1. მსახურთუხუცესი და პროფესორი
უორბეკ-ჰოლი ყველაზე ძველ საცხოვრებელ შენობად ითვლება მარკშირში. მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფრთაში მოთავსებული საგვარეულო არქივის სათავსი, ალბათ, ამ შენობის უძველესი ნაწილია. ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ყველაზე ცივი და გაყინულია. დოქტორი ვენცესლავ ბოტვინკი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, პრაღის უნივერსიტეტის უახლესი ისტორიის შტატგარეშე პროფესორი, ლაიდენიდან ჩიკაგომდე არსებული უამრავი სამეცნიერო საზოგადოების წევრ-კორესპონდენტი, გახუნებული ხელნაწერების უზარმაზარ გროვასთან იჯდა. ხელნაწერებზე დახრილი, დროდადრო წყვეტდა კითხვას, რათა კუთხოვანი უცხოური ხელით ამოეწერა რამდენიმე სტრიქონი და გრძნობდა, თანდათან როგორ უჯდებოდა ძვალ-რბილში სიცივე. მაგრამ იგი მიჩვეული იყო სიცივეს. ციოდა მის სტუდენტურ სავანეში, ჰაიდელბერგში. კიდევ უფრო მეტად ციოდა 1917 წლის ზამთარში პრაღაში, ხოლო ყველაზე საშინელი სიცივე „მესამე რაიხის“ საკონცენტრაციო ბანაკში იგემა. პროფესორი გრძნობდა, რომ ითოშებოდა, მაგრამ სანამ გაყინული თითებით საწერ-კალმის დაკავება შეეძლო, მუშაობას აგრძელებდა. მისთვის სიცივე მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო პროცესის დროს არსებული მომქანცველი გარემო გახლდათ. ხოლო რაც მართლა უშლიდა ხელს და კიდეც აღიზიანებდა, ეს იყო მესამე ვიკონტ უორბეკის ბატიფეხური ხელწერა, რომლითაც გეორგ მესამის მეფობის პირველი სამი წლის განმავლობაში ლორდ ბიუტის მიერ მისდამი მიწერილი ინტიმური წერილები აეჭრელებია. ოჰ, ეს მარგინალიები!1 ეს დაჯღვარკნილი, დაუმთავრებელი ჩანამატები სტრიქონებს შორის დოქტორ ბოტვინკს მეთვრამეტე საუკუნის ამ არისტოკრატის მიმართ პირად ანტიპათიას უღვივებდა. ადამიანს, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი ცნობების ადრესატი იყო და, მომავალ თაობათათვის უსაზღვროდ ძვირფასი სახელმწიფო საიდუმლოების მცოდნეც, უნდა ჰქონოდა პასუხისმგებლობის გრძნობა შთამომავლობის წინაშე, რათა ეს ყველაფერი ხელშეუხებლად შეენახა. მან კი უძვირფასესი ცნობების გაურკვეველი ნაჯღაბნით გადმოცემა ამჯობინა - აი, რა იყო აუტანელი! მხოლოდ და მხოლოდ მესამე ვიკონტ უორბეკის ბრალი გახლდათ, რომ უორბეკების საბუთების კვლევას ორჯერ მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე მას ეგონა. ხოლო ხანში შესული მეცნიერისთვის, რომლის ჯანმრთელობა წინანდებური აღარ იყო, დრო ძალიან ძვირად ფასობდა! ვიკონტის სინდისზე დარჩება ის ამბავი, თუკი სამუშაო, რომელსაც უნდა ეჩვენებინა, რა ევოლუცია განიცადა 1750-1784 წლებში ინგლისის კონსტიტუციამ, წამომწყების სიკვდილის გამო ვერ დასრულდებოდა. უძლური ბრაზით შეპყრობილი დოქტორი ბოტვინკი იდუმალებით მოცულ ნაჯღაბნს ჩასცქეროდა, ყრუდ აგინებდა ვიკონტ უორბეკს და წყევლიდა მის ცუდად წათლილ ბატის ფრთის კალამს.
კარზე მოკრძალებული კაკუნი გაისმა და ისე, რომ პასუხს არ დალოდებია, შემოვიდა მსახური. ეს იყო ჩასკვნილი, ხანში შესული კაცი, ცივი და ფლეგმატური სახითა და მსახურთუფროსისთვის დამახასიათებელი მზადყოფნის გამომეტყველებით.
- ჩაი მოგიტანეთ, სერ. - თქვა მან და ლანგარი მრგვალ მაგიდაზე დადო.
- გმადლობ, ბრიგს, - უპასუხა დოქტორმა ბოტვინკმა. - დიდი სიკეთეა თქვენი მხრიდან, მაგრამ შეწუხებად არ ღირდა.
- ეს რა შეწუხებაა, სერ. თვითონაც ამ დროს ვსვამ ჩაის, ბუფეტიდან აქ გამოსვლა ხომ სათვალავში ჩასაგდებიც არ არის, სულ მცირე მანძილია.
დოქტორმა ბოტვინკმა თავი სერიოზულად დააქნია. ის საკმაოდ კარგად იცნობდა ინგლისურ ჩვევებს და იცოდა, რომ ჩვენს დროშიც კი, მსახურთუფროსი სტუმრისთვის ჩაის მირთმევისას არავითარ საფუძველს არ ეძებს.
- და მაინც, ეს დიდი თავაზიანობაა თქვენი მხრიდან, ბრიგს, - დაჟინებით განაგრძობდა ის, თან გულდასმით არჩევდა ინგლისურ გამოთქმებს, - მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ახლო მეზობლები ვართ. ჩვენ შორის რომ ვთქვათ, მხოლოდ მე და თქვენ ვართ უორბეკ-ჰოლის ამ უძველესი ნაწილის მცხოვრებლები, ასე არ არის?
- ასეა სწორედ. სახლის ეს ნაწილი მართლაც თვით პერკინ უორბეკის მიერაა აგებული ათას...
- ო, არა, ბრიგს! - დოქტორმა ბოტვინკმა ჩაის დასხმაც კი შეწყვიტა, მსახურისთვის რომ შეესწორებინა, - ასეთი რამ დამთვალიერებლებსა და ტურისტებს უამბეთ, მე კი არა. პერკინ უორბეკი - ეს ხომ მითია, ისტორიული მითი კი არა მაქვს მხედველობაში, არამედ ლორდ უორბეკის საგვარეულოს ირგვლივ შეთხზული. მათ შორის არავითარი კავშირი არაა. უორბეკთა საგვარეულოს ეს შტო სრულიად სხვა წარმოშობისაა, და გაცილებით მაღალიც, შემიძლია დაგარწმუნოთ. ყველაფერი ეს აღნიშნულია აი აქ, ამ დოკუმენტებში. - და თავი კედელთან მდგარი მუხის კარადისკენ გაიქნია.
- ეს კი აგრეა, სერ, - მიუგო ბრიგსმა თავაზიანად, - მაგრამ ჩვენთან, მარკშირში, ამის თაობაზე სხვანაირად ლაპარაკობენ.
დოქტორ ბოტვინკს უნდოდა შეპასუხებოდა, მაგრამ თავი შეიკავა. ოღონდ თავისთვის ჩუმად ჩაილაპარაკა: „მაგრამ ჩვენთან, მარკშირში, ამის თაობაზე სხვანაირად ლაპარაკობენ“, - და ჩაი მოსვა. ხმამაღლა კი ესღა თქვა:
- გემრიელი ჩაი გქონიათ, ბრიგს. ძვლებს ათბობს. - და საკმაო მედიდურობით შეხედა მსახურს, უნდოდა შეეტყო, ამ უკანასკნელმა სათანადოდ შეაფასა თუ არა მისი ინგლისური.
ბრიგსმა იქედნურად გაიღიმა.
- ზუსტად ასეა, სერ, - უთხრა მან.