I "ძალა ერთობაშია" - ეს ორი სიტყვა გვიწერია ქართველებს გერბზე, იმიტომ გვიწერია,რომ მუდამ ამის შეხსენებას ვსაჭიროებთ სამწუხაროდ, მუდამ გვავიწყდება ეს ჯადოსნური ორი სიტყვა, რომლის ასო-ბგერა ჩვენი ენის, ჩვენი კულტურის და გენის გადარჩენის სადარაჯოზე დგას. ყინვაში, ქარში თუ პაპანაქება სიცხეში კლდესავით დგას და ადგილიდან ფეხს არ იცვლის. მრავალჯერ შეურაწყოფილი ჩვენგან, მრავალჯერ დაჭრილი ისევ ჩვენგან. ხმის ამოუღებლად ითმენს ყველაფერს და ერთადერთი აზრით არის გამსჭვალული და დამუხტული, ამ აზრს კი საქართველოს გადარჩენა ჰქვია. სხვა არაფერი არ არის ამ ორი, კეთილად ჯადოსნური სიტყვებისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საქართველო. ცოტა ხელი შევუწყოთ მუდამ ჩვენ სადარაჯოზე მყოფ ამ ორ ხმალს, ამ ორ შიშველ მეომარს, ცოტაც ვისწავლოთ მათგან, ცოტაც მივბაძოთ და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სულ მცირედით, სულ ოდნავ უკეთესები გავხდებით, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, უბრალოდ უცნობი ადამიანებისთვის და საკუთარი თავისთვის. ეს ორი მეომარი ჩვენთვის არსებობს და ჩვენც მისთვის უნდა ვიარსებოთ, რომ გადავრჩეთ, ბერძნულ მითოლოგიაში ადამიანები როცა ლოცვას წყვეტდნენ, ზუსტად მაგ დროს ოლიმპოზე ღმერთები საკუთარ ძალას კარგავდნენ და მოკვდავები ხდებოდნენ. ზუსტად იგივე ამბავი ხდება დღეს ჩვენ თავს, მართალია მითოლოგიაში არ ვართ, მაგრამ ამ ორი სიტყვის და ორი მეომრის აზრს რაც უფრო დავივიწყებთ და უკუვაგდებთ, ეს ორი მეომარიც დაუძლურდება, დაბეჩავდება და სააბოლოოდ დაეცემა ბრძოლის ველზე. ისინი სიკვდილის წინ არ იფიქრებენ, რომ გმირულად ეცემიან, ტკივილით და სირცხვილს იგრძნობენ, იმიტომ რომ ჩვენ, დიახ ზუსტად ჩვენ მოვკალით ისინი ჩვენი უგუნური საქციელით, უყურადღებობით და მოყვასის სიყვარულის დაკარგვით ჭირისუფლებიც აღარ გვერქმევა, წარმოგიდგენიათ ამაზე დიდი სირცხვილი?! ჰოდა წარმოვიდგინოთ ერთად და ეს არ დავუშვათ. დრომ და გარემოებებმა არ უნდა დაგვმართოს ის, რაც ბევრ ერს დაემართა და მხოლოდ მსოფლიო ისტორიის ფურცლებზე დარჩა. ჩვენ ნიჭი გვაქვს, სიყვარულის ნიჭი, რომელიც მსოფლიოს ასულდგმულებს და ეს ნიჭი ჩვენ ჩავფალით მიწაში. არადა ეს ნიჭი ცისარტყელასავით უნდა გადაგვეფინა საქართველოს ლურჯ ცაზე, მაგრამ როგორც ქუხს ისე არ წვიმს, ხელი ხელს რომ ჩავკიდოთ და ერთად ვიდგეთ, კიდევ მრავალ საუკუნეს გავუძლებთ და კიდევ მრავალი საუკუნით დავტკბებით ჩვენი ენით, ჰიმნით, დროშით და დამწერლობით.
მინდა იცოდე, ძვირფასო მკითხველო, რომ მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, ჩვეულებრივი ადამიანი და არამც და არამც არ მინდა იფიქროთ, ან გულში გაივლოთ, რომ მე ჭკუას გარიგებთ, პირიქით მოგისმენთ თავდახრილი და ყველაფერს ვეცდები რომ ის დღე უკეთესი გავხადო თუნდაც ერთი თბილი სიტყვით,რომელიც ტყვიაზე სწრაფია და სიყვარულით იქნება აბჯარ ასხმული. არც ის მინდა იფიქროთ, რომ მკითხველთან საუბარი ეს ჩემი სტილია, არა და არა - ეს სტილი კი არა გულიდან ამოსული სიტყვებია, გულიდან ამოსული ეკლიანი სიტყვები, რომელიც სულს მიკაწრავს, ვიდრე ამოვა, ვიდრე გათავისუფლდება. მაგრამ არ თქმაც არ შეიძლება, თუნდაც სულ ჭრილობებში იყოს მუდამ. მე ერთი პატარა ჭანჭიკი ვარ ჩვენი გენის და ჯიშის როგორც თქვენ, მაგრამ ერთად ძალა ვართ - დიდი რგოლი, რომლის გატეხვა ვერავინ შეძლო და ვერც შეძლებს საკუთარი თავების გარდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისმა სამართალ მემკვიდრე რუსეთმა, აქტიურად დაიწყო საქართველოს თავის გავლენებში დაბრუნება და ამისთვის ყველანაირ ვერაგ ხერხს მიმართავდა. კონკრეტულად კი სამაჩაბლოს და აფხაზეთის საკუთარ მარწუხებში მოქცევით. საქართველოს დამოუკიდებლობა მის გეგმებში არ შედიოდა, მათ მხოლოდ ვეზირები სჭირდებოდათ, რომლებსაც გამოიყენებდა როგორც მეორე ხარისხოვან ნივთებს. დაძაბულობა უკვე ძალიან შესამჩნევი და გაღვივებული იყო აფხაზეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. თითქოს დენთის კასრზე ისხდნენ აფხაზეთში მცხოვრები ქართველები, ცეცხლის პატარა ნაპერწკალი უნდოდა ამ ყველაფერს და ამ ცეცხლმაც არ დააყოვნა. ისეთი კოცონი დაანთო მავანმა, რომ აგერ უკვე ოცდაათი წელია არ ჩამქრალა.
გაგრაში, ძიძიგურების ოჯახის თავკაცი ქირურგი გიორგი ძიძიგური საფრთხის მოახლოებას გრძნობდა, თუმცა არ იმჩნევდა ამ ყველაფერს თავის ოჯახთან. ყოველ საღამოს, როცა იგი ბრუნდებოდა სახლში, თამაშობდა როლს, რომელიც ძალიან მობეზრდა, მაგრამ შვილების და მეუღლის სახეზე პატარა დაღვრემილობასაც არ აპატიებდა საკუთარ თავს, ამიტომაც ამ როლს შესანიშნავად ასრულებდა. რა თქმა უნდა, მისი მეუღლე, ნინო შარანგია ყველაფერს ხვდებოდა და ისედაც ნათელი იყო რომ შტორმი ახლოვდებოდა და თან მოჰქონდა დიდი ტკივილი, მაგრამ ისედაც ხმის ამოუღებლად თავის მეუღლეს ედგა მხარში და შვილებს არ აგრძნობინებდა ამ ყველაფერს. მათ ორი შვილი, ქალ-ვაჟი მარიამი და ირაკლი ჰყავდათ. მარიამი სიკეთეს და სითბოს განსახიერება იყო, ყველასგან გამორჩეული თავისი