თავი XVII
იქ თქვენს სინათლეს, თქვენს ვარსკვლავებს სჭვრეტთ,
ქურუმებო,
გაბრიყვებთ სივრცე და გაცთუნებთ სხივი უნებურ.
ნუთუ არ კმარა? ამ უსაზღვრო და უსასრულო
მშვენიერებამ ნუთუ მუდამ უნდა გაცთუნოთ?
მური (ეპიგრაფები ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ნიშნიანიძემ)
კოცონი, კანოე და რუ, რომელთანაც ნადირთმჟლეტმა უკან დახევა დაიწყო, თითქმის ტოლგვერდა სამკუთხედის კუთხეებად აღიქმებოდა. კანოე, რუსთან შედარებით, ოდნავ უფრო ახლოს იყო კოცონთან, თვითონ კი რუსა და კოცონს თითქმის თანაბარი მანძილით იყო დაშორებული, ოღონდ ეს მაშინ, როცა სწორ გზას დაადგებოდა, რასაც ლტოლვილნი ვერ გაბედავდნენ. ბუჩქებში თავის შესაფარებლად, იძულებულნი შეიქნენ, უფრო შორიდან მოევლოთ და სანაპიროს მიხვეულ-მოხვეულ გზებს გაჰყოლოდნენ. აი, ასეთ შავ დღეში იყვნენ, მონადირემ უკან დახევა რომ დაიწყო. იგი კარგად იცნობდა ინდიელთა ადათ-წესებს და სწორედ ამიტომ კიდევ უფრო ნათლად გრძნობდა თავის სავალალო მდგომარეობას, - უცაბედი განგაშის დროს თავგზა როდი აებნეოდათ ინდიელებს, მით უმეტეს, თუ თავშესაფარიც საიმედო ჰქონდათ. ისინი მყის ფლანკერებს (ფლანკერები - ძირითადი რაზმის წინა ფლანგებზე მებრძოლი მეომრები) წარგზავნიდნენ ხოლმე ყველა კუთხე-კუნჭულში მტრის მოსაჩხრეკად და, დროს იხელთებდნენ თუ არა, ზურგიდან დაეცემოდნენ მეტოქეს. მათ ახლაც რომ ამ ხერხს მიმართეს, მონადირე ფეხის ხმაზე მიხვდა, რომელიც, როგორც უკვე ითქვა, მარტო აღმართიდან როდი მოისმოდა. სუსტი ფეხის ხმა მისწვდა მის ყურს მოპირდაპირე მხრიდანაც, სადაც ისარა ეგულებოდა. ახლა ყველაფერი მის სიმარჯვეზეღა იყო დამოკიდებული, რადგან, ვიდრე ლტოლვილნი კანოემდე მიაღწევდნენ, მტერიც შეიძლებოდა გამოჩენილიყო.
კარს მომდგარი უსაშველო განსაცდელის მიუხედავად, ნადირთმჟლეტი წამით შეყოვნდა, ვიდრე სანაპირო ზოლს გაყოლებულ ბუჩქებში მიიმალებოდა. მომხდარმა ამბავმა გრძნობები აუშალა და ააფორიაქა, - იმ ამბის მთელი სიმძიმე, პირადად მას სრულებით რომ არ ეხებოდა, სწორედ მას დააწვა მხრებზე. მთის თხემზე ოთხი მუქი გამოსახულება ირწეოდა და ნათლად იკვეთებოდა აბდღვრიალებული ცეცხლის ფონზე. ასე რომ, პირველსავე ცდაზე შეიძლებოდა სასიკვდილოდ მტრის გაწირვა. ინდიელები შეჩერდნენ და წყვდიადს ჩააცქერდნენ - აწივლებულ კუდიან ბებრუხანას ეძებდნენ და, თუ არა მონადირე, რომელსაც განსჯის უნარი არ ღალატობდა, ერთ-ერთი მათგანი უეჭველად გამოესალმებოდა წუთისოფელს. ბედად იგი ძალზე წინდახედული აღმოჩნდა. თუმცა თოფი ყველაზე წინ მომავალი მდევრისკენ მიემართა, არც დაუმიზნებია მისთვის და არც უსვრია, ბუჩქებს შეაფარა თავი. ტბამდე მიღწევა და შემდეგ ნაპირ-ნაპირ იმ ადგილამდე მისვლა, სადაც ჩინგაჩგუკი უა-ტა-უასთან ერთად უკვე კანოეში იჯდა და გულის ფანცქალით ელოდა მის გამოჩენას, წუთის საქმე იყო. ნადირთმჟლეტმა ის იყო, თოფი კანოეში ჩააგდო და დაიხარა, რათა ძლიერი ბიძგით იგი ნაპირისგან განერიდებინა, რომ ამ დროს ბუჩქებიდან ჯანიანმა ინდიელმა ისკუპა და ავაზისებური ნახტომით ზურგზე მოექცა მონადირეს. მისი ბედი ახლა უკვე ბეწვზე ეკიდა - ერთი დაუდევარი ნაბიჯი და, ყველაფერი ოხრად რჩებოდა. ის გრძნობა, რაც იმწუთას მონადირეს ამოძრავებდა, თვით ძველ რომაელსაც უკვდავებას მოუპოვებდა, მისი მოკრძალებული სახელი კი შეიძლება, სულაც ჩრდილში დარჩენილიყო, ჩვენი უპრეტენზიო მოთხრობა რომ არა. ნადირთმჟლეტმა მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა, კანოეს თავგანწირვით უბიძგა და ერთ წამში ასი ფუტის მანძილზე დააშორა ნაპირს, თვითონ კი თავით ტბაში გადაეშვა. მისი სულთამხუთველიც, რა თქმა უნდა, თან მიჰყვა.
ნაპირიდან რამდენიმე იარდის დაშორებით, წყალი კი ღრმა იყო, მაგრამ ორი მოსისხლე სადაც ჩავარდა, იქ მკერდამდე თუ აღწევდა. და მაინც, ეს სიღრმეც საკმარისი იყო ჩაძირული ნადირთმჟლეტის საიქიოში გასასტუმრებლად, რადგან იგი ძალზე არახელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ხელები თავისუფალი ჰქონდა; ველურს კი წყლიდან თავის ამოსაყოფად, მტერზე მარწუხებივით შემოჭდობილი მკლავების გაშლა მოუხდა. ნახევარი წუთის განმავლობაში გაშმაგებული ბრძოლა მიდიოდა, ალიგატორის ფართხალს რომ ჰგავდა, რომელსაც ესაა, უზარმაზარი ნადავლი ჩაეგდო ხელთ. შემდეგ კი ორთავე წამოხტა - წყვდიადში დანის მომაკვდინებელი დარტყმისთვის თავი რომ აერიდებინათ, მკლავებში ჩაფრენოდნენ ერთმანეთს. არავინ უწყის, რითი დამთავრდებოდა ეს სასტიკი ორთაბრძოლა, ველურების მთელი ხროვა რომ არ გადაშვებულიყო წყალში მეგობრის საშველად. ცოტაც და, ნადირთმჟლეტი ისევე ღირსეულად ჩაჰბარდა ტყვედ, როგორი ღირსეული თავგანწირვითაც იბრძოდა.
ინდიელები ტბას გაეცალნენ და ერთი წუთის შემდეგ ახალი ტყვე უკვე კოცონთან იდგა. ისინი იმდენად გაიტაცა ორთაბრძოლამ და მისმა შედეგმა, რომ ვერც კი შენიშნეს კანოე, რომელიც ჯერ კიდევ ისე ახლოს იყო ნაპირთან, რომ მათ მიერ გარკვევით წარმოთქმული ყოველი მარცვალი მშვენივრად აღწევდა დელავარისა და მისი საცოლის ყურამდე. მთელი ხროვა გზას გაუდგა; მხოლოდ რამდენიმე მათგანი გაუყვა ნაპირს უა-ტა-უას საძებრად, უმრავლესობამ კოცონისკენ გასწია. აქ კი ნადირთმჟლეტისგან მოგუდვას ძლივს გადარჩენილმა დედაბერმა უკვე სული მოითქვა და გონება იმდენად მოიკრიბა, რომ წვრილად ჩამოუფქვა თავისიანებს ქალიშვილის მოტაცების ამბავი. მაგრამ