თავი I
ნახე, გვეწვევა ავი ზამთარი
და თან მოჰყვება მძლავრი ამალა -
ბნელა ცა, ყინვა და ქარბუქები.
ტომსონი, „წელიწადის დრონი“
ნიუ-იორკის შტატის შიგ შუაგულში მდებარეობს ვრცელი მხარე, სადაც აზიდული მთები ფართო ხევებს ენაცვლებიან ან, როგორც მეტწილად წერენ ხოლმე გეოგრაფიულ წიგნებში, - სადაც მთები ბარს ენაცვლებიან. იქ, ამ მთათა შორის, მდინარე დელავარი იღებს სათავეს, ხოლო ბარში ათასობით კამკამა წყარო მოჩხრიალებს, გამჭვირვალე ტბებიდან მოედინებიან სწრაფი ნაკადულები, ეს ნაკადულები უდებენ სათავეს სასკუიხანას - შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე გოროზ მდინარეს.
მთათა ფერდობები და მწვერვალები დაფარულია ნაყოფიერი ნიადაგით, თუმცა ხშირად ნახავთ დაკბილულ კლდეებსაც, ამ მხარეს ძალზე რომანტიკულ და წარმტაც იერს რომ აძლევს. ველები არ არის ფართო, ყოველ მათგანზე მიედინება მდინარე, რომელიც რწყავს პოხიერ, კარგად დამუშავებულ ყანებს. მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე განლაგებულია ლამაზ-ლამაზი, შეძლებული სოფლები - ეს სოფლები იქ აღმოცენდებიან, სადაც უხერხდებათ, მისდიონ რაიმე ხელსაყრელ ხელობას; ველებზე, მთათა ფერდობებსა და მწვერვალებზეც კი მიმობნეულია უამრავი ფერმა, რომელთა პატრონებსაც, როგორც ჩანს, საქმე კარგად მიუდით და განცხრომითაც ცხოვრობენ. ყველგან მოჩანს გზები: გზები გაჭიმულია გაშლილ ველებზე და მიიკლაკნება ხევებისა თუ ფერდობების დახლართულ ლაბირინთში. მგზავრი, რომელიც პირველად ამოყოფს თავს ამ მხარეში, ყოველი რამდენიმე მილის შემდეგ შეამჩნევს „აკადემიას“ ან რომელიმე სხვა სასწავლებელს; ხოლო ეკლესიები და სამლოცველოები მოწმობენ აქაურ მკვიდრთა ჭეშმარიტ ღვთისმოსაობას და იმას, თუ რა მკაცრად იცავენ სინდისის თავისუფლებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ირგვლივ ყველაფერი მოწმობს, რას შეიძლება მიაღწიონ მკაცრი ჰავის მქონე თუნდაც ველურ მხარეში, თუ კანონები გონივრულია, ხოლო ყოველი ადამიანი ზრუნავს მთელი თემის სიკეთისთვის, ვინაიდან მის ნაწილად მიაჩნია თავი. თითოეული სახლი აქ პიონერის დროებითი ქოხი კი აღარაა, - ესაა მყარი საცხოვრებელი ფერმერისა, რომელმაც იცის, რომ მის ნეშტს მიიბარებს მიწა, რომელიც თავისი გუთნით გაუფხვიერებია; ანდა საცხოვრებელია მისი ვაჟისა, რომელიც აქ დაიბადა და გუნებაშიც არ გაუვლია, მიატოვოს ადგილი, სადაც მამამისი განისვენებს. არადა, სულ რაღაც ორმოციოდე წლის წინ აქ უღრანი ტყეები შრიალებდნენ.
მას აქეთ, რაც 1783 წლის საზავო ხელშეკრულებამ დაადასტურა შეერთებული შტატების დამოუკიდებლობა, მათი მოქალაქენი გამალებით შეუდგნენ თავიანთი თვალუწვდენელი ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეთა დაუფლებას. დამოუკიდებლობისთვის ომის დაწყებამდე ნიუ-იორკის კოლონიაში დასახლებული იყო მარტოოდენ მეათედი ნაწილი ტერიტორიისა - ვიწრო ზოლი გუძონისა და მოჰოკის შესართავის დაახლოებით ორმოცდაათი მილის გაყოლებაზე, კუნძულები: ნასაუ და სტატენი და რამდენიმე განსაკუთრებით ხელსაყრელი ადგილი მდინარეთა ნაპირებზე, - და სულ ორასი ათასი კაცი ცხოვრობდა. მაგრამ ზემოხსენებულ მცირე დროში ეს რიცხვი გაიზარდა მილიონ-ნახევარ კაცამდე, რომლებიც დასახლდნენ მთელ შტატში და შეძლებულად ცხოვრობენ, რადგან იციან, რომ საუკუნეები გავა, სანამ დადგება ის შავბნელი დრო, როდესაც მათი კუთვნილი მიწა მათ გამოკვებას ვეღარ შეძლებს.
ჩვენი თხრობა იწყება 1793 წელს, შვიდი წელია გასული მას მერე, რაც დაარსდა ერთ-ერთი პირველი დასახლებათაგანი, რომლებმაც შემდგომში ხელი შეუწყეს ნიუ-იორკის შტატის ესოდენ წარმტაც გარდაქმნას.
დეკემბრის ცივი დღე ილეოდა, ჩამავალი მზის ირიბი სხივები ანათებდნენ მარხილს, რომელიც ნელა ადიოდა ჩვენ მიერ აღწერილი ერთ-ერთი მთის ფერდობზე. წლის ამ დროისთვის საოცრად მზიანი დღე იდგა და ზეცის კამკამა სილაჟვარდეში მარტოოდენ ორიოდე ღრუბელი მიცურავდა, დედამიწის თოვლის საფრით არეკლილი შუქით კიდევ უფრო ქათქათა. გზა ხრამის პირს მიუყვებოდა; ერთ მხარეს გზას შეყენებული ძელფენილი ამაგრებდა, ხოლო მეორე მხარეს მთის ფერდობი იყო ჩამოკვეთილი, ასე რომ, იმ დროის ეკიპაჟებს თავისუფლად შეეძლოთ ზედ გავლა. მაგრამ ახლა გზაც და ძელფენილიც თოვლს დაეფარა. მარხილი ორი ფუტის სიღრმის ვიწრო ნაკვალევს მოუყვებოდა. ქვევით, სიღრმეში მდებარე ბარსა და მთათა ფერდობებზე ახალმოსახლეებს ტყე გაეჩეხათ, მაგრამ იქ, სადაც გზა მწვერვალს აღწევდა და სწორ პლატოს გასდევდა, ჯერ კიდევ შემორჩენილიყო ასწლოვანი ტევრი. ჰაერში მილიარდობით მოელვარე ბზინები ტრიალებდა, ხოლო მარხილში შებმული ქურანი ცხენების ფერდები ბუსუსიან თრთვილს დაეფარა. ცხენებს ნესტოებიდან ბოლქვ-ბოლქვად ამოსდიოდათ ორთქლი, მოგზაურთა ტანსაცმელი, ისევ როგორც ირგვლივ მთელი გარემო, იმას მეტყველებდა, რომ ზამთარს კარგა ხანია, ძალა მისცემოდა. მქრქალი შავი აღკაზმულობა ახლებურად არ პრიალებდა და შემკული იყო სპილენძის ვეებერთელა ბალთებითა და აბზინდებით, რომლებიც ოქროსავით აელვარდებოდნენ ხოლმე, როდესაც ზედ ხეთა ხშირ ტოტებში გამოღწეული მზის სხივები ეცემოდა. ცხენების ქედზე დადგმულ დიდ, ლურსმნებით შემოჭედილ უნაგირებზე მიმაგრებული იყო მაუდი, ნაოფლის მაგივრობას რომ სწევდა, იგივ უნაგირები საყრდენად ჰქონდა ოთხ კვადრატულ კოშკურას, რომლებშიც მაგარი ლაგამი იყო გაყრილი. ლაგამი მძლავრად ეჭირა მეეტლეს, ოციოდე წლის ზანგს. მის სახეს, ჩვეულებრივად