1 თავი. ერეკლე სული ცოდვის დროს გოდებისგან იღლება, თვალებს უცრემლო ტირილით აგუბებს, დაღლილი ხსნას ღმერთისგან მოელის. სადღაც თვალით უხილავ სივრცეში გაიჭრება, სიმშვიდის მოსაძიებლად და, ცოდვებისგან დამძიმებული, ძირს ენარცხება. სხეულს ავიწყდება, რომ ამ წუთისოფელში სტუმრად ვართ მოსულები, აქ მასპინძელი არ არსებობს. ხორცი არ აძლევს სულს გათავისუფლების საშუალებას. მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ბოლო არ უჩანს, უსასრულოა, მაგრამ თუ არ დავემორჩილე, ფიზიკურად გარდავიცვლები. ზომიერებამ ლიმიტი დამიწესა, იმის იქით აღარ მიშვებს. ვხვდები, რომ დავკარგე სული და შიშს სიგიჟემდე მივყავარ... ისიც კი არ მახსოვს, როდის იყო ჩემთან, თუმცა მე დღესაც სულიერი მქვია. სხეული სუნთქავს...
ზომიერება და ლიმიტი არ მახსოვდა თავისუფალ ცხოვრებაში... ყველა ბორკილდადებული ადამიანი, გათავისუფლებისა და ბორკილების ახსნის შემდეგ, ინსტინქტურად ერთი ხელის მაჯას მეორე ხელის თითებს შემოაჭდობს ხოლმე. ალბათ მეც აქედან რომ გამიშვებენ, მარჯვენა ხელს მარცხენათი დავაბორკილებ, თავისუფლება რომ დავიჯერო. კმაყოფილი ღრმად ჩავისუნთქავ სუფთა ჰაერს, მერე ყველა იმ სურვილს ზურგს შევაქცევ, რაშიც ბოღმა ურევია. თუ ვაჯობე თავს. სურვილებისგან გათავისუფლება ძლიერებს ძალუძთ, ჭეშმარიტად თავისუფლებაზე შეყვარებულები კი ერთეულები არიან. მე ბევრმა სურვილმა ჩამითრია. მსურდა კი რეალურად? რაღაც ამძიმებს ჩემს სხეულს. ეს ის, მაშინდელი დაკმაყოფილებული სურვილებია, ლოდივით რომ მაწევს მხრებზე. ცოდვებით დამძიმებული ყელამდე ჭაობში ჩავეფლე. სიმძიმის შესამსუბუქებლად ახალ ცოდვას ვიზიდავდი ძველის დასავიწყებლად. რა ტკბილია შეცდომა შეცოდების დროს, და მწარე – გააზრებისას. ბედნიერებასთან შეხვედრას ამაოდ ველოდი, თურმე მისი მოწინააღმდეგე კარდაკარ დამყვებოდა. გვიან მივხვდი, დროს ამაოდ ჩაუვლია, ვერ ვუძლებ ცდუნებებს და ღმერთთან ზიარებას ვითხოვ აღსარების გარეშე! აქ, ამ კედლებში დავტოვებ ბოღმას და ღრმად ჩავისუნთქავ სუფთა ჰაერს.
როდესმე თუ აღმოჩენილხარ ჯოჯოხეთში არჩადენილი ცოდვების გამო? ან თუ შეგიხედავს სამოთხეში ცოდვების ჩადენის შემდეგ? ცხოვრებაში ერთხელ მაინც თუ დაფიქრებულხარ ცხოვრებაზე? ცხოვრება უჩინარ დინებას ჰგავს; როცა გგონია, რომ ადგილი გარანტირებულად დაიმკვიდრე, – ოჯახში, სამსახურში, საზოგადოებაში, სპორტში, ქუჩაში, – სიცხადე მაშინვე იმალება შიშში. ასეთია ცხოვრება, ზოგჯერ ხან მოკლე და ყოველთვის ხანმოკლე. და მაინც, ნეტავ, რა არის ცხოვრება? სიყალბე თუ სიცხადე? იქნებ სიახლეც! შენ რას აკეთებდი შენი კმაყოფილებისთვის? ალბათ გრძელვადიან სიყვარულს ეძებდი, მერე გმირულ ან თავის შესაცოდებელ ეპიზოდებს პოულობდი, ესეც გბეზრდებოდა... ან სამსახურში მიიწევდი კარიერის მწვერვალებისკენ... კერავდი ნაშებს, მარიაჟობდი მანქანით, ფულით, ტელეფონით, კარგი გარეგნობით, კაიტიპობით, ამტანობით, ყველაფრით, გარდა სულიერებისა... სულიერებს არ სჭირდებათ მარიაჟობა. ასეთებს ყველა ცოდვილი ჰკიდიათ და ვისღა უნდა ემარიაჟონ? ცოდვილებს?
თქვენი არ ვიცი და, მე მომწონს დევიზი: გააქრეთ ყველა რელიგია, მე ღმერთთან თავისუფლება მინდა! სხეული ჭკნება, ილევა და ქრება, თან მიჰყვება ამ ცხოვრებაში მოპოვებული ყველა "წარმატება და წარუმატებლობა". სულით ვაგებთ პასუხს აქ დაშვებულ შეცდომებზე. ამ კედლებში გამომწყვდეული მივხვდი, რისთვისაც ღირს ცხოვრება! – ეს საკუთარი თავისა და ღმერთის ძიებაა! წავიკითხე სახარება, ბიბლია, ისიხაზმი. თეორიულად ყველა ცოდვა ვიცი, მაგრამ ამ კედლებს რომ გავცდები, ალბათ გადამიგვარდება ფიქრები. გავალ და ალბათ ისევ დავკერავ ნაშებს, ისევ ვიკაიფებ, ოღონდ ამჯერად სიფხიზლით. ეს წიგნი არ არის ფილოსოფიური, აქ მსგავსი თემები რომ განვიხილოთ. უბრალოდ, დღეს მოძღვარი იყო ჩემთან შემოსული და ცოტა უცნაური აღსარება გამომივიდა. და რადგან წიგნის ავტორმა ასე გადაწყვიტა, წიგნს ჩემი ამბის თხრობით დავიწყებ, დანარჩენები თავად გაგეცნობიან. ზოგმა არც კი იცის, რომ აქ მოხვდებიან და აპატიეთ "უნიღბობა".
* * *
გამარჯობა, მე ერეკლე ვარ. მეც მყვარებია. ისე შემიყვარდა, დღესაც არ ვიცი, ამ სიყვარულში ღმერთის ხელი ერია თუ ეშმაკისა. რა კარგია, როცა ყველა ნორმასა და ეთიკის წესებს არღვევ, იმის იქით გადიხარ და მაინც გიყვარს. როცა აკრძალვაც ფეხებზე გკიდია, მორალიც, ხალხის აზრიც და ისე გიყვარს. იცით, რა სუსტი და დაუცველი იყო? მე კი მისი სიყვარული მაძლიერებდა. როცა მიყვარდა, სასწაული ენერგიით მქონდა სავსე მთელი სხეული. ჩემმა სიყვარულმა არ იცოდა დაღლა, ღამეებიც დამთენებია მასზე ფიქრში. ჩემს სიყვარულს, მეგონა, არასდროს დაესმებოდა წერტილი, იმიტომ, რომ არ მახსოვს საწყისი წამი. ეს არ იყო ბოდვა. ჩემი ცოლისთვის რომ ვინმეს შეურაცხყოფა მიეყენებინა, ალბათ მხოლოდ ცემით შემოვიფარგლებოდი, მაგრამ ამ ქალის გულისთვის მოვკლავდი. მე ვერ, შანსი არ არის, ვერ მომკლავდნენ. უკვდავი ვიყავი. ვერც ერთი ტყვია ვერ მომკლავდა