თავი I
პარაფრაზი: დაე, მარსმა მწყალობელი
კალთა გადაგაფაროთ.
შექსპირი. „საქმეს ბოლო აგვირგვინებს“.
ვინც კი ამერიკის სავაჭრო ქალაქის - როდ-აილენდის ორომტრიალს მოსწრებია, არ დაიჯერებს, რომ ოდესღაც სიცოცხლით სავსე, ხმაურიან პორტი ამჟამად დადუმებულია, რომ ერთ დროს ამ ჩვენს უშველებელ სანაპიროზე იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნავსადგური გახლდათ. ერთი შეხედვით კაცს შეიძლება ეგონოს, თითქოსდა ბუნებამ საგანგებოდ შექმნა ეს ადგილი მეზღვაურთათვის საჭირო საქმეების მოსაგვარებლად.
ნიუ-პორტი თავისი უპირატესობებით - უსაფრთხოებითა და გაშლილი ნავსადგურით, მშვიდი, განიერი ყურით და სუფთა ზღვის სანაპიროზე მარჯვე რეიდით - თვალში მოსდიოდათ ჩვენს წინამორბედ ევროპელებს: ზედგამოჭრილი ბუნებრივი თავშესაფარია ხომალდებისთვის და მის კალთაში მამაც და გამოცდილ ზღვაოსანთა მთელი თაობა გამოიზრდებაო.
მართალია, მეორე ნაწილი გამართლდა, მაგრამ რა ულმობელი ყოფილა ბედი პირველის მიმართ: ამ თითქოს განგების მიერ ამორჩეულ ადგილს იქვე, მეზობლად, სვებედნიერი მეტოქე გამოუჩნდა და მთლიანად ჩაიფუშა პორტის კომერციული იმედები. რომ იტყვიან: „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო“.
ჩვენს თვალუწვდენელ მხარეში იშვიათად თუ შეხვდებით ცოტათი მაინც მნიშვნელოვან ისეთ ახალშენს, ნიუ-პორტივით უცვლელად რომ გაუძლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ბუნებრივ სიმდიდრეთა გამოყენებას. რადგან ამერიკის კონტინენტის ბუნებრივი სიმდიდრე ჯერ არ იყო ათვისებული, ბევრმა მდიდარმა სამხრეთელმა პლანტატორმა თვალი დაადგა წარმტაც კუნძულს, რომელზეც ნიუ-პორტია გაშენებული. სამხრეთის პაპანაქებასა და სხვადასხვა ავადმყოფობისგან გამორიდებულთათვის იგი ჩინებული თავშესაფარი გახლდათ. ნიუ-პორტში სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ხალხი ჩამოდიოდა ზღვის მარგებელი ჰაერის ჩასაყლაპავად. ორივე კაროლინისა და იამაიკის კუნძულების მცხოვრებნი, ერთი და იმავე სახელმწიფოს ქვეშევრდომნი, აქ ერთმანეთს აკვირდებოდნენ და იზიარებდნენ განსხვავებულ ზნე-ჩვეულებებს, მხარს უჭერდნენ ერთმანეთს საერთო მცდარ საქმეში, რომელსაც მათი შთამომავლობის მხოლოდ მესამე თაობა თუ შეიგნებდა და მოინანიებდა.
ამ ურთიერთობამ პურიტანების გამოუცდელ და გულუბრყვილო შთამომავლობაზე, ერთი მხრივ, კეთილისმყოფელი, ხოლო, მეორე მხრივ, მავნე გავლენა იქონია.
ამ ქვეყნის მოსახლეობამ შეძლო, დაენახა ის მნიშვნელოვანი შეხედულებანი, რომელიც ადამიანთა რასას ერთმანეთისგან თვისობრივად განასხვავებს. ურთიერთდაახლოებამ მათ ნაწილობრივ შეასწავლა ის ზრდილობა, ელეგანტური თავაზიანობა, რითაც ბრიტანეთის სამხრეთი კოლონიების არისტოკრატები გამოირჩეოდნენ. როდ-აილენდელებმა ახალ ინგლისში პირველებმა დათმეს წინაპართა ზნე-ჩვეულებები და შეხედულებანი და ამით პირველი ჭრილობა მიაყენეს მათ, რადგანაც მტკიცე და ულმობელი ადათ-წესები, ერთ დროს ჭეშმარიტი რწმენის გამოხატულებად რომ ითვლებოდა, ადამიანის ჯანმრთელი სულის საწინდარი გახლდათ.
გარემოებისა და ბუნებრივი თვისებების გასაოცარი შეხამების წყალობით, ნიუ-პორტის ვაჭრები მონათვაჭრებად და ჯენტლმენებად ერთდროულად იქცნენ.
როგორიც უნდა ყოფილიყო მოსახლეობის ზნეობრივი სახე 1759 წელს, იმ დროს, როდესაც თხრობა იწყება, თვითონ კუნძული არასოდეს ყოფილა უფრო წარმტაცი და განსაცვიფრებელი: საუკუნოვანი ტყეები კვლავ ამშვენებდნენ ამაყ მწვერვალებს, გაშლილ ველებს ჩრდილოეთის მაცოცხლებელი სიმწვანე ფარავდა, ხოლო მისი უბრალო, მაგრამ კოხტა და მოხერხებული კარ-მიდამოები ჭალებსა და ყვავილნარში იყო ჩაფლული. ამ ლამაზმა და ნაყოფიერმა ადგილმა სამართლიანაად დაიმსახურა სახელწოდება, რომელიც წარსულში მასში ნაგულისხმევზე გაცილებით მეტს გამოხატავდა: ხალხმა თავის სამფლობელოს „ამერიკის ბაღი“ შეარქვა; ხოლო მზით გადახრუკული სამხრეთის დაბლობებიდან მოსულმა სტუმრებმა სიამოვნებით შეისისხლხორცეს ეს ამაყი სახელი. ამ სახელწოდებამ ჩვენამდეც მოაღწია.
ასე უწოდებდნენ ამ ადგილს მანამ, ვიდრე მგზავრს საშუალება ჰქონდა დამტკბარიყო ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინათ ტევრებით დაფარული, თვალუწვდენელი, გაშლილი ლამაზი ველის მზერით.
ჩვენ მიერ ზემოთ მოხსენიებული წელი მეტად მნიშვნელოვანი იყო ბრიტანეთის კონტინენტური სამფლობელოსთვის. ხელმოცარულად და მარცხით დაწყებული სისხლისმღვრელი ომი ძლევამოსილ დასასრულს უახლოვდებოდა. საფრანგეთმა დაკარგა თავისი უკანასკნელი და უმნიშვნელოვანესი სამფლობელოები და ჰუძონის ყურესა და ესპანეთის კუთვნილ ტერიტორიას შორის მდებარე უზარმაზარ მხარეში ინგლისელები გაბატონდნენ. კოლონიის მკვიდრნი ძალიან უწყობდნენ ხელს სამშობლოს წარმატებას. ევროპელი მთავარსარდლობის მოუსაზრებლობითა და ცრურწმენით გამოწვეული დანაკლისი გამარჯვების ექსტაზში თანდათან დავიწყებას ეძლეოდა. ბრედოკის შეცდომები ლოუდონის უგულობამ, ებერკრ ომბის უნებისყოფობამ, ემერსტის მხნეობამ და ვულფის (ლაპარაკია იმ ინგლისელ მხედართმთავრებზე, რომლებიც ამერიკის კონტინენტზე საფრანგეთისა და მისი სამფლობელოს (კანადის) წინააღმდეგ იბრძოდნენ შვიდწლიანი ომის დროს (1753-1760), რის შედეგადაც კანადა ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა) გენიამ გამოისყიდა. ბრიტანული იარაღი თითქმის ყველგან იმარჯვებდა. განსაკუთრებული აღფრთოვანებით ზეიმობდნენ ერთგული კოლონისტები: ისინი შეგნებულად ხუჭავდნენ თვალს დიდების იმ ნაწილის უმნიშვნელობაზე, რომელსაც ყოველი ძლევამოსილი ერი უხალისოდ უთმობს თავის ხელქვეით ხალხს, რადგან პატივმოყვარეობა და სიხარბეც შემწყნარებლობის კვალობაზე იზრდებოდა.
ჩაგვრისა და ძალადობის სისტემა, რომელმაც დააჩქარა განხეთქილება მოვლენათა ბუნებრივი განვითარების გამო, ადრე თუ გვიან თავისთავად მაინც რომ მოხდებოდა, მაშინ ჯერ არ მოქმედებდა. დედასამშობლო სამართლიანობას თუ არა, შემწყნარებლობას მაინც იჩენდა. ყველა უძველესი და უდიდესი ერის მსგავსად, იგი საამო, საშიშ საქმეს -