წინათქმა კომუნკაციების მაქსიმალური განვითარების პირობებში ჩნდება მინიმალიზმის მოთხოვნილება სამყაროსთან ურთიერთობაში. ასეთია ცხოვრება, ასეთია თანამედროვეობის დიალექტიკა. როგორც ჩანს, მინიმალიზმი არის აუცილებლობა, რომელიც ჩნდება იქ, სადაც მაქსიმალიზმი აჭარბებს საჭიროების მინიმუმს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბუნებრივი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს სურს, სიტყვათა მინიმუმით აზრის მაქსიმუმი გადმოსცეს; ლაკონიურობა, სისადავე, სიცხადე – მინიმალიზმის ამ ელემენტებმა უნდა შექმნას მომენტი, როდესაც ფრაგმენტი უფრო მეტია, ვიდრე მთელი. წიგნში შესული ტექსტების უმრავლესობა წლების განმავლობაში ქვეყნდებოდა ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ (რედაქტორი როსტომ ჩხეიძე) ფურცლებზე.
კაცმა რომ თქვას, ამას გამოქვეყნებასაც ვერ ვუწოდებდი, რადგან თითოეული წერილი გახლდათ გამოქვეყნებული მასალის – ლექსის, მოთხრობის, პიესის, თარგმანის – „გამქვეყნებელი“, წარმდგენი, ინტერპრეტატორი. ის იყო ახლად შექმნილი ტექსტის პირველი წაკითხვა, ახსნა, გაგება, მკითხველამდე მიტანა, მიახლოება. შემდეგ, როდესაც გამოხდა დრო და ტექსტები, პროცესის პარალელურად, დალაგდა, დავინახე, რომ ჩემ თვალწინ, ჩემგან დამოუკიდებლად, დაიბადა, თავი იშვა რაღაც ერთიანმა, მთლიანმა დისკურსმა, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მინიმალისტური კრიტიკა.
ავტორი