სარედაქციო წერილი
სად მიფრენენ, სად გარბიან დრონი?!
ს. ჩიქოვანი
გული მაქვს შენი ნაპერწკლით სავსე,
მინდოდა
ერთხელ ცეცხლიც დაგენთო,
მაგრამ არსაით შემომხვდი გზაზე,
მარადიულო და ერთადერთო.
არჩილ სულაკაური,
"სიმონ ჩიქოვანის გახსენება"
ვუძღვნი ნიკა ჩიქოვანის ნათელ ხსოვნას
სარედაქციო წერილი
ზურაბ სირაძე მწერალი არ ყოფილა: ის გახლდათ მათემატიკოსი, მეცნიერი, თავისი საქმის პროფესიონალი; თუმცა, მთელი მისი ცხოვრება, განსაკუთრებით - ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლები, უკავშირდება მეოცე საუკუნის ქართული ინტელიგენციის ე.წ. "ოქროს თაობას". ვის არ შეხვდებით ამ მოგონებებში: გამოჩენილ მწერალ-პროზაიკოსებს, პოეტებს, მხატვრებს, მსახიობებს, მუსიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს. მთელი ეს შარავანდედიანი თაობა თითქოსდა ტრიალებს ავტორის ბიძის - ბრწყინვალე ქართველი პოეტის - სიმონ ჩიქოვანის ირგვლივ...
ბატონი ზურაბი არ გახლდათ, უბრალოდ, დამკვირვებელი და ამბის პასიური გადმომცემი. ის უშუალოდ იყო ჩართული იმ კულტურულ პროცესებში, რომელმაც მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნება უმაღლეს ნიშნულამდე აიყვანა.
მოგონებების დასაწყისშივე ავტორი წერს: "არ ვიცი, იქნება თუ არა მკითხველისათვის საინტერესო ჩემი მოგონებები სიმონ ჩიქოვანზე. მისი გარდაცვალებისას მე სულ ოცდაორი წლის ვიყავი. მართალია, ბევრ მის ახლობელს, უაღრესად საინტერესო ადამიანს, შევხვედრივარ, მახსოვს მრავალი ღირსშესანიშნავი ეპიზოდი, მაგრამ მკითხველისათვის უფრო საინტერესო, ჩემი აზრით, სიმონის საუბრების აღდგენა იქნებოდა ... ასაკისა თუ იმის გამო, რომ ეს ურთიერთობა ჩემთვის ბავშვობიდან ბუნებრივი იყო, აზრად არ მომსვლია, ჩამეწერა, თუნდაც მოკლე კონსპექტის სახით, სიმონის მონაყოლი; ... რა თქმა უნდა, ბევრი რამ მახსოვს, ბევრმა მისმა აზრმა უდიდესი გავლენა იქონია ჩემს ლიტერატურულ თუ ცხოვრებისეულ შეხედულებებზე, გემოვნებაზე, საერთოდ, განათლებაზე, მაგრამ ახლა ამ საუბრების აღდგენა მიჭირს, ვაითუ, ზუსტად ვერ გადმოვცე მათი შინაარსი და, ამასთან, დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩემებური ინტერპრეტაცია არ გავუკეთო სიმონის ნათქვამს."
შეიძლება ითქვას, რომ ეს მცირე ამონარიდი ავტორის თავმდაბლობასა და წესიერებაზე მეტყველებს; ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მკითხველი მიიღებს უდიდეს სიამოვნებას: ერთი მხრივ, შეიტყობს უამრავ საინტერესო და აქამდე უცნობ ფაქტს სიმონ ჩიქოვანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ; მეორე მხრივ - მკითხველის თვალწინ ცოცხლდება მეოცე საუკუნის ქართული კულტურა - იმ შუქჩრდილების ობიექტურად ჩვენებით, რაც მრავალ გენიალურ შემოქმედს სიცოცხლის ფასად დაუჯდა...
სტალინური რეპრესიები... ნიკიტა ხრუშჩოვის ანტიქართული ისტერია... ბრეჟნევის "ოტტეპელი" ... 1956 წლის 9 მარტის უმძიმესი დარბევა... გალაკტიონის, პაოლო იაშვილის, ტიციანის ტრაგედიები... ურთიერთობა უცხოელ მწერლებთან, კინოსა და თეატრის ვარსკვლავებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან...
როგორც თავად წერს ბატონი ზურაბი: "ჩემს მოგონებებს აკლია სიმწყობრე, ისინი კომპოზიციურად სრულიად შეუკრავია, მაგრამ გარდა ჩემი პროფესიული გამოუცდელობისა, ეს ქაოტურობა განპირობებულია თვითონ ჟანრით - ეს ხომ მემუარები არ არის, ეს თავისუფლად გაჩენილი მოგონებების ნაკადია, აი, ამ მომენტში რაღაც ასოციაციებით წარმოქმნილი, თითქოს ერთმანეთზე უსისტემოდ გადაბმული, წარსულზე ნოსტალგიით გაღვიძებული."
ზუსტად და მკაფიოდაა გადმოცემული წინამდებარე თხზულების არსი...
მაშ ასე, მკითხველის წინაშე გაცოცხლდებიან:
თავად სიმონ ჩიქოვანი; მისი უახლოესი მეგობრები, იმდროინდელი კაშკაშა თანავარსკვლავედი ქართველი შემოქმედებისა: ვერიკო ანჯაფარიძე, მიხეილ ჭიაურელი, სერგო ზაქარიაძე, აკაკი ვასაძე, ირაკლი ანდრონიკაშვილი, გოგლა ლეონიძე, ირაკლი აბაშიძე, ტიციან და ნინო ტაბიძეები, გიორგი მარგველაშვილი, გურამ და ლევან ასათიანები, არჩილ სულაკაური, აკაკი ბელიაშვილი, ნოდარ დუმბაძე, მიხა ქვლივიძე, ანა კალანდაძე და კიდევ მრავალი სხვა...
არანაკლებ საინტერესოა მოგონებები ბატონი სიმონის უკრაინელ, რუს, პოლონელ, აზერბაიჯანელ კოლეგებთან. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ქართველი პოეტის ბორის პასტერნაკთან ურთიერთობის აქამდე უცნობი დეტალები. სახალისო და ზოგჯერ სევდიანი ისტორიები, დაკავშირებული ისეთ გამოჩენილ პირებთან, როგორებიც არიან: სევერინ პოლაკი, მიკოლა ბაჟანი, ნიკოლაი ტიხონოვი, ნიკოლაი ზაბოლოცკი, ლინ იუნი და, რასაკვირველია - უძვირფასესი ცნობები ბელა ახმადულინას შესახებ.
მოგონებები შესანიშნავი ენითაა დაწერილი, დიდი ინტერესით იკითხება და მკითხველი უდავოდ დიდ სიამოვნებას მიიღებს ზურაბ სირაძის ამ პირველი და უკანასკნელი მხატვრული ნაწარმოების გაცნობით.
კახა გაბუნია
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.