმიტირებულ საზღვრებს და სოციუმის სხვადასხვა შრეებში განიფინება. ძირეულ ცვლილებას განაპირობებს ეკონომიკური ფაქტორები, რაც პირდაპირ კავშირშია ლიტერატურის გავრცელების მასშტაბებთან.
ხელოვნება აღწევს ყოველდღიურ ცხოვრებაში სამეფო კარის წვეულებების შემდეგ ახლა უკვე ბაზრებსა და ქალაქის სალაყბოებზე, სადაც ხალხი აიტაცებს ფრაზებს საყვარელი დრამატული თუ ლირიკული ტექსტიდან. ლიტერატურა ყოფაში იჭრება ენობრივ და ეთოსურ დონეებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ინტენსიური ინტერაქცია სიტყვიერების ორ სფეროს: ლიტერატურასა და საკომუნიკაციო ენას შორის. მხატვრული ტექსტი არა მხოლოდ აირეკლავს საზოგადოებრივ ფაქტურას, არამედ ახდენს მის მოდელირებას.
მეორე მნიშვნელოვანი კულტურალური გამოწვევა, რომელიც ლიტერატურის ხასიათს განაპირობებს, ეს არის ლიბერალური და ნაციონალური მოძრაობების გააქტიურება მე-18-19 საუკუნეებში. რომანტიზმი, როგორც რევიზიონისტული ხედვა, მიმართული იმპერიული რეჟიმების წინააღმდეგ, თავს მოუყრის ნაციონალურ და ლიბერალურ იდეებს. რუსული რომანტიზმი, ნაციონალურ (იმპერიის ნარატივი) და ლიბერალურ დოქტრინას იზიარებს თავისებურად. ის არათანმიმდევრულია, რამდენადაც ვითარდება სამხედრო და ლიტერატურულ პრაქტიკათა მიჯნაზე.
ლიტერატურის ველის ჩარჩოების დადგენისთვის უნდა განისაზღვროს ველის აგენტთა ჰაბიტუსები, გაბატონებული დისპოზიციები, როგორც პრაქტიკათა ინდიკატორები, რომლებიც ქმნიან ჰომოგენურ კონტექსტს. ველის კულტურული იდენტობის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია შევისწავლოთ ჰეტეროგენულ ველთა დაპირისპირება, რაც მიზნად ისახავს კულტურის ბაზარზე ლეგიტიმურობის მოპოვებას.
მილიტარისტული ნარატივი ლიტერატურის სიბრტყეზე პროექციისას ითვისებს ტექსტის სხვადასხვა დონეებს: ფაბულას, თემას, მოტივს, ტროპს. მათი ანალიზისას სამეცნიერო ნარკვევში გამოყენებულია რუსული ფორმალისტური (შკლოვსკი, პროპი), პრაღისა (იაკობსონი, ველეკი) და ფრანგული (ლევი-სტროსი, ბარტი) სტრუქტურალისტური სკოლების სემიოტიკური ანალიზის მეთოდები, რაც დაინერგა ლიტერატურათმცოდნეობასა (ბარტი) და ანთროპოლოგიაში (ლევი-სტროსი). ნაშრომში ამოსავალი სემანტიკური მოდელები განხილულია ლიტერატურული პოლიტიკის ჭრილში.
სამეცნიერო პუბლიკაციის საკვლევ მასალას წარმოადგენს მხატვრული და დოკუმენტური წყაროები. მე-19 საუკუნის ქართული ყოველდღიური ცხოვრების რეკონსტრუქციის საშუალებას იძლევა მწერლებისა და მოღვაწეების მემუარები, პირადი წერილები, დღიურები, ჩანაწერები და პუბილცისტიკა. გარდა ამისა, რეალისტური მხატვრული ტექსტები, რომლებიც შემოქმედებითი მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, რეპრეზენტაციულია და იძლევა იმდროინდელ საზოგადოებრივ ყოფაში „არქეოლოგიური“ ძიების შესაძლებლობას. მილიტარისტული ნარატივის სხვადასხვა დონეების ანალიზი წარმოაჩენს იმპერიული კულტურული პოლიტიკის საყურადღებო დეტალებს.