"ყოფნის წიგნი" "ყველას აქვს ისეთი ადგილი, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია, თუნდაც იმიტომ, რომ იქ ჰაერს ახსოვს შენი ბედნიერი სუნთქვა", თქვა ერთხელ რემარკმა. სწორადაც თქვა – მართალია ჰერ ერიხ მარია რემარკი. მაგრამ, ვფიქრობ, ადგილი კი არა, ასაკია უფრო და ბავშვობა ჰქვია. ეგ ასაკი ნიშნავს ტერიტორიას, რომელზეც შენი ბედნიერებაა დასახლებული, უმიზეზო სიხარულების და ასხლეტილი ტკივილების დრო. მერე ეს ადგილი მოგდევს და არ გტოვებს. და კი, სულერთია როგორია ეს ადგილი, ანუ საკუთარი ბავშვობა. აბა, "ბაბაჯანას ქოშები" სხვა რა უნდა იყოს, თუ არა ღარიბი ბედნიერების გამოდევნება? აი, ის "ბაბაჯანას ქოშები", ახლანდელ ბავშვებს ცოტა რომ აშინებს. მაგრამ ეს სხვა ლაპარაკის კუთხეა.
ბელა წვერაძე კი წერს საკუთარ ჰაერზე. ეს ჰაერი იმ ქალაქს ეკუთვნის, რომელზეც ცოტა რამ გვსმენია, მაგრამ ბევრს იმსახურებს, ძალიან ბევრს. ეგრე გამოვიდა, რომ მე პატარა ბინა მაქვს დუშეთის მახლობლად და იქაურობის მაგიას კარგად ვიცნობ. თუ ოდესმე გაზაფხულზე იქაურ მინდვრებზე მოხვედრილხარ, ჯერ გვირილების გადარბენას ნახავ, მერე ეს მინდვრები ყაყაჩოების წითელას დაიმართებს. უცნაურად ლამაზია დუშეთი ზაფხულობით. კი, ჯერ ფერფრთხილ მწვანეზე გვირილა მოთოვს, მერე ყაყაჩო, ღიღილო და ძირწითელა დაკენკავს გვირილების მიმდნარ თოვლს. ორი კვირა უნდა ჩაუსაფრდე და ნახო ეს ფერისცვალებები. და ცაცხვის ყვავილის სუნი კიდევ ცალკე მოსაყოლი ამბავია, რადგან ზოგი სუნი შეიძლება მოყვე კიდეც. ოღონდ ეგ რომ მოყვე, ბაზრის ქუჩას უნდა დაუყვე ივნისის მიწურულს, სანამ მაყვალს და ლურსმნებს ყიდიან, მანდ უნდა გაჩერდე – ჭიშკრამდე მეორე ხესთან, მიეყრდნო, მაღლა ახედო და ჩაისუნთქო. და თუ დუშეთის ცა არ იცით, მაშინ ცა საერთოდ არ გცოდნიათ, რადგან ამ ცასაც, იმ მინდვრებივით, დილაობით ბარემ ხუთგვარად შეუძლია ფერისცვალება – მოწმენდილია და ქუხილი ისმის. აი, საიდან, კაცი ვერ გაიგებს, მაგრამ გეფიცებით, ისმის და ხან შეიძლება უღრუბლოდაც დაგეცეს წვეთი. ისეთი ცაა, რომ წესია ასეთი: ზურგზე უნდა იწვე და უყურო. ასეთია დუშური ზაფხულები – აგერ, ზამთარშიც კი მაგაზე მეფიქრება და ვწერ.
მაგრამ სხვა რამეა მისული კაცის ფიქრი, მხოლოდ თვალისგან ნაკარნახევი და სხვა რამეა ფიქრი შიგნიდან, როცა მთელი დუშეთი გამოგივლია, მეორე მსოფლიო ომის ეპილოგიდან დღემდე.
"დრო, დრო აღნიშნე!" – რადგანაც გალაკტიონი მოგვიწოდებს, და მე გალაკტიონის მჯერა, მწერლობის ერთი მთავარი ძალა სწორედ საკუთარი დროის სხვა დროებისთვის განდობა მგონია. ბელას წიგნი დუშური დღიურია. დუშეთურს დავწერდი, მაგრამ იქაურები მიმიხვდებიან, ასე რატომ ვწერ. ეს დღიური ნაბიჯ-ნაბიჯ მოჰყვება ქალის და ქალაქის ცხოვრებას.
ყველა ქუჩა, შესახვევი, ადამიანი, რომელიც მეხსიერებამ მნიშვნელოვნად მიიჩნია, ბელამ საკუთარი ამბის ნაწილად აქცია. თანაც წერა ისე ეხერხება, რომ იმთავითვე გრძნობ, რამე ზერელე დოკუმენტურ საარქივო იძულებას კი არა, მაღალმხატვრულ ლიტერატურას კითხულობ. აგერ მაგალითად: "ნატო ბებომ შელოცვა იცოდა, ტკბილად მახსენდება მისი ჩიფჩიფი. სიცხიანი ვწევარ და გაურკვეველი სიტყვები ნანასავით ჩამესმის... ნეტავ რას ამბობს? ნახშირიანი დანა უჭირავს... მერე მეძინება". ეს მაგიური სცენა საკუთარი გამოტოვებით გიბიძგებთ გაიხსენოთ ყველა ლოცვა და შელოცვა, რაც გსმენიათ და წაგიკითხავთ. ეს იძულებაა ლიტერატურის ძალა.
ყველა თავი ერთ დიდ მასალას აგროვებს რომანისთვის. ისეთიც კი, თითქოს რუტინულ შრომას და რედაქციას რომ ეძღვნება. აგერ ვაჟა-ფშაველას სტუმრობები რად ღირს მწერლის წინაპრების სახლში და მამიდის მოგონება: "პატარა ვარ და ვხედავ, რომ ჩემი ნინო ძალოს ტახტზე, რომელზეც აძრომა და თამაში მიყვარდა, უცხო კაცი წევს და ჩურჩხელას შეექცევა. ალბათ უფრო ჩურჩხელას მივაცქერდი, კაცმა კი ყურადღება არ მომაქცია და არც ჩურჩხელა შემომთავაზა. ნაწყენი გამოვტრიალდი. დედაჩემმაც მკლავში წამავლო ხელი და დამიტია: "ნუ აწუხებ". ამ დროს კაცმა დაიძახა: "არ მაწუხებს, მაშო. პატარა ქალო, მოდი ჩემთან". მეც ხელმეორედ მივედი. მკითხა, რა გქვიაო. ნინა-მეთქი ვუპასუხე. "ნინა თუ ნინო?", გამიმეორა. დამფრთხალი ვიდექი. მერე მითხრა: "ნინო, რატომ არ მეტყვი, შენ ეგ მეორე თვალიც უნდა გამოგეთხაროს, ჩურჩხელას რომ არ მაჭმევო". ჩურჩხელით ხელში ისევ დედასთან გავტრიალდი. რა ვიცოდი მაშინ, ვინ იყო ვაჟა ფშაველა..."
ეს სცენები აუცილებლად გამოადგება იმ ხალხს, ვინც ადამიანის ყოფის ნიუანსებით ინტერესდება, მათ შორის სიბერის და სიკვდილთან შეგებების რიტუალით: "დღესაც ვერ ამიხსნია, რას ნიშნავს სიბერე; ვერ ამიხსნია, რატომ რჩება ადამიანი მუდმივად ბავშვობისა და ახალგაზრდობის განცდების სასიამოვნო ტყვეობაში და რატომ ვერ არქმევს ახალგაზრდულ შინაგან მდგომარეობას სიბერეს. მამიდაჩემი ლიზა წვერაძე 87 წლის გარდაიცვალა და ერთი წუთითაც არ უღალატია თავისი სიყრმის და ახალგაზრდობის ჩვევებისა და მოთხოვნილებებისთვის. მკაცრი, პედანტურად წესრიგის