წინათქმა დღიურების წერა გერმანიაში წასვლამდე მცირე ხნით ადრე გადავწყვიტე, მსურდა, ის განწყობა და ემოცია, ის, რა ფიქრითაც მაშინ ვფიქრობდი, უცვლელად გადამეტანა ფურცელზე, რადგან ბედნიერება წამიერი გრძნობაა, სწრაფად გადაივლის ხოლმე და მხოლოდ მოგონებებს შეუძლია წარსულში გვამოგზაუროს, თავიდან განგვაცდევინოს ის, რაც უკვე ჩავლილია.
დღიურების წიგნად ქცევაზე მაშინ დავფიქრდი, როცა გავიაზრე, რომ ევროპის ჩემპიონატზე გამართულ მატჩებთან ერთად თვალწინ ჩამიარა ყველაფერმა, მოედანზე თუ მის მიღმა ნანახმა. ფეხბურთი ჩემთვის განსაკუთრებულ და პირად საკომუნიკაციო ენად იქცა, მამასთან, მეგობრებთან თუ უცხო ადამიანებთან სასაუბროდ. ამ ენაზე წიგნის დაწერა კი საინტერესო იდეად მომეჩვენა.
გერმანიაში გატარებული დრო და დაუსრულებელი ზეიმი თითქოს ყველაფრიდან ამოვარდნილი მოვლენაა, ზღაპარია, სიურრეალისტური ქართული ამბავი. წინა ცხოვრების ხიბლი აქვს – იყო და თითქოს არც ყოფილა.
მას მერე უამრავი რამ შეიცვალა. დამოკიდებულებები ერთმანეთის, გუნდის, სპორტსმენებისა და ზოგადად სპორტის მიმართ, მაგრამ ევროზე გასვლა მაინც შემოგვრჩება როგორც კეთილი ზღაპარი, როგორც სახლში დაბრუნებული სხვა საქართველოს ამბავი.