წ ი ნ ა ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა ადამიანის ცხოვრება ქანქარასავით მოძრაობს ერთი უკიდურესობიდან მეორისაკენ. ხშირად დიდ ბედნიერებას დიდი ტკივილი ცვლის და პირიქით,
ტკივილს ბედნიერება მოსდევს. ლამაზი წუთები მადლიერებით უნდა მივიღოთ და მაქსიმალურად დავტკბეთ; ტკივილს კი, როგორმე უნდა მოვერიოთ, გაკვეთილად მივიღოთ და ცხოვრების გაგრძელება შევძლოთ. ყველა ჩვენგანშია რესურსი, წამოდგომასა და გზის გაგრძელებას რომ შეგვაძლებინებს. ესაა ცხოვრება. რთული, წინააღმდეგობებით სავსე, მაგრამ მაინც ყველაზე მშვენიერი.
სოფიო მაჩიტიძის "მძინარას დღიურიც", რომელიც შენ ახლა ხელში გიჭირავს, მკითხველო, ამის ლიტერატურული მაგალითია. სამი ქალი, სამი ბედი, სამი განსხვავებული ცხოვრების გზა და ტკივილი, რომელსაც სამივე განსხვავებულად უმკლავდება. ისტორიები, რომლებიც თითქოს ყველასთვის ნაცნობი და ახლობელია, ბევრ რამეს თავიდან გადაგააზრებინებს, ბევრ მოგონებას აგიშლის, გაგაღიმებს, აგატირებს და ხელახლა განგაცდევინებს სიცოცხლის სიტკბოს.
სანამ ამ წიგნს გადაშლი, მკითხველო, წინასწარ მოემზადე ბევრი თითქოს დავიწყებული მოგონებისთვის, თვალს დაუკითხავად მომდგარი ცრემლისთვის და პირველი სიყვარულივით დაუგეგმავი ღიმილისათვის. ამ განცდებს კიდევ უფრო აძლიერებს ავტორისეული სადა ენა და ერთი შეხედვით მძიმე ამბის მსუბუქად გადმოცემის მისეული მანერა. და ბოლოს, კიდევ ერთი რჩევა ერთი რიგითი მკითხველისაგან: გაითვალისწინეთ, რომ ცხელი ჩაი ლიმონით ძალიან უხდება ამ ისტორიებს.
ლალი კუკავა