I შარშან ზაფხულს ნორვეგიის ერთ პატარა საპორტო ქალაქში ერთობ უჩვეულო მოვლენები მოხდა. ყველასთვის მოულოდნელად აქ სრულიად უცხო მამაკაცი, ვინმე ნაგელი ჩამოვიდა. ამ უცნაურმა შარლატანმა საოცარი ამბები დაატრიალა და შემდეგ ისევე მოფულოდნელად გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა. ერთხელ, ღმერთმა უწყის, რა მიზნით, სასტუმროს ნომერში ახალგაზრდა, იდუმალებით მოცული ქალიც კი ესტუმრა. როგორც ჩანს, ქალმა დიდხანს დარჩენა ვერ გაბედა და ორიოდ საათში უკანვე გაბრუნდა. თუმცა, თავიდან ყველაფერი სხვანაირად დაიწყო...
ერთ საღამოს, ექვსი საათისთვის ნაპირს სამგზავრო თბომავალი მოადგა. გემბანზე რამდენიმე მგზავრი გამოჩნდა, მათ შორის ყვითელ პიჯაკსა და თეთრ ხავერდის ქუდში გამოწყობილი მამაკაციც ერია. მშვენივრად მახსოვს, რომ 12 ივნისის საღამო იყო, ვინაიდან სწორედ ამ დღეს ფრეკენ შელანდის ნიშნობის გამო ქალაქის რამდენიმე უბანში დროშები გამოეფინათ. სასტუმრო „ცენტრალის“ შიკრიკი გემბანზე სწრაფი ნაბიჯით ავიდა და ყვითელპიჯაკიან მამაკაცს მიუახლოვდა. უცნობმა შიკრიკს ბარგი გადასცა, ბოცმანს სამგზავრო ბილეთი გაუწოდა და თავად, გემიდან ნაპირზე ჩასვლის ნაცვლად, ბოლთის ცემას მოჰყვა. აშკარად ღელავდა. როცა გემის საყვირის ხმა მესამედ გაისმა, მაშინღა გაახსენდა, რომ გემის რესტორანში ანგარიში ჰქონდა გასასწორებელი.
სწრაფი ნაბიჯით რესტორნისკენ მიმავალმა მოულოდნელად იგრძნო, რომ გემი ადგილიდან დაიძრა. წამით შეყოვნდა, შემდეგ გემბანის მოაჯირს ეცა, ნაპირზე მდგომ შიკრიკს ხელი დაუქნია და გადასძახა:
– ჩემი ბარგი სასტუმროში წაიღეთ და ოთახი მომიმზადეთ!
გემი ნაპირს ზანტად მოშორდა და ფიორდს მიღმა გაუჩინარდა.
ბორტზე დარჩენილ ყვითელპიჯაკიან მამაკაცს იოჰან ნილსენ ნაგელი ერქვა.
შიკრიკმა ნაგელის ბარგი ურიკაზე მოათავსა. ბევრი არაფერი იყო: მხოლოდ ორი პატარა ჩემოდანი და ქურქი... დიახ, ქურქი, მიუხედავად იმისა, რომ პაპანაქება ზაფხული იდგა. ამ ყველაფერს თან ახლდა მცირე ზომის ხელჩანთა და ვიოლინოს ბუდე. მფლობელის მონოგრამა არც ერთ მათგანს არ ჰქონდა.
მეორე დღეს, სადილობის ხანი იქნებოდა, როცა იოჰან ნაგელი სასტუმროს ორცხენშებმული ეტლით მიადგა. მისთვის გაცილებით მარტივი იქნებოდა, უკან ისევ გემით რომ დაბრუნებულიყო, მაგრამ რატომღაც ეტლით მგზავრობა არჩია. თან მეტი ბარგი გამოეყოლებინა. ეტლის წინა საბარგულზე პატარა ჩემოდანი, სამგზავრო ჩანთა, პიჯაკი და რაღაც ნივთებით გატენილი პორტფელი ელაგა. პორტფელზე პაწაწინა მარგალიტებით მფლობელის ინიციალები – „ი.ნ.ნ.“ იყო ამოქარგული.
ეტლიდან ჯერ ფეხიც არ გადმოედგა, სასტუმროს ოთახის ამბავი რომ იკითხა. როდესაც მეორე სართულზე აიყვანეს და თავის ნომერში შეაცილეს, მაშინვე კედლების სისქე შეამოწმა. უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ მეზობელი ნომრებიდან გამოსული ხმაური არ შეაწუხებდა. შემდეგ კი, სრულიად მოულოდნელად, მოსამსახურე გოგონას მიუბრუნდა და ჰკითხა:
– რა გქვიათ?
– სარა.
– სარა, სარა... – და იქვე დაამატა: – სად შემიძლია ვისადილო? ესე იგი, სარა გქვიათ, არა?.. მითხარით, ადრე ამ შენობაში აფთიაქი ხომ არ იყო?
– დიახ, იყო, – დაბნეულად უპასუხა სარამ, – მაგრამ მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა...
– მრავალი წელიო, ამბობთ? დიახ, დიახ... დერეფანში შემოსვლისთანავე მივხვდი. იმიტომ კი არა, რომ წამლის სუნი მეცა, უბრალოდ, რაღაცნაირად ვიგრძენი. დიახ, ასეა...
სადილობისას ერთი სიტყვაც არ დასცდენია. ის ორი მგზავრი, რომლებიც წინა საღამოს გემით მასთან ერთად ჩამოვიდნენ ქალაქში, სასადილოს მაგიდის მეორე ბოლოში ისხდნენ. ნაგელის დანახვისთანავე ერთმანეთს თვალით რაღაც ანიშნეს და გემბანზე მომხდარის გამო მასთან გახუმრებაც გაბედეს, მაგრამ ნაგელმა თავი ისე დაიჭირა, თითქოს ვერაფერი გაიგონა. ნაჩქარევად ისადილა, დესერტი რომ შესთავაზეს, უარის ნიშნად თავი გააქნია და ბოლოს სკამიდან მკვირცხლად წამოხტა. სასტუმროდან გასვლისთანავე სიგარას მოუკიდა და ხალხმრავალ ქუჩაში გაუჩინარდა.
სასტუმროში მხოლოდ ნაშუაღამევს, დაახლოებით სამი საათისთვის დაბრუნდა. ნეტავ სად უნდა ყოფილიყო? როგორც მოგვიანებით გაირკვა, თურმე ფეხით წასულა იმ დაბაში, საიდანაც დილას ეტლით ჩამოვიდა. უკანაც ასევე ფეხით დაბრუნებულა. ალბათ რაღაც აუცილებელი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი. კარი სარამ გაუღო. კაცი ოფლად იღვრებოდა, მაგრამ ჩანდა არაჩვეულებრივ ხასიათზე იყო, სარას რამდენიმეჯერ გაუღიმა კიდეც.
– ღმერთო ჩემო, რა ლამაზი კეფა გაქვთ, ქალიშვილო! – წარმოთქვა მან აღტაცებით და დაამატა: – შემთხვევით ჩემ სახელზე წერილი ხომ არ მოსულა? ნაგელის, ანუ იოჰან ნაგელის სახელზე? ჯანდაბას... ოჰო, სამი დეპეშაა! იცით, რაღაც მინდა გთხოვოთ... შეგიძლიათ კედლიდან ეს სურათი მოაცილოთ? არ მსიამოვნებს, ყოველ წუთას თვალში რომ მეჩხირება. გაღვიძებისთანავე ამ სურათის დანახვა ცუდ გუნებაზე მაყენებს. სხვათა შორის, ნაპოლეონ მესამეს სულაც არ ჰქონია მწვანე წვერი... უღრმესი მადლობა!
სარას გასვლისთანავე ნაგელი ოთახის შუაგულში შედგა და გაირინდა. მდუმარედ იდგა და გაყინული მზერით კედელზე ერთ წერტილს მიშტერებოდა. მერე თავი ნელ-ნელა მძიმედ გადასწია უკან და ასეთ უცნაურ მდგომარეობაში კარგა ხანს