ჯეიმზ ფენიმორ კუპერი (1789-1851)
სათავგადასავლო ლიტერატურის კლასიკოსად ცნობილი ამერიკელი რომანისტი, პუბლიცისტი და სატირიკოსი ჯეიმზ ფენიმორ კუპერი ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ბერლინგტონში 1789 წლის 15 სექტემბერს დაიბადა. მომავალი მწერლის ამქვეყნად მოვლინებიდან მცირე ხნის შემდეგ მამამისი, შეძლებული მიწათმფლობელი და მოსამართლე უილიამ კუპერი ნიუ-იორკის შტატში გადავიდა საცხოვრებლად და დაბა კუპერსტაუნის არსებობას დაუდო სათავე.
ჯეიმზ ფენიმორმა პირველდაწყებითი განათლება ადგილობრივ სკოლაში მიიღო. შემდეგ სწავლა იელის უნივერსიტეტში განაგრძო, მაგრამ სრული კურსი არ გაუვლია, საზღვაო სამსახურს მიჰყო ხელი და ონტარიოს ტბაზე სამხედრო გემის მშენებლობაზე გაამწესეს.
1811 წელს კუპერმა ფრანგი სიუზან აუგუსტა დელანსი შეირთო ცოლად. სწორედ ცოლს უკავშირდება სამწერლო ასპარეზზე მისი გამოსვლის ფაქტი: გადმოცემის თანახმად, ერთხელ მეუღლისთვის რომელიღაც რომანის კითხვისას ფენიმორმა შენიშნა, რომ უკეთესად წერაც შეიძლებოდა. სიუზანი მის ნათქვამს ჩაეჭიდა, და კუპერმაც გადაწყვიტა, მისთვის დაემტკიცებინა, რომ ტყუილად როდი უტრაბახია. პირველი რომანის - „გაფრთხილების“ (Precaution) წერას სულ რამდენიმე კვირა მოანდომა.
იმ დროს (1820 წ.) უკვე საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო გაჩაღებული ინგლისელ და ამერიკელ ავტორებს შორის, და კუპერმა იფიქრა, რომ ინგლისელები მის მიმართ უარყოფითად განეწყობოდნენ, ამიტომ წიგნს თავისი გვარი არ დაურთო და ნაწარმოებში მოქმედებაც ინგლისში გადაიტანა. სწორედ ამ გარემოებამ გაუწია ცუდი სამსახური: ინგლისელმა კრიტიკოსებმა ინგლისის ცხოვრების ზედაპირულ ცოდნაში გამოიჭირეს...
კუპერის მეორე რომანი - „ჯაშუში“ მომდევნო წელს გამოვიდა და უდიდესი წარმატება ხვდა წილად როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში. მას მოჰყვა მთელი სერია ამერიკული ცხოვრების ამსახველი რომანებისა, რომლებშიც კუპერი კონტინენტზე ჩამოსული ევროპელებისა და ძირძველი ინდიელი მოსახლეობის ბრძოლით აღსავსე ცხოვრება ასახა: „პიონერები“, „უკანასკნელი მოჰიკანი“, „პრერია“, „კვალის მაძიებელი“, „ნადირთმჟლეტი“. რომანების ამ სერიას იმდენად დიდი პოპულარობა ხვდა წილად, რომ ინგლისელმა კრიტიკოსებმაც კი აღიარეს ავტორის ნიჭიერება, რაც მისთვის „ამერიკელი უოლტერ სკოტის“ სახელის მინიჭებით გამოხატეს.
1820-იანი წლების მეორე ნახევარში კუპერი ევროპაში გაემგზავრა, სადაც 7 წელი გაატარა და შედეგად, რამდენიმე რომანი დაწერა („ბრავო ანუ ვენეციაში“, „ჯალათი“, „კასტილიელი მერსედესი“. მწერლის კალამს რამდენიმე საზღვაო თხზულებაც ეკუთვნის, მათ შორის - რომანი „წითელი კორსარი“, რომელიც „ჩემი რჩეული მსოფლიოს“ ამ ტომეულში შევიტანეთ.
სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ქართველ მკითხველს განსაკუთრებულად უყვარს კუპერის „უკანასკნელი მოჰიკანი“, რომელიც ამერიკელ ინდიელთა ცხოვრებისა და ხასიათის ამსახველი ერთ-ერთი პირველი რომანია. ამიტომაც ის არაერთგზის გამოცემულა და მრავალი კინოეკრანიზაციის ლიტერატურულ პირველწყაროდაც ქცეულა.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ჯეიმზ ფენიმორ კუპერის ინტერესთა სფერო სათავგადასავლო ჟანრის ფარგლებს სცილდებოდა. ევროპიდან დაბრუნების შემდეგ მან დაწერა: პოლიტიკური ალეგორია „მონიკინები“, მოგზაურის ჩანაწერების ხუთი ტომი, პამფლეტი „ამერიკელი დემოკრატი“ და „ამერიკული ფლოტის ისტორია“, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგან მიუკერძოებლობისკენ ავტორის მიდრეკილება არც თანამემამულეებმა დაუფასეს და არც ინგლისელებმა და, როგორც ლიტერატურის ისტორიკოსები აღნიშნავენ, ამ წიგნის გარშემო ატეხილმა პოლემიკამ სიცოცხლის უკანასკნელი წლები ჩაუშხამა.
ჯეიმზ ფენიმორ კუპერი 1851 წლის 14 სექტემბერს ღვიძლის ციროზით გარდაიცვალა.