როგორც ვისმინეთ, ისე ვიხილეთ „რწმენით დავდივართ და არა ხედვით“ – ამბობს პავლე მოციქული. რწმენით სიარული არის ის, რომ რწმენით ვიცით ქრისტეს დიდებით დიდებულება, რომ ის არის დიდების ღმერთი. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ, როცა გონებით სინას მთაზე ადიოდა, დაინახა ღვთის ზურგი და ისიც კლდით დაფარული, და ეს კლდე არის ქრისტეს ხორცი, რომელიც ძე ღვთისამ შეიმოსაო. ღვთაებრივი სისავსე, რომელიც დამკვიდრებულია ქრისტეს კაცობრივ ბუნებაში, ჩვენთვის მხოლოდ რწმენით სახილველია, რადგან ღვთის განგებით დაფარულია ხორცში. და უფრო მეტიც: როგორც ისააკ ასური ამბობს, როგორც ქრისტეს სხეული არის ქრისტეში დამკვიდრებული ღმერთის დიდების დამფარავი, ანუ საფარველი, ასევე ღმერთმა ქრისტეს სრული დიდებულების, ღვთაებრივი და კაცობრივი დიდებულების დასაფარავად ჯვარი გამოიყენა; ჯვარი შეიმოსა ქრისტე ღმერთმა და თავისი დიდებულების საფარველი გახადა იგი. ჯვარია ქრისტე ღმერთის ორმაგად დაფარულობის იარაღი და ნეტარია ის, ვინც ამ ღვთაებრივ იარაღში არ დაბრკოლდება და დაინახავს ქრისტეს დიდებას, რომელიც ჯვრითაა დაფარული და დაბეჭდილი.
ჯვარია ის ლოდი, რომელშიც დაიმალა ღმერთის დიდება და გამოჩნდა ღვთის სიმდაბლით დიდებულება. ნეტარია ის, ვინც ქრისტეს ამ სიმდაბლეში და უძლურებაში არ დაბრკოლდება და დაინახავს ქრისტეს დიდებას და ძლიერებას რწმენის მეშვეობით.
ვინც რწმენაში არ შეცდება, მხოლოდ ის იხილავს ქრისტეს ისეთ დიდებაში, როგორიც მას აქვს სინამდვილეში.
დაე, ღირს გვყოს ღმერთმა, რომ აქ ვიაროთ რწმენით ქრისტეს დიდებაში და იქ დავტკბეთ ქრისტეს უძლეველი ძლიერების ხედვით. ამინ.