პირველი ნაწილი დაკრეფილი, გასახმობად გამეტებული ყვავილები ეცოდებოდა, არასდროს წყვეტდა. თავისი ხელით დარგულს თავს ევლებოდა, რწყავდა და სიცოცხლეს უხანგრძლივებდა. ვნების კვირის იმ ოთხ დღეში იმდენი დახოცილი ყვავილი მოგვიტანეს, სპეციალური ტრანსპორტი გახდა საჭირო მის ახალ, სამუდამო სამყოფელში გადასაზიდად. ორშაბათს დილით დაგვტოვა, დიდ ხუთშაბათს შუადღით დავასაფლავეთ. წინა დღეებში ხანგამოშვებით წვიმდა, იმ დღეს არ გადაუღია. სამძიმრისთვის მოსულები ქოლგებს შემოსასვლელთან კართან ტოვებდნენ. ქოლგით მოვიდა ლიზაც, თანამშრომლებთან ერთად. თეთრ-სტაფილოსფერ-იასამნისფერ ყვავილებიანი მოზრდილი მოწნული კალათით სხვებს შემოუძღვა. კიბეზე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებივით მწკრივში, ერთმანეთის გვერდიგვერდ, თანმიმდევრობით, ჯერ ქალები და მერე კაცები ამოვიდნენ. კუბოში მწოლიარე დედაჩემს შემოუარეს, აცრემლებული ჩემი და გადაკოცნეს და წვიმის პირისპირ, შესასვლელ კართან მეც ჩამეხუტნენ. რასაც ასეთ დროს ამბობენ, ის მითხრეს, ახალი რა უნდა მოიფიქრო ადამიანმა, გამძლეობა მისურვეს და მწუხარება გაიზიარეს. კაცებიდან ზოგიერთმა გადახვევისას ზურგზე მუჯლუგუნიც მითავაზა. სხვა დროს სხვა სახლებში ნანახი რიტუალი ახლა ჩემს სახლში მეორდებოდა, მთავარ როლში მე, ჩემი და და დედაჩვენი ვიყავით. სამივეს თავი ღირსეულად გვეჭირა. იმდენ ადამიანს ჩამოვართვი ხელი, პარასკევს მკლავი მტკიოდა. ირონიულია, თუ ვინმე ხელს არ ჩამომართმევდა, რამეს არ მეტყოდა, მიკვირდა კიდეც. ასეთებიც იყვნენ, რადგან მომსვლელებიდან უმრავლესობას არც ვიცნობდი. ვალმოხდილები კიბეზე ეშვებოდნენ და ეზოს მიღმა, ქუჩაში, მწუხარება მათთვის ქრებოდა. მათი საგანგებოდ დალაგებული სახის მიმიკები ყოველდღიურობას უბრუნდებოდა.
დედაჩემის გარდაცვალების ამბის შეტყობინებისთანავე ვიცოდი, დრო გავიდოდა და მეც მიმატოვებდა მწუხარება, ბევრს ვიცინებდი და ადრე თუ გვიან ყოველდღიურობას დავუბრუნდებოდი. ჭკვიანი ქალი იყო, საკმარისიც იცხოვრა იმის მისახვედრად, როგორ გრძელდება დარჩენილებისთვის ცხოვრება.
მესამე გაკვეთილი მქონდა, თუმცა ქალაქის საცობებისგან თავის ასარიდებად ცხრის ნახევარზე სკოლაში ვიყავი. 10 საათისთვის ტელეფონს დავხედე, მაინტერესებდა გაკვეთილამდე მოვასწრებდი თუ არა შენობიდან გასვლასა და მოწევას. უცნობი ზარი იყო შემოსული, ვიფიქრე, ჩემი რომელიმეზარმაცი მოსწავლის მზრუნველი მშობელი რეკავდა და საყვარელი შვილის გაკვეთილისთვის მოუმზადებლობას ბოდიშის მოხდით მატყობინებდა. შემოსულ ნომერზე გადავრეკე და ასეულობით კილომეტრით დაშორებულმა ჩემმა მეზობელმა მიპასუხა. ჩვენ, ორ ქალაქში მცხოვრებლებს, ორჯერ მეტი მეზობელი გვყავს. სეზონურად სახლიდან სახლში გადასვლისას სამეზობლოებიც იცვლება. დაიბნა, მითხრა, ცუდი ამბის შეტყობინება მიწევსო, დედაშენი ცუდადაა და უნდა ჩამოხვიდეო. მზრუნველობით წინასწარ მოფიქრებულ გულწრფელ სიცრუეს გამართულ წინადადებებად წარმოთქვამდა. მცირეხნიანი დუმილი დავარღვიე და ვუთხარი, "მაიკომ არ დამირეკა, ე.ი. ცუდად არ არის, მოკვდა?" ჩემი პირდაპირობით დაიბნა, წამები დაყოვნდა და ბოლოს მოძებნა სიტყვები, რომლებიც "მოკვდას" ჩაანაცვლებდა - "აღარ არის". ზოგიერთი სიტყვა ან სიტყვათწყობა ადამიანის მდგომარეობას სახელსაც არქმევს და არსსაც გამოხატავს, ზოგიერთი ამ მხრივ კოჭლია. ამ შემთხვევაში სახელსაც არქმევდა და ზედმიწევნით ზუსტადაც გამოხატავდა.
ტელეფონი გავთიშე, კედელს მივეყუდე და გავაცნობიერე, თბილისიდან უსიცოცხლო დედაჩემის სხეულამდე 34 წლის სიყვარული და 200 კილომეტრი, ხოლო დედამიწაზე მისი ცხოვრების ხსოვნის წაშლამდე მთელი დარჩენილი ცხოვრება მაშორებდა.
გზა გაიწელა, კოკისპირულად წვიმდა, ჩასვლიდან მალევე გავიგე, რომ რიკოთის უღელტეხილზე მეწყერი ჩამოწვა და მაგისტრალი გადაკეტა. გზად მახსენდებოდა, სად და რისთვის მივდიოდი, წარმოვიდგენდი მის სახეს, სხეულს, ხმას, სიარულის მანერას, მომხდარის დაჯერება მიჭირდა, სხეული მტკიოდა, სუნთქვა თანდათან მიჭირდა, ცრემლები თვალებს მწვავდა.
დედაჩემს წინააღმდეგობრივი ბუნება ჰქონდა. დეპრესიას არა, თუმცა ნევროზის ჩემთვის უცნობ ფორმას ნამდვილად ათვინიერებდა მთელი ცხოვრება. ახალგაზრდა დაქვრივდა, 26 წლის. მამაჩემმა 28 წელი მოასწრო ამ სამყაროში ყრმის, ბავშვის, ყმაწვილის, ჭაბუკის, კაცისა და ორი შვილის მამის როლში ყოფნა. მასზე რაც ვიცი, ისაა, რასაც წლინახევრის ასაკში დაობლებულ ვაჟს მთელი შემდეგი ცხოვრება უყვებიან ხოლმე. რომ პატიოსანი კაცი იყო, ოჯახზე მზრუნველი, მშრომელი, კარგი შვილი, ქმარი, მეგობარი. რომ მაიკო და მე სიყვარულის ნაყოფი ვიყავით. რომ არ გაუმართლა და ახალგაზრდა წავიდა იმქვეყნად. იმიერის არსებობის მოზარდობიდან არ მჯერა. გარდაცვლილი მამაჩემის ამ საეჭვოდ იდეალური დახასიათებისაც არ მჯეროდა. იდეალური ადამიანები არ არსებობენ, იდეალური არაფერია ბუნებაში. ერთხელ, ბავშვობაში, დედაჩემის და დედამისის ლაპარაკს მოვკარი ყური, საეჭვო გარემოებაზე ხმადაბლა საუბრობდნენ. როგორც მივხვდი, იმ ამბის მთავარი პერსონაჟი ქალი დედაჩემი სულაც არ იყო. არ ვიცი, არც დედაჩემს უთქვამს ამ თემაზე რამე და არც მე ჩამიყვია ცხვირი. მამაჩემი სწავლისთვის არ დაბადებულა,მანქანებით ბავშვობიდანვე გატაცებულს დიდობაში ჰობი პროფესიად უქცევია, მანვე შეიწირა მისი სიცოცხლეც. მოკვდა და მოკვდა, ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ცხოვრებაში მის არყოფნას განვიცდიდი, მჭირდებოდა, გული მწყდებოდა, რადგან სხვებს მამა ჰყავდათ და მე - არა. სხვების მამებივით ველოსიპედის ტარება არ უსწავლებია, არასდროს გვითამაშნია ერთად ფეხბურთი, მოზარდობაში გოგოსთვის ჩხუბში დალურჯებულისთვის არ დაურიგებია