2023 წლის 16 აპრილი, კვირა
თბილისში ჩასვლა იოლი საქმე არ არის. უპირველესად ბრწყინვალე პორტა უნდა გადალახო, დაივიწყო მისი უძველესი მნიშვნელობა, ძლევამოსილება, გაუძლო ყელში მოწოლილ სისხლს, რომელიც თითქოს წამით შეჩერდა იმ სამყაროს წინაშე, რომელიც დროის წიაღში დარჩა და მხოლოდ ნაშუაღამევს დასცემს ზარებს. თვალსაწიერი არასრულყოფილია, ქალაქს მთლიანად ვერ მოიცავს, მაგრამ წარსული საუკუნის დეკადანსი ისე თამამად ცოცხლობს, რომ ნებისმიერი წარმოდგენა დასაშვებია. სანამ სინათლე შემოიჭრება, მოციმციმე შუქები მეგებება. სიურპრიზები მოგვიანებით ნელ-ნელა მოვა, უეჭველად.
*
მწერალთა სახლის შენობა ერთადერთია თბილისის იმ უბანში, რომლის ფასადიც შემოძარცული არ არის. ჭიშკრის გაღებისთანავე მოჩანს ვრცელი მისაღები და პეტერბურგის ყველაზე მდიდრული სასახლეების ყაიდაზე ნაგები მარმარილოს კიბის პირველი საფეხური. ჭერზე თაბაშირის რელიეფია, წინ ვეება ბრმა სარკეა გაბნეული ვერცხლისწყლისა, რომელიც ირეკლავს და უკან გიბრუნებს შეცბუნებულ, შევერცხლილ გამოსახულებას. სარკის მარცხნივ ვრცელ დარბაზს გადაჰკვეთ თუ არა, მუხის ხის ხვეული კიბეა თავისი ჭრიალა საფეხურებით, მესამე სართულიდან ქვის კიბის ორი მონაკვეთია, რომელიც მისაღებს უერთდება, სადაც სასტუმრო ოთახებია განაწილებული. მე იმ ოთახში დავბინავდი, რომელსაც ორჯერ სტუმრობდა ბორის პასტერნაკი, როდესაც რჩეულ ქართველ პოეტებს თარგმნიდა რუსულად თავისი ცნობილი ანთოლოგიისთვის. მეც ქართველი პოეტების სათარგმნელად ჩამოვედი, ოღონდ – ესპანურ ენაზე. ჩემს ლეპტოპს იმ საწერ მაგიდაზე ვდებ, რომელზეც პასტერნაკი წერდა. მძიმე, გლუვი ავეჯი მეწამული ფერისაა, შუაში უჯრა აქვს, გამოღებისთანავე ძველი ტყავის მძაფრი სურნელი იფრქვევა, წინ ოდნავ გამოწეული გვერდითი უჯრები გასაღებითაა დაკეტილი, რაც ჩემს ცნობისმოყვარეობას აღვიძებს, შესაძლოა, ცარიელია ან რაღაც საიდუმლოს ინახავს. მაგიდის კუთხეში იისფერი, სურნელოვანი ყვავილებია ჭიქაში.
2023 წლის 17 აპრილი, ორშაბათი
„ლურჯ მელაში“ თურქული ყავით მიმასპინძლდებიან, მსუბუქი და სურნელოვანი ყავაა, თითქოს დრო ჩერდება, სანამ ყავის ფინჯანი იცლება. ბოლო ყლუპის შემდეგ ფინჯნის ფსკერსა და კედლებზე მუქი ხაზები რჩება გაუშიფრავი, ამოუხსნელი მნიშვნელობები, რომელთაც, ვინ იცის, რა უნდა ეწინასწარმეტყველა, მაგრამ ახლა ონკანიდან მოთქრიალე წყალი ჩარეცხავს ნიჟარაში. ფანჯრიდან ქუჩის ძაღლს ვუცქერ, დიდი და მეჩხერბალნიანი მაგიდებს შორის დაბორიალებს ტერასაზე, ყურზე პლასტმასის ლურჯი საყურე აბია. როგორც ჩანს, მის დანახვაზე არავინ წუხდება. უცნობი მამაკაცი თავზე სიყვარულით ეალერსება, ხაჭაპურის პატარ ნაჭერს აწვდის, რომელსაც ცხოველი ძალიან დელიკატურად ართმევს. ვხედავ, მოპირდაპირე მხარეს, ტროტუარზე, კიდევ ორი ძაღლია გაწოლილი, ალბათ სძინავთ, ერთი ზედ სავალ გზაზე წევს, მეორე – ავტობუსის გაჩერებაზე. ყველას გაქუცული, მშრალი და ბინძური ბალანი აქვს. მიმტანი მეუბნება, რომ ყველა სტერილიზებულია და როცა კვდებიან, ნელ-ნელა ქრებიან ქუჩებიდან.
*
„ლურჯ მელაში“ მიმტანები ზანტად მოძრაობენ. ერთი სიგარეტს ეწევა ბარის უკან. ისმის წარსული დროის მუსიკა. ორი გოგონა, მაღალყელოიანი სამხედრო ფეხსაცმელები რომ აცვიათ და ცუდად აქვთ შეკრეჭილი თმა – ერთს ციფრად აქვს შეღებილი, მეორეს – მწვანედ და სტაფილოსფრად, – ერთმანეთს შესცქერიან და ისტერიულად იცინიან, ორი კიპიანი ისრაელელი რაღაცას დაჟინებით მოითხოვს, ვიღაც კაცი კბილებს იჩიჩქნის ჩხირით, სანამ ანგარიშს იხდის და უხერხულად ეკვეხება ბროწეულისფერ პიჯაკში. კაფეში განსაცვიფრებელი ამბები ხდება, მაგრამ ამდენი საოცრება, როგორც ჩანს, სტუმრებისთვის შეუმჩნეველი რჩება, თითქოს ცხოვრება სარეცხი ნიჟარის მილში მიედინება.
*
კოტე აფხაზის ქუჩა, სადაც „ლურჯი მელაა“, მრუდე ქუჩით ეშვება მეიდნამდე, მდინარესა და ფირუზისფერსახურავიან სომხურ ეკლესიას შორის. გაშლილი სივრციდან სრული დიდებულებით მოჩანს სიმაღლეზე აღმართული ციხესიმაგრე და ციცაბო ფერდზე შეფენილი სახლები, რომლებიც თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან მოქარგული და ფერადი აივნებით. ხედები აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ თბილისი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი კვანძი და მულტიკულტურული ქალაქია, მაგრამ აქ არ იგულისხმება ოფიციალურად დეკლარირებული განსაზღვრება, საუბარია ისტორიით დატვირთულ ქალაქზე, სადაც თანაცხოვრობენ ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, ჩეჩნები, აფხაზები, ინგუშები, ოსები, კავკასიელი გერმანელები, ებრაელები და რუსები. ანბანების, რელიგიებისა და ცხოვრების განსხვავებული კონცეფციების კვეთა ერთი ცეკვაა, ცოცხალი და უნიღბო, დღისით და მზისით.
*
თევზისმუცელა ხიდს ვუახლოვდები ქუჩის მეორე მხარეს გადასასვლელად. პირველი მცდელობა კრახით სრულდება, სამ ადამიანს სამი ფარშავანგი ჰყავს მხრებზე შემოსმული, ფოტოს გადაღებას ცდილობენ და მოურიდებლად, ძალით უხსნიან ცისარტყელასფერ კუდს. ეს სურათი მდინარის ხეობის სილამაზეს აფერმკრთალებს. ცხოველებზე ძალადობა ნაღველს ურევს დილის ნათელში.
*
არა მხოლოდ ვიწრო ქუჩების მოკრძალებული სილამაზის, არამედ მკაფიოდ საგრძნობი, თითქმის ირეალური ატმოსფეროს გამო, შეიძლება ითქვას, რომ ჰაერში ირხევა მშვიდი ელეგანტურობა, რომლისთვისაც უცხოა ყოველგვარი პომპეზურობა. საყიდლების ჩანთით დატვირთული ქალები აუჩქარებლად მიაბიჯებენ, თავზე შალის ქუდები ახურავთ, იისფერი ან ნაცრისფერი, ზოგი მარგალიტებითაა გაწყობილი, წინ მტკიცედ იყურებიან, ბევრი ახალგაზრდა მოძრაობს ქუჩებში, ზოგიერთი მოდას მიჰყვება,