ავტორის წინათქმა
დიდი ხნის წინ ვესტუმრე ერთ სახელოვან კაცს, რომელსაც ამერიკისთვის უმძიმეს პერიოდში მაღალი თანამდებობები ეკავა. ვსაუბრობდით ადამიანთა ცხოვრებაზე დიდი პოლიტიკური მოვლენების გავლენაზე. უფრო აქტიურობდა მასპინძელი, რომელსაც ასაკი, გამოცდილება და ადამიანთა შეფასების უნარი ამ თემაზე მსჯელობის მეტ უფლებას ანიჭებდა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა კეთილშობილური მიმართულება მისცა მანამდე მხოლოდ ყოფითი პრობლემებით დაკავებულ ერს 775 წლის ომმა და ამასთან დაკავშირებით ერთი შემთხვევა გაიხსენა.
ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირება, მართალია, მთლად ოჯახური დავა არ იყო, მაგრამ სამოქალაქო ომის ბევრ ნიშანს ატარებდა. ამერიკელები ფაქტობრივად და კონსტიტუციურად არასოდეს ყოფილან ინგლისელთა ქვეშევრდომნი, მაგრამ ორივე ქვეყნის მოქალაქენი ერთ მეფეს ემსახურებოდნენ. ამერიკელები დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფოდნენ და ინგლისელი მონარქის მსახურებაზე უარს აცხადებდნენ. კოლონიებში მცხოვრებმა ევროპელი ემიგრანტების უმეტესობამ მხარი მონარქს დაუჭირა, რამაც მათ მომხრეთა რაოდენობრივი ზრდა განაპირობა. ახალგაზრდა ამერიკას მაშინ ძალიან სჭირდებოდა თითოეული ადამიანის მხარდაჭერა, ამიტომ ადგილობრივ მცირე კონფლიქტებთან მიმართებაშიც კი გულგრილი ვერ იქნებოდა. ინგლისელები შიდა დაპირისპირებებით სარგებლობდნენ და პროვინციისა და ევროპის ჯარების გაერთიანებით ახალგაზრდა სახელმწიფოს დამარცხებას ცდილობდნენ. მათი გეგმების ხელშეშლის მიზნით კონგრესმა შექმნა საგანგებო საიდუმლო კომიტეტი, რომლის თავმჯდომარედაც ჩემი მასპინძელი მისტერ ნ. დანიშნეს. ამ თანამდებობაზე ის თანამშრომლობდა საიდუმლო აგენტთან, რომელიც უბრალო ჯაშუშის ფუნქციას ასრულებდა და, რასაკვირველია, დაბალი ფენიდან იყო. იგი სწორედ სიღარიბემ აიძულა ამ ორმაგ თამაშზე დათანხმებულიყო. გაუნათლებელ, მაგრამ ბუნებით თავდაჭერილ, გამჭრიახ და უშიშარ აგენტს უნდა დაედგინა ქვეყნის რომელ მხარეში ცდილობდნენ მონარქიის მომხრენი ჯარების ფორმირებას და მათ რიგებში ჩაწერილიყო, თავი ერთგულ ჯარისკაცად გაესაღებინა და რაც შეიძლება მეტი საიდუმლო გაეგო, რასაც დამქირავებლებს შეატყობინებდა. ეს უკანასკნელნი კი ყოველ ღონეს იხმარდნენ ინგლისელების გეგმების ჩასაფუშად. მართლაც, ისინი ხშირად წარმატებასაც აღწევდნენ.
ცხადია, ასეთი დავალების შესრულება დიდ რისკს უკავშირდებოდა. გამოაშკარავების საფრთხესთან ერთად ყოველ წუთს შეიძლებოდა ხელში ჩავარდნოდა თავად ამერიკელებს, რომლებიც მოღალატე თანამემამულეებს უფრო მკაცრად სჯიდნენ, ვიდრე ევროპელებს. მისტერ ნ.-ს აგენტი რამდენჯერმე შეიპყრეს ადგილობრივმა მმართველებმა. ერთხელ სახრჩობელაც კი მიუსაჯეს. ის სამარცხვინო სიკვდილისგან დროულმა საიდუმლო ბრძანებამ იხსნა. მაშინ მას გაქცევის საშუალება მისცეს. ეს ინცინდენტი დიდად დაეხმარა ინგლისელებთან თამაშის გაგრძელებაში. ამერიკელები კი, რომლებიც მისი საქმიანობის მხოლოდ ერთ მხარეს იცნობდნენ, თავხედ, გამოუსწორებელ ტორად თვლიდნენ.
8.. წელს მისტერ ნ. ერთ-ერთ ევროპულ სასამართლოში მაღალ და საპატიო თანამდებობაზე დანიშნეს. წასვლამდე მან კონგრესმენებს თავისი საიდუმლო აგენტისთვის თანხის გამოყოფა სთხოვა. კონგრესმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა. მისტერ ნ.-მ გადაწყვიტა აგენტისთვის თანხა თავად გადაეცა. ისინი ერთმანეთს შუაღამისას ტყეში შეხვდნენ. მისტერ ნ.-მ თავისი აგენტი ერთგულებისა და მოხერხებულობისთვის შეაქო; ბოლოს მათი ურთიერთობის შეწყვეტაზეც აცნობა და ფულიც შესთავაზა. მაგრამ პატრიოტმა აგენტმა უარი განაცხადა: „ეს ფული ქვეყანას უფრო სჭირდება, მე კი შემიძლია ვიმუშაო, თავს როგორმე გავიტან.“ მისტერ ნ.-მ ოქრო უკანვე წაიღო და თან გაიყოლა უღრმესი პატივისცემა აგენტისადმი, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ქვეყანას უანგაროდ ემსახურებოდა. როგორც გავიგე, მისტერ ნ.-ის აგენტმა დამსახურებული ჯილდო მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც მისი სამშობლო ეკონომიკურად მოძლიერდა.
ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირის მიერ უბრალოდ, მაგრამ ემოციურად ნაამბობმა ჩემზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა. მრავალი წლის შემდეგ სრულიად შემთხვევითმა გარემოებებმა რომანის დაწერისკენ მიბიძგა. „ჯაშუშის“ პირველ გამოცემას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. თითოეული მათგანი მიიჩნევდა, რომ ამ ნაწარმოების გმირში სწორედ მას ვგულისხმობდი, ალბათ, იმიტომ, რომ ჯორჯ ვაშინგტონსა და ჰენრი კლინტონს ბევრი საიდუმლო აგენტი ჰყავდათ. ოცდახუთი წლის მანძილზე ამერიკაში უამრავი სასიკეთო ცვლილება მოხდა. სხვა მიღწევებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ლიტერატურული მონაპოვარი იყო. „ჯაშუშის“ პირველი ტომი უკვე რამდენიმე თვის დაბეჭდილი იყო, როცა მეორის დაწყება გადავწყვიტე. ამერიკელი ერი ადრეული ჩამოყალიბების სტადიიდან ახალ ეტაპზე გადავიდა და საზოგადოებრივი ცნობიერებაც პოლიტიკურ ძალასთან ერთად განაგრძობს ზრდას. ვერა-კრუსიდან მეხიკოში ლაშქრობა იმ მამაცი ჯარისკაცის ხელმძღვანელობით განხორციელდა, რომელსაც პატივისცემით მოვიხსენიებ ამ წიგნის უკანასკნელ თავში. სამხედრო თვალსაზრისით ამ დიდებული ლაშქრობის და მისი ბრწყინვალე შედეგების წყალობით ერმა მორალური თვალსაზრისით, წინ დიდი ნაბიჯი გადადგა, რამაც ნამდვილი დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური გავლენების წინსვლა დააჩქარა. აცტეკების მიწაზე თოფების ბათქა-ბუთქმა ატლანტის ოკეანის მეორე სანაპირომდეც მიაღწია და იმედთან ერთად შიშიც გააჩინა. ახლა ქვეყნის შიდა მტრის გარდა, აღარაფრის უნდა გვეშინოდეს. თუ ხალხს ისე მოვეპყრობით, როგორც ჩვეულებრივ მოკვდავთ, რომლებიც შეცდომებს უშვებენ და თავშეკავებულობას გამოვიჩენთ, თამამად შეგვიძლია იმედიანად ვიყოთ, რომ განგება, რომელიც ასე დაგვეხმარა ახალგაზრდობაში, მოწიფულობაშიც გაგვიღიმებს.
კუპერსთაუნი, 849 წლის 29 მარტი.