სხვა ეს ამბავი 1969 წლის თებერვალში მოხდა, ბოსტონის ჩრდილოეთით, კემბრიჯში. მაშინვე არ დამიწერია, რადგან იმ დროს ერთადერთი სურვილი მამოძრავებდა – მომხდარი დამევიწყებინა, რომ ჭკუიდან არ შევშლილიყავი. ახლა 1972 წელია და გადავწყვიტე, მკითხველისთვის მაინც გამეზიარებინა იმედით, იქნებ მან გამონაგონად ჩამითვალოს და, ვინაიდან წლებია გასული, მეც ასე ვიფიქრო-მეთქი.
ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა ჩემთვის ის წუთები, მაგრამ უფრო მძიმე გამოდგა შემდგომი, უძილოდ გატარებული ღამეები. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩემმა ნაამბობმა მკითხველიც ასე ძლიერ უნდა ააღელვოს.
დილის ათი საათი იქნებოდა. მდინარე ჩარლზის სანაპიროზე ვიჯექი და ძელსკამის საზურგეზე გადაწოლილი მდინარეს გავცქეროდი. მარჯვნივ, ჩემგან ხუთასიოდე მეტრის მოშორებით მაღალი შენობა იდგა – ახლაც არ ვიცი, იმ შენობას რა ჰქვია. ჩარლზის მღვრიე ტალღები ყინულის უზარმაზარ ნატეხებს მოაქანებდა. რა გასაკვირია, რომ მდინარის ცქერამ ჩემს ფიქრებში წამოატივტივა ჰერაკლიტეს ათასწლოვანი მეტაფორა დროის წარმავალობაზე. წინა ღამით მშვიდად მეძინა: როგორც მივხვდი, იმ დღეს ჩატარებული ლექცია ჩემი სტუდენტებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ირგვლივ არავინ ჩანდა.
უეცრად ისეთი შეგრძნება დამეუფლა (ფსიქოლოგები, როგორც წესი, ამას დაღლილობით ხსნიან ხოლმე), თითქოს რაღაც ამდაგვარი ერთხელ უკვე ნანახი და განცდილი მქონდა. გვერდით ვიღაც მომიჯდა. მარტო ყოფნა მერჩივნა, მაგრამ ვინაიდან არ მინდოდა, უზრდელობაში ჩამოერთმია, ადგილიდან არ დავძრულვარ. შემდეგ სტვენა მომესმა. იმ დილის პირველი გაოგნება სწორედ ეს გამოდგა: უცნობი ელიას რეგულესის „ძველი ქოხის“ მელოდიას (სიმღერის ავტორი ელიას რეგულესი (1861-1929 წწ.) – ურუგვაელი ექიმი, პოლიტიკოსი და პოეტი. (შენიშვნები აქაც და შემდგომაც მთარგმნელისაა.)) უსტვენდა, ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა მაინც (კარგი სმენით არასოდეს გამოვირჩეოდი), ოღონდ არგენტინულ ყაიდაზე. მელოდიამ ფიქრით იმ ეზოში გადამისროლა, რომელიც კარგა ხანი იყო, აღარ არსებობდა და დიდი ხნის წინ გადაცვლილი ალვარო მელიან ლაფინური (ალვარო მელიან ლაფინური (1893-1958 წწ.) – არგენტინელი პოეტი და კრიტიკოსი, მამით ურუგვაელი, ბორხესის გარე ბიძაშვილი) გამახსენა. შემდეგ სიტყვებიც გავიგონე, სწორედ ის სიტყვები, ათიან წლებში რომ მღეროდნენ. ტემბრი ალვაროსას არ მიუგავდა, მაგრამ შემსრულებელი აშკარად ცდილობდა მისთვის მიებაძა. შიშით შევიცანი ის ხმა.
მეზობლისკენ გადავიხარე და ვკითხე:
– სენიორ, ურუგვაელი ხართ თუ არგენტინელი?
– არგენტინელი, მაგრამ თოთხმეტი წლიდან ჟენევაში ვცხოვრობ, – მიპასუხა მან.
ხანგრძლივი დუმილი ჩამოწვა. სიჩუმე კვლავ მე დავარღვიე:
– მალანიუს ჩვიდმეტ ნომერში, რუსული ეკლესიის პირდაპირ?
– დიახ, – მიპასუხა.
– რადგან ასეა, – განვაგრძე დაბეჯითებით, – თქვენი სახელი და გვარი ხორხე ლუის ბორხესი იქნება. მეც ხორხე ლუის ბორხესი ვარ. ახლა 1969 წელია და ჩვენ კემბრიჯში ვიმყოფებით.
– არა, – განმიცხადა ჩემმა მეზობელმა ჩემივე, ოღონდ ცოტა შეცვლილი ხმით.
ცოტა ხნის შემდეგ კი დარწმუნებით დასძინა:
– არა, ახლა მე ჟენევაში ვარ, ძელსკამზე ვზივარ და რამდენიმე ნაბიჯში რონა მოედინება. მაგრამ გასაოცარი ისაა, რომ ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს, თუმცა თქვენ ჩემზე გაცილებით უფროსი ხართ და თმაც უკვე გაგჭაღარავებიათ.
ვუპასუხე:
– შემიძლია დაგიმტკიცო, რომ არ გატყუებ. ისეთ რამეებს გეტყვი, რაც უცხომ შეუძლებელია, იცოდეს. სახლში დაგრეხილი, გრძელფეხიანი ვერცხლის მატე გვიდგას, რომელიც ჩვენს დიდ პაპას პერუდან ჩამოუტანია, კიდევ – ვერცხლის მათარა, სწორედ ისეთი, ცხენის უნაგირს რომ ჰკიდებენ ხოლმე. შენი ოთახის წიგნების კარადაში წიგნები ორ მწკრივადაა დაწყობილი. მათ შორის ლეინის გამოცემული „ათას ერთი ღამის“ სამი ტომია, გრავიურებითა და წვრილშრიფტიანი კომენტარებით ყოველი თავის ბოლოს; კიშერის ლათინური ლექსიკონი, ტაციტუსის „გერმანია“ ლათინურად და გორდონის მიერ თარგმნილიც, გარნიეს გამოცემული „დონ კიხოტი“, რივერა ინდარტეს „სისხლიანი კართოტეკა“, ავტორის მიძღვნითი წარწერით, კარლაილის „Sartor Resartus“, ამიელის ბიოგრაფია და დანარჩენ წიგნებს უკან დამალული დაფურცლული წიგნი ბალკანელ ხალხთა სექსუალური ჩვეულებების შესახებ. არც დუბურის მოედნის აივნებიდან დანახული დაისი დამვიწყებია.
– დიუფურის (ლაპარაკია პლას დიუ ბურ-დე-ფურის [Place du Bourg-de-Four] შემოკლებულ სახელწოდებაზე.), – შემისწორა მან.
– კარგი, დიუფური იყოს, აბა, დარწმუნდი?
– ვერა, – მიპასუხა მან, – ეს მტკიცებულებად არ გამოდგება. თუ ახლა მესიზმრებით, ცხადია, თქვენც იგივე გეცოდინებათ, რაც მე ვიცი. ასე რომ, სულ ტყუილად გაისარჯეთ.
საფუძვლიანი შენიშვნა იყო. ისევ განვაგრძე:
– თუკი ეს დილაც და ეს შეხვედრაც მხოლოდ სიზმარია, ორივეს გვაქვს უფლება, ვიფიქროთ, რომ სწორედ მას სძინავს და ეს ყველაფერი სწორედ მას ესიზმრება. შეიძლება გამოვფხიზლდეთ, შეიძლება არა, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი – ეს სიზმარი რეალობად უნდა მივიღოთ, როგორც ვიღებთ ზოგადად სამყაროს და იმას, რომ ვცოცხლობთ, ვხედავთ, ვსუნთქავთ.
– სიზმარი რომ არ