წიგნი პირველი - თავი I მატარებელი ნელი სვლით შედიოდა დედაქალაქში.
მერაბ დადიანი დერეფნის ჩამოწეულ ფანჯარასთან მიმდგარიყო და დაფიქრებული ეწეოდა სიგარეტს. თითქოს დროის გასწრება სწადიაო, მალიმალ საათზე იხედებოდა.
მძიმე ჩანთიანი და ტომრიანი მგზავრები დროზე იჭერდნენ თადარიგს და გასასვლელისკენ მიდიოდნენ. ვიღაცამ იდაყვი გაჰკრა, მეორემ ფეხზე დააბიჯა, "აჰ, მაპატიეთ", "უი, ბოდიში", – ზერელედ, ზრდილობის გამო მიუგეს და ხვნეშით აუარეს გვერდი.
არც მერაბს მიუქცევია ყურადღება. სხვა დროს იქნებ ხელიც შეეშველებინა, მაგრამ ახლა მისი გონება სხვა აზრებით იყო დაკავებული. დღეს დროზე უნდა მისულიყო სამსახურში და ინანა, რომ გუშინ ავტობუსს არ გამოჰყვა.
დღეს სამსახურში ახალ უფროსს ელოდნენ და მის დანიშვნასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ცვლილებები აღელვებდა მერაბს, ძლივს მოიკიდა ფეხი ახალ ადგილზე, ძლივს საინტერესო საქმე გაიჩინა.
მერაბმა ისევ დაიხედა საათზე მოუთმენლად. მატარებელი, როგორც ყოველთვის, დაგვიანებით ჩადიოდა დედაქალაქში. "დღეს დაგვიანება გამორიცხულია" – დაასკვნა გუნებაში, სიგარეტის ნამწვი არამწეველისათვის დამახასიათებელი მოუხერხებლობით მოისროლა ფანჯრიდან, საათზე მერამდენედ, ამჯერად უკვე გაღიზიანებით დაიხედა და კუპეში შებრუნდა.
"ამის პატრონიც თუ დროზე არ გამოჩნდა..." – უკმაყოფილოდ გადახედა მუყაოს ყუთს, რომელიც წუხელ, გამომგზავრების წინ გამოატანა ვიღაც ავადმყოფური შესახედაობის ხანშიშესულმა მამაკაცმა, რომლის არც სახელი უკითხავს მერაბს, არც გვარი და არც მისამართი. მხოლოდ სახე დამახსოვრებოდა მისი წინა მოგზაურობიდან. მაშინაც, დაახლოებით ხუთი-ექვსი თვის წინათაც, იგივე პიროვნებამ სწორედ მას გამოატანა ასეთივე ყუთი. "დიდი ბოდიში, შვილო, ახალგაზრდა ხარ და ამიტომაც გიბედავ, იქ დაგხვდებიანო" – მორიდებულად უთხრა. "თუ დამხვდებიან, რა შემაწუხებს, რაზეა ლაპარაკიო" – მიუგო მაშინ უხალისოდ და თვალწინ წარმოუდგა ახალგაზრდა, ასე ოცდასამი წლის ქალიშვილი, რომელიც მატარებლის გაჩერებისთანავე შემოიჭრა ვაგონში და "ნანა თოფურიას სახელზე გამოგზავნილი ამანათი ვისთან არისო" – ისე ხმამაღლა იკითხა, რომ ამ უცნაური მოკითხვით გაღიზიანებულმა მერაბმა გაკვირვებაც ვერ მოასწრო, ისე გამოვარდა კუპედან და "მე მაქვსო" – უპასუხა. აიღო მუყაოს ყუთი და გახარებულმა იმით, რომ დროზე მოიცილა ის თავიდან, სიჩქარით მიაწოდა ქალიშვილს.
– უი, რამსიმძიმეა, ამის თრევა ნამდვილად გამიჭირდება, ტაქსამდე ხომ ვერ მიმატანინებთ? – მიამიტურად შემოხედა ქალიშვილმა და წვრილი თვალები უსიამოვნოდ აახამხამა.
– ასე თუ გემძიმებათ, რა გაეწყობა, ამ სამსახურსაც გაგიწევთ, – "თავხედი" – დაუმატა გუნებაში ხმამაღლა ნათქვამს, ამოიღლიავა არც თუ ისე მძიმე ყუთი, მეორე მხარზე თავისი სპორტული ჩანთა გადაიკიდა და მატარებლიდან მსუბუქად ჩახტა.
მიდიოდა ტაქსების გაჩერებისკენ და უნებურად ათვალიერებდა მის წინ მამაკაცური ნაბიჯებით მიმავალ ქალიშვილს. მას ძალიან ვიწრო ჯინსის შარვალი და ასევე ტანზე ძალიან ვიწროდ მომდგარი "როლინგი" ეცვა, რომელზეც დაუდევრად ჰქონდა მოგდებული და აქეთ-იქით უფრიალებდა მოკლე კურტკის კალთები. გაურკვეველი ფერის თმა ბიჭურად ჰქონდა შეკრეჭილი და შუბლზე დაყრილ ჩოლკებს თავის მკვეთრი აქნევით მალიმალ იყრიდა უკან.
"ნორმალური კაცი ჩანდა, შვილი კი..." – გაიფიქრა მაშინ მერაბმა.
ფიქრით ახლაც თვალწინ წარმოუდგა ქალიშვილი და გაჩერებული მატარებლიდან მოუთმენლად გაიხედა, იქნებ დროზე ვნახო და ტვირთიც დროზე მოვიცილო თავიდანო, მაგრამ ნაცნობ ქალიშვილს თვალი ვერ მოჰკრა. მაშინდელივით ის აღარც ვაგონში ამოვარდნილა.
მერაბმა ცოტა ხანს შეიცადა კუპეში და როცა ვაგონი დაცარიელდა, მაშინდელივით ამოიღლიავა ყუთი და მატარებლიდან ჩავიდა, თან ყურადღებით იხედებოდა აქეთ-იქით, იქნებ ნაცნობი ხმა გავიგო ან თვითონ ქალიშვილი ვნახოო. მაგრამ გზავნილის მომკითხავი არავინ ჩანდა. "იქნებ დროზე ვერ გამოვიდა სახლიდან, იქნებ ტრანსპორტმა ან მეტრომ შეაფერხა, იქნებ..." – ფიქრში მიზეზს ეძებდა მერაბი და აფორიაქებული მალიმალ იხედებოდა საათზე. "რაღა მაინცდამაინც მე მომადგება ხოლმე ის ოჯახაშენებულიც, ახალგაზრდა ხარო, თითქოს ჩემს მეტი სხვა ვერავინ ნახა ახალგაზრდა მთელს მატარებელში..." – ენერგიული ნაბიჯებით კიდევ ერთხელ გაიარა აქეთ-იქით ბაქანზე და იგრძნო, თანდათან როგორ იტანდა ბრაზი, ბრაზი საკუთარ თავზე. "იქნებ სულელს ვგავარ? – გააგრძელა უსიამოვნო ფიქრი, – სტუდენტობის მერე, რაც მანქანა გავყიდე, სულ ორჯერ ვიმგზავრე მატარებლით და ორივეჯერ ამ ვიღაც... უზრდელის ტვირთის ზიდვა ვერ ავიცილე..."
როცა ბაქანი დაცარიელდა, ამ საჩოთირო მდგომარეობით გაღიზიანებულმა აქეთ-იქით წრიალი შეწყვიტა და შეჩერდა. "რა ვუყო ახლა ამას, ამის პატრონის დედაცო" – შეიგინა გუნებაში და ყუთს რომ დახედა, ფანქრით დაჩხაპნილი მოხვდა თვალში. მისამართი აღმოჩნდა, "უჰ, შენი, სად უნდა ვათრიო ახლა ეს" – ნერვების დამორჩილებას შეეცადა მერაბი, სამსახურში დაგვიანების შიშით მეტროს გვერდი აუარა და ტაქსში ჩაჯდა. მართალია, ქალიშვილიც ვაკეში ცხოვრობდა თურმე, მაგრამ დროის უქონლობის გამო ყუთი თავისთან წაიღო და საღამოს გავუტანო გაიფიქრა.
სახლში მისულმა ყუთი შემოსასვლელში დადო და თვითონ აბაზანაში შევარდა შხაპის მისაღებად.