1
ყური მომიპყრია და გულიც მზადაა,შენი პირით ამქვეყნიური უდიდესი უბედურების ამბავიც კი მოისმინოს. მითხარ, განა დაიღუპა ჩემი სამეფო?
შექსპირი. „რიჩარდ მესამე“
ჩრდილო ამერიკის კოლონიურ ომებს ერთი თავისებურება ჰქონდა – სანამ მოწინააღმდეგეები სისხლისმღვრელ ბრძოლას გააჩაღებდნენ, ბევრი ფათერაკი უნდა გადახდენოდათ. საფრანგეთისა და ინგლისის მოქიშპე პროვინციებს შორის უსიერი ტევრი იყო. მეომრები გზას გაუვალ ადგილებში მიიკვლევდნენ, რათა მამაცური ბრძოლა გაემართათ მოწინააღმდეგესთან. იქაურ მეომრებთან ამტანობასა და თავგანწირულობაში შეჯიბრებისას გაწვრთნილმა ევროპელებმაც ისწავლეს ყველანაირი დაბრკოლების გადალახვა. სულ მალე უსიერ ტყეებში ადგილი არ დარჩა, სადაც ფეხი არ დაედგათ მეომრებს, რომლებიც შურისძიებასა თუ ევროპელი მეფეების პატივმოყვარე ზრახვებს სიცოცხლეს სწირავდნენ.
სასაზღვრო ზოლში იქნებ არც მოიძებნოს კუთხე, სადაც იმდროინდელი მხეცური ომის სისასტიკეს უფრო მკაფიოდ ეჩინოს თავი, ვიდრე მდინარე ჰადსონის სათავეებსა და მის ახლომახლო ტბებს შორის.
ჯარების გადაადგილებისთვის ხელსაყრელი პირობები შეექმნა ბუნებას. შამპლეინის წაგრძელებული ფართო ზოლი კანადის საზღვრიდან ღრმად იჭრებოდა მეზობელი ნიუ-იორკის პროვინციაში და მომავალ ფრანგებს სავალი სანაოსნო გზით უნახევრდებოდათ. სამხრეთიდან მას სხვა ტბა უერთდებოდა, რომლის წყალი ისე კამკამა იყო, რომ იეზუიტ მისიონერებს საგანგებოდ ამოერჩიათ ნათლისღების წესის აღსასრულებლად (შეარქვეს კიდეც შესაფერი სახელი – შაინტ შაცრემენტ ). ნაკლებ ღვთისმოსავმა ინგლისელებმა ამ ტბის სპეტაკი წყლისათვის დიდ პატივად მიიჩნიეს თავიანთი ხელმწიფე-ბატონის, ჰანოვერის დინასტიის მეორე წარმომადგენლის სახელი ეწოდებინათ. ერთი სიტყვით, საფრანგეთიცა და ინგლისიც იბრძოდნენ, რათა ამ ტყიანი მიდამოების მეპატრონეებისთვის კანონიერი უფლება წაერთმიათ – ტბისათვის ძველებურად მისი თავდაპირველი სახელი „ჰორიკონი“ დაეძახათ.
თავიანთი გეგმების აღსრულებისას, მოუსვენარმა თავგამოდებამ ფრანგებს თვით ალიგეინის შორეულ, მიუვალ ხეობებშიც კი შეაბედვინა. მათ საარაკო გამჭრიახობას არც ჩვენ მიერ ახლახან აღწერილი კუთხის ბუნებრივი ხელსაყრელი პირობები გამოეპარებოდა. იგი მართლა გადაიქცა ამოჩემებულ სისხლიან ასპარეზად, რომელზეც გაიმართა კიდეც კოლონიების დასაპყრობი ბრძოლების უმრავლესობა. მნიშვნელოვან ადგილებში ციხესიმაგრეებს აგებდნენ, რომელთაც ხან ერთი მხარე იგდებდა ხელთ, ხან – მეორე, ხან მიწასთან გაასწორებდნენ, ხან კიდევ აღადგენდნენ. მაშინ, როცა მხვნელ-მთესველნი ერიდებოდნენ სახიფათო ხეობებს. მეომრები, პირიქით, ამ უღრან ტყეებს ეტანებოდნენ. იქიდან გუნდ-გუნდად, დაქსაქსულები გამოდიოდნენ. ან გასაჭირისაგან ქანცმიხდილები იყვნენ, ან დამარცხებისაგან სასოწარკვეთილნი.
ეს საბედისწერო კუთხე მოლაშქრეებს გამოეცოცხლებინათ. ახოებსა და ხევებში გუგუნებდა საომარი მუსიკა, მთები ირეკლავდნენ სიცილსა და საბრძოლო ყიჟინას.
ბრძოლისა და სისხლისღვრის ამ ასპარეზზე დატრიალდა ის ამბები, რომელთა მოყოლასაც ჩვენ ვაპირებთ. ეს მოხდა ინგლისსა და საფრანგეთს შორის ბოლო დროს ამტყდარი ომის მესამე წელს. ეს ომი იმ ქვეყანაზე გაბატონებისათვის გაიმართა, რომლის ხელში ჩაგდება, საბედნიეროდ, არც ერთს ეწერა და არც მეორეს.
სარდლების უნიათობამ და მრჩევლების ნაკლებობამ დიდი ბრიტანეთი დააშორა დიდების მწვერვალს, რომელზეც ის ძველი მეომრებისა და სახელმწიფო მოღვაწეების ძალისხმევას აეყვანა. რაკი მტრის შიში აღარ ჰქონდათ, მის ქვეშევრდომებს სწრაფად ეკარგებოდათ საკუთარი ღირსებისა და პატივის გრძნობა. კოლონისტებმა ახლახან ნახეს რჩეული ლაშქარი, ჩამოსული იმ ქვეყნიდან, რომელსაც ეთაყვანებოდნენ როგორც სამშობლოს, და გულუბრყვილოდ სჯეროდათ მისი უძლეველობა. ლაშქარი, რომელსაც საგანგებოდ ამორჩეული მხედართმთავარი სარდლობდა და რომელსაც ერთმა მუჭა ფრანგებმა და ინდიელებმა სამარცხვინოდ ასროლინეს კუდით ქვა, ერთიანად ამოხოცვას მხოლოდ იმ ვირჯინიელი ყრმის საზრიანობამ გადაარჩინა, რომლის ახალგაზრდობის დროინდელი დიდების სახელი შემდეგ ქვეყნიერების უკიდურეს კუნჭულებსაც კი მისწვდა. ამ მოულოდნელმა მარცხმა საზღვრის დიდი ნაწილი დაატოვებინათ და შიშის ზარი დასცათ. შიშმა გონებას სძლია, ყველაზე მამაცებსა და უშიშრებსაც შეეპარათ ეჭვი გამარჯვებაში. ყოველ წუთს იზრდებოდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ, ინგლისის მთელი ამერიკული სამფლობელოები ან ფრანგებს ჩაუვარდება ხელში, ანდა მათი შეუბრალებელი მოკავშირეების თავდასხმებით გაპარტახდებაო.
ამიტომ, როცა მდინარე ჰადსონსა და ტბებს შორის მოთავსებული სათრევის სამხრეთი ნაწილის დასაცავად აგებულ ციხესიმაგრეში ამბავი მოვიდა, მონკალმი გამოჩნდა და „ტყის ფოთოლზე უმრავლესი“ ჯარით შამპლეინს მოჰყვებაო, ეს ჭეშმარიტი ცნობა უფრო მშვიდობისმოყვარეთა ლაჩრული უღიმღამობით მიიღეს, ვიდრე იმ სიხარულით, რომელსაც მეომარი უნდა გრძნობდეს, როცა მტერი ხელის გაწვდენაზე უახლოვდება. ეს ამბავი ინდიელმა მალემსრბოლმა მოიტანა ზაფხულის ერთ საღამოს და თან მოაყოლა „წმინდა ტბის“ ნაპირის ციხესიმაგრის უფროსის, მანროს, დაბეჯითებული თხოვნა, სასწრაფოდ დიდი ჯარი მოგვაშველეთო. ამ ორ ციხესიმაგრეს შორის მანძილი ხუთ ლიეზე ნაკლები იქნებოდა. თავდაპირველად მათ შორის ბილიკი იყო, მერე საურმე გზა გააკეთეს, ასე რომ იოლად შეიძლებოდა რაზმს ეს გზა მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე გაევლო. ბრიტანეთის ტახტის ერთგულ ქვეშევრდომებს ერთი სიმაგრისათვის უილიამ-ჰენრი ეწოდებინათ, მეორისთვის კი – ედუარდის ციხე. ორივე მოენათლათ მმართველი დინასტიის გამოჩენილი უფლისწულების სახელით. სწორედ ახლახან მოხსენიებული ძველი, გამობრძმედილი შოტლანდიელი მეომარი, უილიამ-ჰენრიში იდგა. თან ჰყავდა რეგულარული