თავი I
სიამით მივსებს გულს ყოველთვის ტევრი უღრანი,
ვეტრფი უვალ და უკაცრიელ სანაპიროებს -
არავის ესმის შენი შვება და საწუხარი
და მთელ ცხოვრებას თავად თვითონ განაპირობებ:
მიყვარს ძე კაცის, მაგრამ უფრო მხიბლავს ბუნება,
აქ უერთდები სამყაროს საზრისს უმაღლესს,
არსი ყოველი აქ ერთმანეთს ესალბუნება,
მიეახლები აქ ფარულს და თვალს გაუმაგრებ.
და მოიძიებ შენსავ სულში სათქმელს უმალვე.(ეპიგრაფები ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ნიშნიანიძემ.)
ბაირონი „ჩაილდ ჰაროლდი”
მომხდარი ამბები ადამიანის წარმოდგენაზე ისევე ზემოქმედებს, როგორც დრო. მართლაც, ვისაც ბევრი უმოგზაურია და უამრავი რამ უნახავს, ნამდვილად ისე ეჩვენება, თითქოს ამქვეყნად დიდი ხანი ეცხოვროს. სწორედ ამგვარადვე, რაც უფრო მდიდარია ამა თუ იმ ერის ისტორია მნიშვნელოვანი ამბებით, მით უფრო მეტად დაჰკრავს მას სიძველის ელფერი. მაშ, სხვანაირად როგორ აიხსნება ის დარბაისლური, დიდებული იერი, რომელიც უკვე დამჩნევია ამერიკის მატიანეს? როცა გონების თვალით გავყურებთ ახალშენთა ისტორიის ადრინდელ დღეებს, ეს პერიოდი შორეული და ბუნდოვანი გვეჩვენება, რადგან ცხოვრებაში მომხდარი ათასგვარი ცვლილება, მრავალ მოგონებად მოზღვავებული, ჩვენი ერის ისტორიის სათავეს ისეთ შორეულ ხანას მიაკუთვნებს, გეგონებათ, თითქოს იგი უკვე წარსულის წყვდიადში იყოს ჩაფლული, სინამდვილეში კი საშუალო ხანგრძლივობის ოთხი თაობის სიცოცხლე სავსებით საკმარისია, რომ ზეპირად გადაეცათ ერთიმეორისთვის ყველაფერი, რაც ცივილიზებულმა ადამიანმა ამერიკის რესპუბლიკის ფარგლებში განახორციელა.
ისტორიულად ცნობილია, რომ ასიოდე წლის წინ ჰუძონის აღმოსავლეთი სანაპიროს ისეთი ახალშენები, როგორებიცაა კლევერაკი, კინდერჰუკი და, ასე განსაჯეთ, თვით პოუკიპსი, არ იყო დაზღვეული ინდიელთა თავდასხმებისგან. ამავე მდინარის ნაპირზე, ოლბენის ნავმისადგომებიდან თოფის სასროლ მანძილზე, დღესაც შეამჩნევთ ვან-რენსელერთა(ვან-რენსელერები - მსხვილი ჰოლანდიელი მიწათმფლობელები, რომლებიც ქალაქ ოლბანის მახლობლად ჯერ კიდევ 1630 წელს დამკვიდრდნენ. ) უმცროსი შტოს სათოფურებიან ციხესიმაგრეს, რომელიც იმავე ვერაგი მტრის მოსაგერიებლად აუგიათ. თუმცა კი, თვით შენობა არც ისე დიდი ხნისაა. ჩვენი ქვეყნის ბავშვობის დროინდელი სხვა ამის მსგავსი ძეგლი მრავლადაა მიმოფანტული ამერიკის ცივილიზაციის ცენტრად მიჩნეულ ადგილებში. ეს კი აშკარად ადასტურებს, რომ მტრის თავდასხმისა და ძალადობის მოსაგერიებელი ყველა ნაგებობა ერთი ადამიანის სიცოცხლეზე ბევრად მეტი ხნის არ არის.
ქვემოთ მოთხრობილი ამბები 1740-1745 წლებში მოხდა. ეს ის დროა, როცა ნიუ-იორკის შტატის მხოლოდ ოთხი საგრაფო იყო დასახლებული ატლანტის ოკეანის სანაპიროსთან, მდინარე ჰუძონის ორივე კიდეს გადაშლილი მიწის ვიწრო ზოლიდან ვიდრე სათავის ჩანჩქერამდე, და კიდევ, ზოგიერთი „მეზობელი სანახი“ მდინარე მოჰოკისა და სკოჰარის აყოლებით. უღრანი, უკაცრიელი ტევრი არა მხოლოდ მდინარე მოჰოკის ნაპირებს ფარავდა, არამედ ახალი ინგლისის ფარგლებსაც აღწევდა და რბილმოკასინიან ინდიელ მეომრებს საშუალებას აძლევდა, უჩუმრად ევლოთ თავიანთ იდუმალ სისხლიან საომარ ბილიკებზე. მცირე სიმაღლიდან გადმოხედვისას დაინახავდით, რომ მისისიპის აღმოსავლეთით მდებარე მთელი არემარე მთებს დაეფარა, რომელსაც ზღვის სანაპიროს მხარეს ქობასავით გაევლებოდა აქა-იქ მოკამკამე ტბებით მოწინწკლული და მდინარეთა დაკლაკნილი კალაპოტებით დასერილი, დამუშავებული მიწის ვიწრო ზოლი. ასეთ უზარმაზარ, დიდებულ და უდაბურ მხარესთან შედარებით, ის კუთხე, რომლის აღწერასაც ვაპირებთ, უფერულად გამოიყურება. მიუხედავად ამისა, მაინც მხნედ განვაგრძობთ თხრობას იმ რწმენით, რომ, გარდა მცირედი, ნაკლებად მნიშვნელოვანი განსხვავებისა, ამ უკაცრიელი ქვეყნის ერთი რომელიმე ნაწილის ბეჯითი აღწერა უთუოდ შეგვიქმნის საკმაოდ სწორ წარმოდგენას მთელ ამ მხარეზეც.
უღრან ტყეში, რომლის ფოთლოვან ზედაპირს ივნისის უღრუბლო ციდან მზე კაშკაშა შუქს აფრქვევდა, ხოლო პირქუშ ჩრდილში ხეები დიდებულად აზიდულიყვნენ, - ადამიანთა გადაძახილ-გადმოძახილი ისმოდა. კილოზე ემჩნეოდა, ეს ხმები ორ კაცს ეკუთვნოდა, რომელთაც გზა აბნეოდათ და სხვადასხვა მხარეს ეძებდნენ კვალს. ბოლოს, შეძახილზე დაეტყო, რომ ძიება წარმატებით დაგვირგვინდა და მალე მომცრო ლაქაშიანი ადგილის ჩახლართული ლაბირინთიდან კაცი გამოიჭრა ახოში, რომელიც ნაწილობრივ ქარიშხლის ონავრობის, ნაწილობრივ კი ხანძრის წყალობით უნდა ყოფილიყო გაჩენილი. წაქცეული ხეებით თითქმის მთლიანად ჩახერგილი ამ მცირე ღიობიდან უკვე ჩინებულად მოჩანდა ზეცა. თვით ველობი მდებარეობდა ერთი იმ მაღალი სერის ანუ დაბალი ქედის ფერდობზე, რომლებიც მთელ ამ მხარეს სერავს.
- აი, აქ კი კაცი ჩაიმუხლავდა და სულს მოითქვამდა! - წამოიძახა ლაქაშებს თავდაღწეულმა ტყის ბინადარმა და ზორბა ტანი ისე შეიბერტყა, როგორც ნამქერიდან ახალამომძვრალმა ნაგაზმა.
- ვაშა, ნადირთმჟლეტო, როგორც იქნა, დღის სინათლე ვიხილეთ. ტბაც სადღაც ახლოს უნდა იყოს.
მოლაპარაკეს სიტყვები ჯერ კიდევ დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ლაქაშში ბუჩქები გადაიწია და ველობში მეორე კაციც გამოვიდა, იარაღი და ამოჩეჩილი ტანსაცმელი სასწრაფოდ შეისწორა და ამხანაგთან მივიდა, რომელიც უკვე დასვენების სამზადისს შესდგომოდა.
- ეს ადგილი მართლა იცანი და იმან გაგახარა თუ მზის დანახვამ აგაცუნდრუკა? - იკითხა მან, ვისაც ნადირთმჟლეტი