ა ბაო ა ქუ
მსოფლიოში ულამაზესი პეიზაჟის ნახვას თუ მოისურვებთ, ჩიტორში აღმართულ გამარჯვების კოშკზე უნდა ახვიდეთ. სულ ზევით წრიული ტერასა დაგხვდებათ, საიდანაც ჰორიზონტს ყველა მხრიდან გაუსწორებთ თვალს. ტერასამდე ხვეული კიბე ადის, მაგრამ მასზე ასვლას მხოლოდ ისინი ბედავენ, ვისაც ეს ლეგენდა ჯერ არ სმენია:
„გამარჯვების კოშკის კიბეზე უხსოვარი დროიდან ბინადრობს ა ბაო ა ქუ, რომელსაც ადამიანის სულის განჭვრეტის უნარი ებოძა. ის პირველსავე საფეხურზე წევს ღრმა, ლეთარგიულ ძილში წასული და მხოლოდ მაშინ ფხიზლდება, როცა ვინმე საფეხურებს აუყვება. ადამიანის მიახლოება ამ არსებაში სიცოცხლეს აღვივებს და მისი შინაგანი შუქიც თანდათან მატულობს, სხეული უცახცახებს და კანი უთრთის. დაადგება თუ არა ვინმე ხვეულ კიბეს, პილიგრიმთა არაერთი თაობის მიერ გალიპულ საფეხურებს ჩაბღაუჭებული
ა ბაო ა ქუ მიმავალს მაშინვე უკან აედევნება. ყოველ მომდევნო საფეხურზე ასვლა მას მეტ ელვარებას სძენს, სხეულის ფორმებიც ეხვეწება და შუქსაც სულ უფრო ცხოვლად ასხივებს. ამ არსების გრძნეულობა იმით დასტურდება, რომ იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება სრულყოფილი, თუ კიბის უკანასკნელ საფეხურს ფეხს დაადგამს სულით მრთელი და შეურყვნელი ადამიანი. სხვა შემთხვევაში, დაუსრულებელი სხეულით, ბუნდოვანი შეფერილობითა და მბჟუტავი ნათებით, ის ადგილზე შეშდება. თუ სრულყოფილებას ბოლომდე ვერ მიაღწია, ა ბაო ა ქუ ტკივილებისგან იტანჯება და აბრეშუმის შრიალის მსგავსი სუსტი ხმით კვნესის; ხოლო მისთვის სასიცოცხლო მუხტის მიმცემი – გინდ კაცის, გინდ ქალის – უმწიკვლო სულის შეგრძნებისას, ის ხვეული კიბის ბოლო საფეხურზე სრულყოფილი და ცისფერი შუქით გასხივოსნებული ადის. თუმცა ეს გამოცოცხლება დროებითია, როგორც კი პილიგრიმი უკან დაეშვება, ა ბაო ა ქუც გორვა-გორვით მასთან ერთად უბრუნდება პირველ საფეხურს, სადაც გაცრეცილი ნახატივით ძლივს შესამჩნევ სილუეტად ქცეული, ისევ მორიგი სტუმრის დასახვედრად ემზადება. ამ არსების დანახვა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ის ხვეული კიბის შუამდე მაინც ავა. ამ დროს მისი სხეულის მორჩები, პაწია მკლავებს რომ წააგავს და პატრონს საფეხურიდან საფეხურზე აცოცებაში ეხმარება, ნათელ, ხილულ, მკვეთრ მოხაზულობას იღებს. მავანნი ამბობენ, რომ ის მთელი სხეულით ხედავს, ხოლო მის კანთან შეხება ატამთან შეხებას ჰგავს“.
გასული საუკუნეების განმავლობაში ა ბაო ა ქუმ სრულყოფილი სახე მხოლოდ ერთხელ მიიღო.
კაპიტანი რიჩარდ ფრენსის ბერტონი ლეგენდას ა ბაო ა ქუზე მის მიერ თარგმნილი ათას ერთი ღამის შესახებ გაკეთებულ ჩანაწერებში ახსენებს.